Facebook Twitter

საქმე №ბს-82(კს-23) 7 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „დ...ს“ და ჯ. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - თ. ფ-ა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური).

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. 2021 წლის 26 აგვისტოს შპს „დ...მ“ და ჯ. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს - ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1032 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ფ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „დ...ს“ და ჯ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „დ...მ“ და ჯ. ა-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა ჯ. ა-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე წარმოდგენილია ჯ. ა-ისა და შპს „დ...ს“ (დირექტორი - დ. ბ-ი) კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „დ...ს“ (დირექტორი - დ. ბ-ი) კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება გამოტანილია მხოლოდ ჯ. ა-ის სააპელაციო საჩივარზე და არანაირ სამართლებრივ გავლენას არ ახდენს შპს „დ...ზე“, რომელსაც ასევე წარდგენილი აქვს სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „დ...ს“ კერძო საჩივარში არ იკვეთება მისი უფლებადამცავი ინტერესი და შესაბამისად, იგი არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რის გამოც შპს „დ...ს“ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

რაც შეეხება ჯ. ა-ის კერძო საჩივარს, იგი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 414-417-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ...ს“ (დირექტორი - დ. ბ-ი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხლიველი;

2. ჯ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში;

3. კერძო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე