საქმე Nბს-305(გ-23) 24 მაისი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურმა 02.02.2023წ. განცხადებით მიმართა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს და წარადგინა მ. ო-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49.1, 512 მულებით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტებზე შედგენილი N... სამართალდარღვევის ოქმი. განმცხადებელმა იშუამდგომლა სახდელის დადებისას დამრღვევისთვის გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო საქმე განსახილველად გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2023წ. განჩინებით მ. ო-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ქ. ბოლნისში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს. აღნიშნული კი თავის მხრივ აისახება ასკ-ის 26-ე მუხლში, რომელიც ადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვას. სამართალდარღვევა ჩადენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. N299 დადგენილებით დამტკიცებული საზღვრების მიხედვით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის ...ის სატყეოში (კვ. 6, ლიტ. 3), სადაც შესაძლებელია ფიქსირდებოდეს შენობა-ნაგებობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად უნდა გადაეცეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 20.03.2023წ. განჩინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის უფროსის მიერ მ. ო-ის მიმართ შედგა N... სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მ. ო-ის, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბნი-მარნეულის სატყეო უბნის ...ის სატყეოში კვ. N..., ლიტ. N...-ში, უკანონოდ აქვს მითვისებული 999 კვ.მ. სახელმწიფო ტყის ტერიტორია, სადაც აშენებულია შენობა-ნაგებობა. სამართალდარღვევის ოქმით, ქმედება შეფასდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512, 49.1 მუხლებით. საქმეში დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.22წ N224567 წერილის თანახმად, სააგენტოში მიმდინარეობს მ. ო-ის N... სარეგისტრაციო განცხადების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთის მისამართია: გარდაბანი, .... საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე N... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ტყის მასივის კონტურთან არსებული ზედდების ამსახველი სურათი, მისამართად მითითებულია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. .... ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე – 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512, 49.1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ექცევა იმ კატეგორიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს შორის, რომლებიც განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. სასამართლომ საქმეში დაცული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. .... სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილების 3.5 მუხლზე, რომლის თანახმად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამავე გადაწყვეტილების 16.2. მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით (ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 2 მოსამართლით, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში), რაც თავის მხრივ, ემთხვევა სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს (გარდაბანს). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლო არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო, ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს (გარდაბნის მაგისტრატი) განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებისა და ბოლნისის რაიონული სასაართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა, როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზოგადი წესის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას (261.1 მუხ.), თუმცა დადგენილია გამონაკლისი კოდექსის 1151−1163, 118-ე−123-ე, 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.2 მუხ.), ასევე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (261.3 მუხ.), კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (261.1 მუხ.; მართალია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 09.02.2023წ. N2574 კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად 261-ე მუხლის პირველი ნაწილის რედაქცია შეიცვალა, თუმცა აღნიშნული ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 01 იანვრიდან. ამასთანავე, ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმის რედაქცია არ ადგენს რაიმე განსხვავებულ წესს სამართალდარღვევათა კოდექსის 49.1 და 512 მუხლების საფუძველზე მიმდინარე საქმეების ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ო-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 30.01.2023წ. N... ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49.1 და 512 მუხლების საფუძველზე, რაც გულისხმობს ტყის ტერიტორიის თვითნებურ დაკავებასა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/გადაადგილებას. ამდენად, დგინდება, რომ მ. ო-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში დასახელებული რომელიმე იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც ტერიტორიული განსჯადობის ორდინალური წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს, რის გამო სამართალდარღვევის საქმე უნდა გადაწყდეს ზოგადი წესის შესაბამისად - მისი ჩადენის ადგილის მიხედვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დავა მიჩნეულ იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს განსჯადად იმ დასაბუთებით, რომ 30.01.2023წ. N... ოქმის შედგენის ადგილად მითითებულია ქ. ბოლნისი, თუმცა სასამართლო უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ ნორმატიულად დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის წესი (კოდექსის 261.1 მუხ.) ხაზგასმას ახდენს სამართალდარღვევის ჩადენის და არა ოქმის შედგენის ადგილზე. ტერიტორიულ განსჯადობას არ ცვლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.03.23წ. განჩინებაში მითითება არა მხოლოდ უფლებამოსილი სასამართლოს, არამედ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ცალკე არ აწარმოებს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების ტერიტორიულ განსჯადობას, ადმინისტრაციული საქმეების ტერიტორიული განსჯადობა წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სასკ-ის მე-15 - 24-ე მუხლებით, ტერიტორიული განსჯადობა უმთავრესად წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო, ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით სასამართლოს განსჯადობის საერთო წესისგან განსხვავებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს - საქმის განხილვას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. სამართალდარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი სავარაუდო ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ის ადგილი, რომელზეც განხორციელდა ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა/გადაადგილება. ამდენად, მართებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსაზრება ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტის კუთხით სავარაუდო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის საჭიროების შესახებ. საქმეში დაცული მასალებით, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.2022წ. წერილით, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის 12.01.2023წ. წერილით, ტყის მასივის კონტურთან ზედდების ამსახველი ორთოფოტოთი დასტურდება, რომ ნაკვეთი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.2020წ. N3 დადგენილებით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, რომლის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში (16.2 მუხ.). ამასთანავე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაშია 2 მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტში (16.7 მუხ.). სასკ-ის 6.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმეები განიხილება მაგისტრატი მოსამართლეების მიერ („ბ“, „ბ1“ ქვ.პ.). ამასთანავე, იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ (სსკ-ის 13.3 მუხ.).
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური 31.03.2023წ. მიმართვაში აგზავნის არა მხოლოდ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით N... ადმინისტარციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს, არამედ აგრეთვე ითხოვს, რომ მ. ო-ის დაეკისროს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზოგადი წესის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლი ითვალისწინებს ზიანის ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების განხილვის წესს ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამართალდამრღვევის მიმართ. შესაბამისად, მოთხოვნის ყველა ნაწილი ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მით უფრო, რომ ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება მხოლოდ ადმინისტრაციული ან მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა შეუძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ო-ის მიმართ არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე და 399-ე მუხლებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს);
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი