საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1419(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. დ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ემ 2020 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 იანვრის N03-216/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მ. დ-ეის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. დ-ე სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. დ-ეისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 იანვრის N03-216/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ. დ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
კასატორის განმარტებით, მ. დ-ემ 2019 წლის 28 ნოემბერს N166737 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენა, რომელიც შეწყვეტილი ჰქონდა დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო (მ. დ-ეს ასევე არ გაუვლია მინისტრის N714 ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია). მხარის განცხადების საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად შესასწავლად სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმას, რომ მას იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც.
კასატორის განმარტებით, წარმოების პროცესში მ. დ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება 2019 წლის 28 ნოემბერს. ჩატარებული გასაუბრების და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოდან მიღებული წერილის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე. გასაუბრების დროს მ. დ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. გაგრაში. 1991 წელს დაამთავრა კოლხიდის საშუალო სკოლა. დაოჯახდა 1991 წელს მეუღლე, პ. გ-ე, დაბადებული ქ. ხონში, გარდაიცვალა 1993 წელს. ჰყავს შვილი-შ. გ-ე, დაბადებული ... წელს ქ. ხონში (აქვს დევნილის სტატუსი). მ. დ-ეის თქმით, დაოჯახების შემდეგ მეუღლესთან ერთად ერთი წელი ცხოვრობდა გაგრაში მისი მშობლების სახლში, ხოლო ...-1993 წლებში მეუღლის გარდაცვალებამდე ქ. ხონში მეუღლის მშობლებთან. მ. დ-ეის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დამატებითი მოკვლევის მიზნით, სააგენტომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ეცნობებინათ ცხოვრობდა თუ არა მ. დ-ე 1991-1993 წლებში მისამართზე: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., მეუღლესთან-პ. გ-ესთან ერთად. წერილის პასუხად, 2020 წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოდან მიღებული N1050 წერილში აღნიშნულია, რომ 1991-1993 წლებში მ. დ-ე მეუღლესთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში. აღნიშნული წერილითვე სააგენტოს გაეგზავნა 2020 წლის 10 იანვრის გასაუბრების ოქმი, რომელიც შედგა ...ში მცხოვრებ ... წელს დაბადებულ თ. გ-ესთან. მან განაცხადა, რომ მ. დ-ე იყო მისი ძმის მეუღლე და 1991-1993 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მეუღლესთან - პ. გ-ესთან ერთად.
საქმეში არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ მ. დ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა ქ. გაგრა. სააგენტოსთვის ცნობილი არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. დ-ე 1991 წლიდან დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. დაოჯახდა 1991 წელს და მას შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის მშობლების სახლში სოფ. ...ში. მის მიერ აფხაზეთის დატოვების მიზეზი არ ყოფილა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. შესაბამისად, სააგენტომ მხარისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია) და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სააგენტო. ასევე, „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. იგი ადგენს პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესს. სააგენტო თავის მხრივ დადგენილი ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს, რადგან ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად. მე-13 მუხლის თანახმად საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. ამდენად, მინისტრის N287 ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად.
სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის N03-216/ო ბრძანება არის კანონიერი. ვინაიდან, მ. დ-ესთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მ. დ-ეის მიერ გასაჩივრებულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 იანვრის N03-216/ო ბრძანება, რომლის გამოცემის ძირითად საფუძვლად კასატორი მიუთითებს მ. დ-ეის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დაუდასტურებლობაზე. ამრიგად, საკასაციო პალატის მიერ შესაფასებელია, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ დევნილის სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა ვერ გახდება სადავო აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველი, რადგან სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სტატუსის აღდგენას; კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის) საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. ამდენად, დევნილის სტატუსის აღდგენის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის წარმოშობა შესაძლებელია პირის მიერ წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაშიც, თუ ის აკმაყოფილებს სტატუსის მისანიჭებლად დადგენილ წინაპირობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ასევე ამავე საფუძვლით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის ცნებას, იმავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებულია როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში, მ. დ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისთვის საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული მოსარჩელის კლასელის - ბ. წ-ის, მოსარჩელის მამის - გ. დ-ეისა და მ. დ-ეის გარდაცვლილი მეუღლის ძმის - თ. გ-ეის განმარტებაზე, რომელთაც დაადასტურეს დევნილობამდე მ. დ-ეის 1991-... წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი და დეტალურად აღწერეს აღნიშნული გარემოება. აღსანიშნავია, რომ თ. გ-ესთან გასაუბრების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს მიერ 2020 წლის 11 იანვარს შედგენილ N1050 წერილში მითითებული გარემოება (1991-1993 წლებში მ. დ-ეის ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში ცხოვრების შესახებ), რაც ძირითადად გახდა მ. დ-ეის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი, თ. გ-ემ მოწმის სტატუსით დაკითხვისას არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ოქმზე ხელი წაკითხვის გარეშე მოაწერა, ამასთან, შესაძლებელია ოქმის შემდგენს სწორად ვერ გაეგო მისი ნათქვამი. საქმის მასალებით ისიც დადასტურებულია, რომ სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის დროისათვის მოსარჩელის ოჯახის წევრები სტატუსის მფლობელები იყვნენ.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ დასტურდება მოსარჩელის - მ. დ-ეის აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ის, რომ მან აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა