Facebook Twitter

საქმე #ბს-1245(კ-22) 11 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 26 მარტს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 თებერვლის #... წერილის თანახმად, 2016 წლის 25 მაისს მოქალაქე ე. ჰ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა ე. ჰ-იის საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაწილეობის და ინფორმირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია 1996 წლის ტყეთმოწყობის მასალებით და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს #240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, მდებარეობდა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში. საკუთრებაში რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, 2016 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ხსენებული ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ზ. გ-ის, ხოლო 2019 წლის 28 თებერვალს ნაკვეთი კვლავ გასხვისდა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იგი საკუთრებაში გადაეცა ჰ. ა-ის.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის #..., 2016 წლის 15 ივნისის #... და 2019 წლის 28 თებერვლის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ა. ა-ის ნაკვეთის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. ჰ-იი, ზ. გ-ი, ჰ. ა-ი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ა-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე და აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადგენილი იყო, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას - ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 26 აგვისტოს #71 დადგენილება, გამოცემული იყო 2012 წლის 1 იანვრამდე, რომელიც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. ამასთან, ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღები იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 7 ივნისის #147 მიმართვა შედგენილია დარღვევებით, კერძოდ, მასში მითითებულია ე. ჰ-იის საკუთრების უფლებაზე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის იდენტურობა დადგენილია დარღვევით, რადგან საკადასტრო აღწერაზე დამსწრე ერთადერთი პირი არის თავად ე. ჰ-იი, შესაბამისად, მისივე მითითებით აზომვითი ნახაზის შედგენა ნებისმიერ ადგილას იყო შესაძლებელი.

კასატორის შეფასებით, ზემოაღნიშნული რეგისტრაცია, ასევე, ეწინააღმდეგება აქტის გამოცემის დროს მოქმედ ტყის კოდექსს, რამდენადაც დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის (სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები) თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს. კასატორის მითითებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობის ამორიცხვის ფაქტის შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სულ სხვა პროცედურით (და არა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაზუსტებული საკადასტრო ნახაზების წარდგენის გზით), რომელშიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა, ასევე, მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებები და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

კასატორი მიუთითებს ტყის ფონდის 31-ე მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ კოორდინატებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს ცვლის, უკავშირდება თავად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობას, რაც, ასევე, არ განხორციელებულა. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თვალსაზრისითაც კანონშეუსაბამოა.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი - სადავო მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), ე. ჰ-იის საკუთრებაში დარეგისტრირდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ყოველი შემდგომი ქმედება, რომელიც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებას, უკანონოდ ითვლება, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემდგომში განხორციელებული რეგისტრაციები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, რომლითაც სადავო უძრავი ქონება სხვადასხვა პერიოდში მესამე პირთა საკუთრებაში აღირიცხა, გამოცემულია ასეთივე დარღვევით.

კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, საკანონმდებლო ჩანაწერი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ დოკუმენტის შედგენის თარიღზე, არამედ ასევე მიუთითებს, რომ იგი უნდა წარმოშობდეს საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის #..., 2016 წლის 15 ივნისის #..., 2019 წლის 28 თებერვლის #... და 2022 წლის 10 თებერვლის #... გადაწყვეტილებების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 თებერვლის #... წერილის თანახმად, 2016 წლის 25 მაისს ე. ჰ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის #... გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) დარეგისტრირდა ე. ჰ-იის საკუთრების უფლება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის #... გადაწყვეტილების საფუძველს, უფლების დამდგენ დოკუმენტს, წარმოადგენს ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 26 აგვისტოს #71 დადგენილება, რომლითაც ე. ჰ-ის ნინოწმინდის რაიონის სოფელ ...ში, ტყეებს შორის გამოეყო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 7 ივნისის #147 მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ე. ჰ-იის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1500 კვ.მ, ნამდვილად საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილ ადგილზეა. შემდგომი რეგისტრაციები კი, რომელთა მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ზ. გ-ი, ჰ. ა-ი და ა. ა-ი, განხორციელებულია ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებებს და და მათ საწინააღმდეგოდ, მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი.

განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ე. ჰ-იის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, რომელსაც უფლების დამდგენ დოკუმენტად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 26 აგვისტოს #71 დადგენილება და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 7 ივნისის #147 მიმართვა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას - ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1992 წლის 26 აგვისტოს #71 დადგენილება, გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე, რომელიც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სადავოდ ქცეულ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, რომლითაც ე. ჰ-იის მიერ საკუთრების რეგისტრაციის შემდგომ, ნასყიდობის ხეშლეკრულებების საფუძველზე, განხორციელდა სადავო ნაკვეთის შემდგომი რეგისტრაციები ახალ მესაკუთრეებზე 2016, 2019 და 2022 წლებში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე ხაზგასმას. ასევე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო უძრავი ქონების თავდაპირველი რეგისტრაცია, არ არსებობს სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით ძალაში მყოფი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) 27.12.2022წ. #29408 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.12.2022წ. #29408 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა