Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-60(2კ-23) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა. ვ-ი, ე. ვ-ი; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა).

აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 7 აგვისტოს ა. ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნისა და მხარეთა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებად დასახელდნენ ა. ვ-ი და ე. ვ-ი, ხოლო მოპასუხეებად - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა. სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის N628 ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაონის გამგეობის 2019 წლის პირველი ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას ა. ვ-ისა და ე. ვ-ისთვის 2 500 ლარის გადახდა (თითოეულისთვის 1250 ლარი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის და ე. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის N628 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაონის გამგეობის 2019 წლის პირველი ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ა. ვ-ისა და ე. ვ-ისთვის, თითოეულისთვის 1250 ლარის (ჯამში - 2 500 ლარის) გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებაზე - უზრუნველყოს სოციალური დახმარების გაცემა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის, უმწეო და მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესებისთვის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს - რამდენად შეიძლებოდა ჰქონოდათ ლეგიტიმური მოლოდინი მოსარჩელეებს, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიეღოთ გარკვეული სარგებელი; ეფუძნება თუ არა მათი მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რამდენად შეესაბამება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის უარი კანონმდებლობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირებისათვის სოციალური დახმარების გაცემის ნორმატიული რეგულირების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N19.30.41 განკარგულებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესი“, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მათ შორის, უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. პალატამ მიუთითა „წესის“ მეორე, მე-3 მუხლებზე და განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებმაც, როგორც ბენეფიციარებმა, არაერთხელ ისარგებლეს „წესით“ განსაზღვრული სოციალური დახმარებით. ამდენად, დასტურდება და მოპასუხე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან „წესის“ ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღები სათანადო სუბიექტები. ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული 2019 წლის პირველი ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მხოლოდ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდა ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით რეგლამენტირებული არ არის ბიუჯეტში თანხის არარსებობის საფუძვლით ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა. ამდენად, სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ გარკვეული ვალდებულებების არსებობის პირობებში, მითითებული მოტივით სამგორის რაიონის გამგეობის უარი უსაფუძვლო და გაუმართლებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება მოპასუხის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ გამონაკლისი წესით, მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სამშენებლო მასალის შესაძენად ა. ვ-ს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2019 წელს უკვე მიღებული აქვს 7000 ლარი. პალატის მოსაზრებით, პირისთვის დახმარების გაწევის მიზნით რაიმეს შეძენა არ გამორიცხავს მოპასუხის ვალდებულებას, უზრუნველყოს ბენეფიციარები სხვა სახის სოციალური პაკეტებით, მათ შორის, მიზნობრივი ფულადი დახმარებით. ზემოაღნიშნული „წესის“ მიხედვით, პირისთვის დახმარების გაწევა შეიძლება განხორციელებულიყო სხვადასხვა საშუალებებით, როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. კერძოდ, მითითებული ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) მიხედვით, პირს დახმარება შეიძლებოდა გაწეოდა მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების, სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისა ან/და პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი საქონლის გადაცემის გზით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ბიუჯეტის ფიქსირებული მოცულობიდან გამომდინარე, საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო თავისი შეხედულებით მაქსიმალურად ცდილობს თანაბრად გადაანაწილოს სოციალური დახმარების სახით გამოყოფილი თანხები, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პირობებშიც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული უფლებამოსილება. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგებით დაუსაბუთებლად შეიზღუდა მოსარჩელეთა სოციალური უფლებები. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ე. ვ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაც - იგი ბავშვობიდან არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, შრომისუუნარო პირი, საჭიროებს მუდმივ მოვლას და მეთვალყურეობას. აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. ამასთან, ე. ვ-ი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებ პირს. სადავო 2019 წლის პირველი ნოემბრის ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ 2019 წლის ბიუჯეტში თანხის არარსებობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან - სათანადოდ დაეცვა და უზრუნველეყო სოციალურად შეჭირვებული და მოწყვლადი ჯგუფი კუთვნილი სოციალური დახმარების გაცემის გზით. წლის განმავლობაში სოციალური დახმარება თითოეულ სათანადო ბენეფიციარს მიეცემოდა 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეებს 2019 წელს მიღებული ჰქონდათ მხოლოდ 500 ლარი. ამდენად, არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას დავალებოდა ა. ვ-ისა და ე. ვ-ისთვის 2 500 ლარის გადახდა (თითოეულისათვის - 1250 ლარი). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 2019 წლის 1 ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, აღნიშნული ბრძანების კანონშეუსაბამოდ ცნობის პირობებში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის N628 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა სამგორის რაიონის გამგებლის 2019 წლის 1 ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი. ამავე თარიღის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N19.30.41 განკარგულებით დამტკიცებული „წესის“ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ „წესის“ ფარგლებში, შესაბამისი საბჭო განიხილავს გამგეობაში წარდგენილ განცხადებებს და ამზადებს რეკომენდაციას, რის შემდეგაც, რაიონის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარი თქმის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საბჭომ განიხილა ა. ვ-ის განცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოამზადა რეკომენდაცია განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთან, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის 2019 წლის პირველი ნოემბრის N37-01193051362 მოხსენებით ბარათში განიმარტა, რომ საბჭომ განიხილა რაიონში მცხოვრები 529 მოქალაქის სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებული საკითხი და მოამზადა უარყოფითი რეკომენდაცია, ვინაიდან 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო. ამდენად, სამგორის რაიონის გამგებელმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა ბრძანება, რომლითაც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის განმარტებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ნორმატიულ აქტში არსებული ჩანაწერის ზუსტ შინაარსზე. ის, რომ „წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი“, არ გულისხმობს აუცილებლად 1500 ლარის ანაზღაურებას. განიხილება 1500 ლარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველი კონკრეტული გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, გამგეობას ამოწურული ჰქონდა 2019 წლის ბიუჯეტი, რაც მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ განმარტა ადმინისტრაციული ორგანის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, თუმცა არ დაეთანხმა სადავო გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველიც (ბიუჯეტში თანხის არარსებობა) მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს დაუდგენიათ რაიმე საწინააღმდეგო. სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოყენებულია თუ არა ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების უპირატესობა სხვა შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით. სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს, იყო თუ არა დაცული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის აუცილებელ პირობას შორის. 529 მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემის დროს გაზიარებულ იქნა საბჭოს 2019 წლის 31 ოქტომბრის N191 სხდომის ოქმი. განმცხადებელთა მიმართ ადგილი არ ჰქონია შერჩევით მიდგომას. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ე. ვ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სადავო საკითხის შეფასებისა და მიზანშეწონილობის დადგენისას. ნორმატიული ჩანაწერი: „წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი“ არ გულისხმობს აუცილებლად 1500 ლარის ანაზღაურებას. თანხა განიხილება შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველი კონკრეტული გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. ამასთან, გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ, ე. ვ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა/საჭიროებები მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხრივ, თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობს 1250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის N3ბ/2258-22 განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2008 წლის 19 იანვრიდან ა. ვ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო ნომრით: .... ოჯახი შედგება სამი წევრისაგან: ა. ვ-ი, რ. ვ-ი და ე. ა-ი. 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ოჯახისთვის 2018 წლის 9 სექტემბერს მინიჭებული სარეიტინგო ქულა იყო 51 000. ოჯახი წარმოადგენდა სოციალური შემწეობის მიმღებს, თვეში 150 ლარის ოდენობით.

ე. ვ-ი (დაბადებული ... წლის ... ...ს) ბავშვობიდან არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, შრომისუუნარო პირი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მოვლას და მეთვალყურეობას. აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.

ე. ვ-ი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ვ-ის განცხადება; ე. ვ-ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, შემდეგ სფეროებში: მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მიღების მიზნით წარმომადგენლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ნებისმიერი დახმარების მიღების მიზნით წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სხვა კერძო დაწესებულებებში, სახელმწიფო საზღვრის კვეთა. ამავე გადაწყვეტილებით ა. ვ-ი დაინიშნა ე. ვ-ის მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება, თვითონ განახორციელოს უფლებამოსილებანი მხარდასაჭერი პირის სახელითა და ინტერესების შესაბამისად.

ა. ვ-მა 2019 წელს არაერთი განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, მისთვის და მისი მხარდასაჭერი პირის - ე. ვ-ისთვის ფულადი დახმარების გამოყოფის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის პირველი ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანებით, ამავე გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო - სათათბირო ორგანოს (საბჭოს) რეკომენდაციის საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა გამგეობის სახელზე შესული რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 529 მოქალაქის განცხადება სოციალური დახმარების გაცემის თაობაზე. მათ შორის, არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის განცხადება.

2019 წლის 3 და 23 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 30 იანვარს, ა. ვ-მა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის 1 ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანების ბათილად ცნობა, მისთვის დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისათვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის N628 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2019 წლის 1 ნოემბრის Nბ37.01193053 ბრძანება.

ამონაწერით ... ბანკის ანგარიშიდან დასტურდება, რომ 2021 წელს ა. ვ-ს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობიდან მიღებული აქვს მიზნობრივი ფინანსური დახმარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა დაკავშირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებთან მიმართებაში სოციალური დახმარების ღონისძიებების განხორციელებასთან. მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს მათთვის, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N19.30.41 განკარგულებით დამტკიცებული სოციალური ქვეპროგრამის სუბიექტების სასარგებლოდ, სოციალური დახმარების გაცემა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N19.30.41 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესი“ განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მათ შორის, უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შემოსულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. თავის მხრივ, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განკარგულების შესაბამისად, დახმარების გაცემაზე გამგებელი გადაწყვეტილებას იღებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადასტურებულია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომელთა სასარგებლოდაც, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის ფარგლებში, არაერთხელ იქნა გაცემული შესაბამისი სოციალური დახმარება. ამდენად, სამგორის რაიონის გამგეობის სადავო 2019 წლის პირველი ნოემბრის ბრძანებით მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ პირობებში, როდესაც ისინი არიან „წესის“ სათანადო სუბიექტები. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება არა ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან მოსარჩელეთა მონაცემების შეუსაბამობას, არამედ იმ გარემოებას, რომ მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდება ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქალაქეთა სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. „..სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე..“ (სუს 2020 წლის 26 თებერვლის Nბს-50(კ-20) განჩინება). სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით ბიუჯეტში თანხის არარსებობის საფუძვლით ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობა რეგლამენტირებული არ არის. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ ნაკისრი ვალდებულების არსებობის პირობებში, სამგორის რაიონის გამგეობის სადავო აქტში ასახული მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი საფუძველი გაუმართლებელია. ამასთანავე, შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ა. ვ-ს, გამონაკლისი წესით, მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2019 წელს უკვე მიღებული აქვს 7000 ლარის ოდენობით თანხა სამშენებლო მასალის შესაძენად. აღნიშნული არ გამორიცხავს მოპასუხის ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსარჩელეები სხვა სახის სოციალური დახმარებით. ზემოაღნიშნული „წესიდან“ გამომდინარეობს, რომ პირისათვის დახმარების გაწევა შესაძლებელია მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების, სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისა ან/და პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი საქონლის გადაცემის გზით (1.2 მუხლი).

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებდნენ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელეთა მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ არსებობდა, ბიუჯეტის ფიქსირებული მოცულობიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, რელევანტურია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონშესაბამისად, მიღებულ წერილობით გადაწყვეტილებაში სათანადო გარემოებებისა და დასაბუთების ასახვით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დაუსაბუთებლად შეიზღუდა მოსარჩელეთათვის მნიშვნელობის მქონე სოციალური უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ მოსარჩელე ე. ვ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სადავო 2019 წლის პირველი ნოემბრის ბრძანების გამოცემის საფუძვლად მხოლოდ 2019 წლის ბიუჯეტში თანხის არარსებობაზე მითითება ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს პრინციპს - სათანადოდ დაიცვას და უზრუნველყოს სოციალურად შეჭირვებული და მოწყვლადი ჯგუფი კუთვნილი სოციალური დახმარების გაცემის გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე