Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1203(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ნ. ტ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ტ-იმა 2020 წლის 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის N03-2040/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის N03-2040/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელოვანი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გარემოებები; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 28 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი და დასკვნა, სადაც განმარტებულია იმ საფუძვლების შესახებ, რაც გახდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელე ... წელს დაიბადა ქ. გორში, 1998-2010 წლებში სწავლობდა გორის რაიონის სოფელ ...ში, დაბადებიდან 2013 წლამდე მშობლების სახლში ცხოვრობდა სოფელ ...ში. 2013 წლიდან კი ცხოვრობს ბათუმში. რაც შეეხება მოსარჩელის მამას - ნ. ტ-ის, მას დევნილის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი პირი იყო. ამასთან, საქმის გარემოებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს არასდროს უცხოვრია თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, იქ მხოლოდ ბავშვობაში ჩადიოდა სტუმრად, ხოლო, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, წარმოადგენდა გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სახლი, რომელიც მშობლების საკუთრებაა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას არსებითად მნიშვნელოვანია პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, მისი ძირითადი ადგილსამყოფელი დადგენა, რომელთანაც იგი დაკავშირებულია ყოველდღიური ყოფით, განსახილველ დავაში უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის ამგვარ ადგილს გორის რაიონის სოფელი ...ში მდებარე, მშობლების კუთვნილი სახლი წარმოადგენდა, სადაც ის დაბადებიდან ... წლიდან 2013 წლამდე ცხოვრობდა მუდმივად და რასაც თავადვე ადასტურებდა გასაუბრების დროს.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, კასატორი საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მოსარჩელის მამამ დევნილის სტატუსი მიიღო შვილის სრულწლოვანებისას და აღნიშნავს, რომ მამა არასრულწლოვანი შვილებისთვის ვერ შეძლებდა სტატუსის მინიჭებას, იმდენად, რამდენადაც, იმ პერიოდისთვის თვითონაც არ წარმოადგენდა დევნილის სტატუსის მატარებელ პირს. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელის მტკიცება იმასთან მიმართებით, რომ ვინაიდან მამას სტატუსი გააჩნდა, ამიტომ, მის შვილსაც, რომელიც უკვე სრულწლოვანი იყო, უნდა მიეღო სტატუსი, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო პირის არასრულწლოვანებისას სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, კანონმდებელი ითვალისწინებს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის სავალდებულოობას, რა უფლების რეალიზება არასრულწლოვანს სრულწლოვანების მიღწევისას შეუძლია. შესაბამისად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობაა, მიუხედავად მისი ასაკისა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, შვილის სრულწლოვანების შემთხვევაში დევნილის სტატუსის მინიჭების შეუძლებლობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ იგი დაბადებულია ... წელს და არ უცხოვრია სოფ. ...ში. ამასთან, მის მშობელს (მამას) დევნილის სტატუსი მიენიჭა 2016 წელს, როდესაც იგი უკვე სრულწლოვანი იყო. ამდენად, მასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ჩატარებული გასაუბრების შედეგად შევსებულ კითხვარზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ნ. ტ-ი დაიბადა ... წელს ქ. გორში. 1998-2010წწ. სწავლობდა გორის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. 2014 წელს დაოჯახდა. დაბადებიდან 2013 წლამდე ცხოვრობდა სოფელ ...ში მშობლების სახლში. 2013 წლიდან კი ცხოვრობს ქ. ბათუმში. ამჟამად გარდაცვლილი მამა - ნ. ტ-ი იყო დევნილი და შესაბამისი სტატუსის მიენიჭა 2016 წელს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. ამდენად, მოსარჩელის მამა შეზღუდული არ იყო რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღო ამგვარი სტატუსი, რაც თავის მხრივ გავლენას ვერ იქონიებს შვილის სტატუსის მინიჭებაზე, მისი ასაკის მიუხედავად. მართალია, ნ. ტ-ის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მაშინ როდესაც, მოსარჩელის მამას მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, სახეზეა იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობა - ერთ-ერთი მშობლის დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ისათვის ზემოაღნიშნული საფუძვლით დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტი გამოცემულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა