ბს-1265(კ-22) 24 მაისი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ამ 18.10.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 25.05.2021წ. წერილის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.06.2021წ. აქტის ბათილად ცნობის და სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის მაისიდან პენსიის აღდგენამდე - 2021 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.05.2021წ. აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.06.2021წ. აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ა. კ-ას სასარგებლოდ პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან - 2017 წლის 1 მაისიდან, პენსიის აღდგენამდე - 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 01 მაისიდან პენსიის შეჩერების შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის რაიმე ფორმით მიწოდება არ დასტურდება, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელის ინფორმირების დამდგენი მტკიცებულებები. შესაბამისად, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები ა. კ-ას არ ჩაბარებია, ამასთან, მისთვის არ გაგზავნილა მოკლე ტექსტური შეწტყობინება და სხვა რაიმე ინფორმაციის შემცველი წერილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.05.2017წ. Nბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის აქტის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება ან გასაჩვრება. კანონმდებლობა არ შეიცავს მითითებას პენსიის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის ოფიციალური გაცნობის სპეციალურ წესზე, რაც ამ შემთხვევაზე სზაკ-ის გავრცელების საჭიროებას ადასტურებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ, კანონსაწინააღმდეგოა როგორც პენსიის შეჩერება, ასევე შეწყვეტა, რაც მიუღებელი პენსიის აზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის. სარჩელი არ იქნა მიჩნეული ხანდაზმულად იმ საფუძვლით, რომ არ დადგინა აქტების მოსარჩელისათვის ჩაბარების კონკრეტული დრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ პენსიის შეჩერება და შეწყვეტა განხორციელდა კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების დადგომის შედეგად. სარჩელი ხანდაზმულია, რადგან პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით თითოეულ შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური გასაცემლის დარიცხვის შეწყვეტას, რაზეც ეცნობა მხარეს. ზეპირი აქტების წერილობით გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია, ამასთან უკანონოდ არ იზღუდება მისი ინტერესები. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების წერილობითი ფორმით გამოცემის საჭიროებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბენეფიციარის მოთხოვნის შემთხვევაში, მას მიეწოდებოდა სააგენტოს შიდა ჟურნალში დაფიქსირებული მონაცემი. ა. კ-ას არ ჰქონდა შეზღუდული თავისი საპენსიო ანგარიშის შემოწმების შესაძლებლობა, შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში მისთვის ცნობილი გახდებოდა პენსიის დარიცხვის შეწყვეტის შესახებ. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ორგანოს გადაწყვეტილებები სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა თუ შეწყვეტის შესახებ შედეგის დადგომიდან 1 თვის ვადაში ა. კ-ას არ გაუსაჩივრებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრებები სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აქტის შესახებ ადრესატის ინფორმირების ვალდებულების არარსებობის თაობაზე ეწინააღმდეგება საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და საკასაციო პალატის მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას. საკასაციო პალატის მიერ არაერთგზის (იხ. სუსგ 25.05.2017წ. Nბს-365-360 (კ-16), 25.05.2017წ. Nბს-815-807(კ-16), 25.01.2018წ. Nბს-236-234 (კ-16) და სხვ.) განიმარტა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები თავისთავად არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს, რომ შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი პენსიის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს ავალდებულებს პენსიის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, დანიშნული პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საკითხებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით უნდა წყდებოდეს,- სპეციალურ ნორმატიულ მოწესრიგებაში აღნიშნულის შესახებ პირდაპირი მითითების არ არსებობის მიუხედავად.
პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას სზაკ-ით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა (მე-13, 95-ე მუხ.), საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა (53-ე მუხ.) და სხვ.. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლების და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 24.06.1993წ. N14518/89 საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“(Schuler-Zgraggen v. Switzerland, §58); 12.11.02წ. N28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“(Dory v. Sweden, §41)), აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საყოველთაობის, მუდმივობის, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპების (მე-3 მუხ.) გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (სზაკ-ის 76.1 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი), მით უფრო ვალდებულს ხდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს დაეცვა ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მოთხოვნები.
სზაკ-ის 51.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. უკეთუ ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან თუ დაინტერესებული მხარე აქტის წერილობითი ფორმით გამოცემას მოითხოვს, ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით (სზაკ-ის 51.2 მუხ.). სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა ზღუდავს მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. ფულადი სოციალური დახმარება, რომლის მეშვეობით სახელმწიფო ელემენტარული საარსებო პირობების შექმნით ზრუნავს პენსიონერზე, არის მიზნობრივი, პერიოდული სოციალური სუბსიდიით პენსიონერის უზრუნველყოფა. პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის მიღებას. პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე პირის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ა. კ-ას, როგორც პენსიონერს, მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის სამისდღემშიოდ, პერიოდული მიღების უფლება, პენსიაზე გასვლით მოსარჩელის უფლებამ დასრულებული სახე მიიღო. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის აქტები არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას და არ იყო საჭირო აქტების წერილობითი ფორმით გამოცემა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველთვიური სარგოს შეწყვეტის შესახებ პირადი საპენსიო ანგარიშიდან დადგენის შესაძლებლობა არ ადასტურებს პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის კანონიერებას. სახელმწიფო პენსიის შეჩერება და შეწყვეტა ხდება არა რეალაქტის, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე მითითებას პენსიის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის განსაკუთრებულ წესზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური რეგულიაციის არარსებობის შემთხვევაში მოქმედებს სზაკ-ით დადგენილი წესები. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადრესატისათვის აქტის გაცნობა რომელიმე ნორმატიულად დადგენილი საშუალებით. შიდა მოხმარების დოკუმენტში შეჩერება-შეწყვეტის ფიქსაცია ვერ იქნება მიჩნეული ოფიციალური გაცნობის სახეობად - საჯარო გამოცხადებად, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსება (სზაკ-ის 57-ე მუხ.). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად არ დასტურდება აგრეთვე მათი ძალაში შესვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების წერილობითი ფორმით გამოცემა, ნორმატიულად დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, წარმოების დაწყების, მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ ა. კ-ას ინფორმირება, დგინდება, რომ პენსიის შეჩერება და შეწყვეტა განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ნორმატიულად დადგენილი წესების უგულებელყოფით გამოცემული ზეპირი აქტების საფუძველზე, რომელთა ძალაში შესვლა არ მომხდარა, შესაბამისად, მათ არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი, მათ შორის ყოველთვიური გასაცემლის - პენსიის დარიცხვის შეჩერება. ამდენად, მართებულია ა. კ-ას მოთხოვნა პენსიის მიუღებელი ოდენობის ანაზღაურების შესახებ, რადგან პენსიის ფაქტობრივ შეჩერებასა და შეწყვეტას არ ჰქონდა შესაბამისი საფუძველი - სათანადო წესითა და ფორმით გამოცემული, ძალაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონით დადგენილი ზოგად-აბსტრაქტული დანაწესების კონკრეტულ შემთხვევაზე ინდივიდუალიზაციას მოახდენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი