Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-71(2კ-23) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელეები) – ნ. ა-ე, თ. მ-ე, არასრულწლოვანი ნ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-ემ, თ. მ-ემ და არასრულწლოვანმა ნ. მ-ემ 2020 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „ნ. ა-ეის, თ. მ-ეის, არასრულწლოვანი ნ. მ-ეის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის №913/9 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 08 აპრილის №482 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ნ. ა-ეის, თ. მ-ეის და არასრულწლოვანი ნ. მ-ეის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა-ეის, თ. მ-ეის, არასრულწლოვანი ნ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. ა-ეის, თ. მ-ეის, არასრულწლოვანი ნ. მ-ეის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის №913/9 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 08 აპრილის №482 ბრძანება; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების - ნ. ა-ეის, თ. მ-ეის, არასრულწლოვანი ნ. მ-ეის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე; აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრების თანახმად, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლი ზუსტად განსაზღვრავდა იმ კრიტერიუმებს, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს ქმნიდა. კერძოდ, ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის სახელზე საკუთრების არარსებობა და რეგისტრირებული შემოსავლის არარსებობა, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, იგი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ უნდა ყოფილიყო საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.

კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ განიხილა მოსარჩელეების განცხადება და მათ უარი ეთქვათ უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაუკმაყოფილებლობის გამო, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 03 ივლისის N188739 წერილით დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: თერჯოლის რაიონში, სოფელ ...ში, ს/კ N..., ფართობი - 3460,00 კვ/მ, რეგისტრირებულია თა. მ-ეის და თ. მ-ეის საკუთრების უფლება. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „ლ...დან“ საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელე ნ. ა-ეის ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 5950,17 და 150 ლარი. შესაბამისად, სადავო აქტებით მოსარჩელეთა ოჯახს კანონიერად ეთქვა უარი უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის ოჯახისთვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28), რომლითაც რეგულირდებოდა პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. იმავე წესით განსაზღვრული იყო რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული იყო უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით რეგისტრაციის კრიტერიუმები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდებოდა, თუ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდებოდა, თუ ოჯახს არ გააჩნდა რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებდა, რომ აღნიშნული შემოსავალი არ იყო საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. ა-ეის ოჯახს უარი ეთქვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის მოტივით; კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: თერჯოლის რაიონი, სოფელი ... (...), ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, დაზუსტებული ფართობი - 3460,00 კვ/მ, ს/კ N... რეგისტრირებულია თა. მ-ეის და თ. მ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: საარქივო ცნობა N..., დამოწმების თარიღი 09.06.2015წ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, ზესტაფონის არქივი. სამკვიდრო მოწმობა N..., დამოწმების თარიღი 29.02.2016წ. ნოტარიუსი ნ. ს-ე. მოსარჩელეთა საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვის თაობაზე საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ასევე დადგენილია, რომ სააქციო საზოგადოება „ლ...ში“, 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელე ნ. ა-ეის ჯამურმა კრედიტმა შეადგინა 150 ლარი და 5950,17 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოჯახის შემოსავლის ობიექტურად განსაზღვრა და ასევე იმის გათვალისწინება, რომ თ. მ-ეის წილობრივად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ მოიცავს საცხოვრებელ სახლს (აღნიშნულ გარემოებას კასატორი საკასაციო საჩივარში სადავოდ არ ხდის). პალატის მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ამ წესის მიზნებიდან (თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა) გამომდინარე ითვალისწინებს საცხოვრებლის ქონას ან მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებით საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობას, რა გარემოებაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა ოჯახის წევრებზე ბანკიდან გაცემული სესხი და კრედიტი არასწორად მიიჩნია საერთო შემოსავლებში, რადგან დასტურდება, რომ მოსარჩელეთა შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფო პენსია და სოციალური დახმარება, ხოლო მოპასუხეთა მიერ ერთიან შემოსავლად მიჩნეულია, 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საპენსიო სესხის სახით თანხის მიღება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ა-ემ სესხის სახით, წინასწარ მიიღო კუთვნილი პენსია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისარგებლა ,,პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით. ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ სეხის საფუძველზე მიღებული თანხა, სასესხო ვალდებულების არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემოსავლად, რადგან, საბოლოოდ, სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი მსესხებლის საკუთრებაში არ რჩება და ისევ ბანკს უნდა დაუბრუნდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე უტყუარად დადასტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის მოსარჩელეთა ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა