საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1455(კ-22) 1 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-იმა 2021 წლის 1 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 18 მაისის №03-1766/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 18 მაისის №03-1766/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მოპასუხეს ასევე მოსარჩელე ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
კასატორის განმარტებით, მოცემული საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ. მ-ი ფლობდა საკუთრებას მისამართზე: ქ. გორში, ...ის ქ. კორპ N..., ბინა N2-ში 2008 წლიდან, რომელიც მოსარჩელის შვილმა დ. მ-იმა 2014 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. აღნიშნული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წელს გასხვისდა გ. გ-იზე. ნ. მ-ის მიერ გაკეთებული განაცხადის განხილვის მიზნით, ზემოაღნიშნულ მისამართზე 2019 წლის 30 მაისს განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის განმარტებით, ქ. გორში, ...ის ქ. კორპ N..., ბინა N2-ში ცხოვრობენ 1997 წლიდან ქირის გარეშე შვილის დ. მ-იის საკუთრებაში. ოჯახის შემადგენლობაში შედიან მოსარჩელე ნ. მ-ი, მისი მეუღლე ც. მ-ი, შვილები დ. მ-იი და ნა. მ-ი, რძალი ლ. მ-ე, შვილიშვილები ა. და ნ. მ-იები. მონიტორინგის სამსახურის მიერ 2019 და 2020 წლებში განხორციელდა მონიტორინგი მოსარჩელის მისამართზე. ოჯახი იგივე შემადგენლობით იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, ამდენად, „საქართველოს გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ოჯახს. თავის მხრივ, ნ. მ-ის შვილი დ. მ-იი ცალკე აკეთებს განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააგენტომ მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელა და 2020 წლის 29 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელეს უარი უთხრა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, რადგან მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ 2021 წლის 18 მაისს გამოიცა ბრძანება N03-1766/ო.
რაც შეეხება ადვოკატის ხარჯების დაკისრების საკითხს, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ნაცვლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს განსახილველი დავის სირთულეს არაქონებრივი დავის შემთხვევაში დაკისრებული თანხის ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხის ოდენობა არაგონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის, რაც სასამართლოსთვისაც ცნობილია და თავად სასამართლოები აღნიშნავენ ამის შესახებ. ამასვე მოწმობს ის გარემოება, რომ ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა, რომელიც იყო მოსამზადებელი და ამავე სხდომაზე პროცესი გადაიზარდა მთავარ სხდომაში, სხდომა არ გაგრძელებულა ნახევარ საათზე მეტი. აგრეთვე, სასამართლომ გადაწყვეტილება დარბაზიდან გაუსვლელად მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს განსახილველი საქმის სიმარტივეს. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ დღეისათვის ბევრი უფასო იურიდიული დახმარების ბიურო ფუნქციონირებს, რომლებიც უშუალოდ დევნილთა საკითხებზე მუშაობენ სრულიად უსასყიდლოდ. მართალია, მხარეს აქვს არჩევანის თავისუფლება თუ ვის მიანდობს მისი უფლებების სასამართლო წესით დაცვას, თუმცა მხარის თავისუფალი ნების გამოხატვა ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა დააწვეს შეუსაბამო ფინანსურ ტვირთად. ზემომითითებული ნორმა კი ითვალისწინებს გონივრულობის პრინციპს, რაც კასატორის მოსაზრებით არ არის დაცული. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ თანხის დაკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს აწვება ფინანსურ ტვირთად. სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით 200 ლარს არ აღემატება დაკისრებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება, რადგან სააგენტოს აქტი კანონიერია და მხარეს სააგენტოს მოქმედებით ზიანი არ მისდგომია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. მ-ის მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №03-1766/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში;
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ი 2008 წლიდან ფლობდა საკუთრებას და 2014 წელს გაასხვისა შვილზე და მას შემდეგ ცხოვრობს შვილის ოჯახთან ქ. გორში, ...ის ქ. N...-ში ბინა N2-ში, რომელიც თავის მხრივ, მოსარჩელე ნ. მ-ის შვილმა - დ. მ-იმა გაასხვისა 2020 წლის 24 იანვარს. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროიდან დღემდე საკუთრებაში არა აქვს უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინა.
განაცხადის განხილვის შედეგად, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შვილის სახელზე უძრავი ქონება გასხვისდა ფორმალურად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 18 მაისის №03-1766/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახს ეთქვა უარი შვილზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო - ამ ეტაპზე არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ნ. მ-ის ოჯახი შეფასდა 1,5 ქულით. მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, დადგენილია, რომ ერთ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1.5 და მეტი ქულა.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან 2014 წელს და 2020 წელს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად და მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ნ. მ-ის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება შვილზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. მოსარჩლის მითითებით, საცხოვრებელი ბინის გასხვისება მოუწიათ მისი ჯანმრთერლობის მდგომარეობიდან გამომდინარე. პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან, შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ნ. მ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამო, ვერ განხორციელდა ნ. მ-ის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც 2021 წლის 18 მაისის №03-1766/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - სალარო შემოსავლის ორდერით დასტურდება ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა 500 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. ამდენად, კასატორის მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა; იმ პირობებში, როდესაც ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სახეზეა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ხარჯის გათვალისწინებით, გონივრულია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა