ას-1040-1267-05 10 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი,
თ. თოდრია
სარჩელის საგანი: უნებართვო ნაგებობის აღება, მიწის ნაკვეთის გამოყოფა და აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-ძე-ა-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უნებართვო ნაგებობის აღება, მიწის ნაკვეთის გამოყოფა და აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ეკუთვნის ც. რ-შვილს, ხოლო მეორე _ მოსაჩელეს. ... ქ. 24-ში არსებული სახლი კი ეკუთვნით ე. და თ. ი-შვილებსა და ი. ა-შვილს. ... ქ.¹24-ში არსებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 520კვ.მ-ს, ხოლო ... ქ.¹22-ში _ 554კვ.მ-ს. ამ უკანასკნელ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი გაიზარდა ... ქ¹24-ის მიწის ნაკვეთიდან უკანონოდ მითვისებული ნაკვეთის ხარჯზე და შეადგინა 577კვ.მ. შესაბამისად, შემცირდა ... ქ. ¹24 მიწის ნაკვეთის ზომა და შეადგინა 497კვ.მ.
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის არ არსებობდა გამყოფი ღობე და ეზოში შესასვლელად გამოიყენებოდა ორივე ეზოს ჭიშკარი. ... ქ. ¹24-ში დგას უნებართვო ნაგებობა, რომელიც მოსარჩელეს ხელს უშლიდა საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. აღნიშნული ნაგებობის აღების მოვალეობა ც. რ-შვილს ეკისრებოდა სახლის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით. მოსარჩელეს ხელს უშლიდნენ მოპასუხეები სახლში მისასვლელად ... ქ. ¹22-სა და 24-ში არსებული გზისა და ჭიშკრის გამოყენებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსკ-ს 170-ე, 176-ე და 180-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... ქ¹24 მიწის ნაკვეთიდან დამოუკიდებელი სარგებლობისათვის 260კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ც. რ-შვილისათვის უნებართვო ნაგებობის აღების დაკისრება და აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა, ასევე ე., თ. ი-შვილებისა და ი. ა-შვილისათვის უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთის 23 კვ.მ-ის დაბრუნება და აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა.
ც. რ-შვილმა შესაგებელში აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. იგი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას უნებართვო ნაგებობის აღებისა და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან დამოუკიდებელი სარგებლობისათვის 260კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, ხოლო, რაც შეეხება აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭებას, სსკ-ის 180-ე მუხლის შესამისად, მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ სათანადო ანაზღაურების შემთხვევაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მოსარჩელეს დამოუკიდებელი სარგებლობისათვის ... ქ. ¹24-დან 260კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნაზე ეთქვა უარი, რადგან დამოუკიდებელი სარგებლობისათვის ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზით გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად დამოუკიდებელი სარგებლობისათვის, ისე, რომ ზ. მ-ძე-ა-იანს თავისი კუთვნილი სახლის ნაწილთან ... ქუჩიდან ჰქონდეს ფეხით მისასვლელი გზა, ტექნიკურად შეუძლებელია.
არ დაკმაყოფილდა, ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა რ-შვილისათვის ნაგებობის აღების დაკისრებასთან დაკავშირებით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 1988წ. 2 თებერვალს დამტკიცებული, ც. რ-შვილის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტით სათავსი ექვემდებარება აღებას, აღნიშნული მოვალეობის შესრულება ც. რ-შვილს ეკისრება მხოლოდ რეკონსტრუქციის შედეგად სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.
საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან ვერ წარმოადგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო ... .¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა მიმართ მოთხოვნა _ უსაფუძვლოდ, ვინაიდან, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია არ დაუშვას სხვა პირთა მიერ თავისი ქონებით სარგებლობა. მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მას აქვს ჭიშკრით სარგებლობის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ჭიშკრით ძველი მესაკუთრე სარგებლობდა, სასამართლომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კუთვნილი 23კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ, საფუძვლიანად ჩათვალა.
ზ. მ-ძე-ა-იანმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა და საერთოდ არ გამოიყენა საარქივო ცნობა იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე წლების განმავლობაში იხდიდა გადასახადს მხოლოდ 260 კვ.მ მიწის ფართობისათვის, რითაც დგინდება ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარგებლეთა შორის ფაქტობრივად განაწილებული იყო. აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხე ც. რ-შვილის მხრიდან აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის არარსებობა მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ცალსახად ადასტურებდა ჭიშკრის ჩაკეტვის ფაქტებს თავისი შეხედულების შესაბამისად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 25 მარტის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარე ც. რ-შვილის გარდაცვალების გამო, საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა მ. რ-შვილი.
2005წ. 19 მაისს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, უარი განაცხადა დამოუკიდებელი სარგებლობით მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზით სარგებლობისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მ. რ-შვილის ერთსართულიანი ნაგებობის აღება მოითხოვა.
მოწინააღმდეგე მხარე მ.რ-შვილის წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ისინი უკანონოდ არ უშლიან ხელს და არ შეიძლება მხარეს აეკრძალოს ის მოქმედება, რასაც არ ჩადის. მათ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს აპელანტის მოთხოვნა ეზოში მდგომ ნაგებობის აღების თაობაზე იმ მოტივით, რომ ... ქ.¹24-ში ეზოში მდგარი მეორე ნაგებობა მხოლოდ მიშენების ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ უნდა აეღოთ. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, მინაშენი, მართალია, აშენდა 1988 წელს, მაგრამ მეორე სართული დღესაც დაუმთავრებელია.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტ ზ. მ-ძე-ა-აინის სააპელიციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005წ. 10 მაისს გაცემული ¹428 ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისში, ... ქ.¹24-ში სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი ეკუთვნის მოქალაქე ც. რ-შვილს, სახლის მეორე ნაწილი _ ნ. ა-იანს. მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობისაა და შეადგენს 497კვ.მ-ს.
ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000წ. 13 სექტემბერს შედგენილი გეგმა-ნახაზის შესაბამისად, ქუთაისში, ... ¹24-ში მდებარე სახლთმფლობელობის ეზოში ცალკე მდგომი 4,65 კვ.მ-ის ნაგებობა, ასევე, ც.რ-შვილის საცხოვრებელ სახლზე გაკეთებული მინაშენი ექსპლუატაციაში მიუღებელია.
მხარეთა განმარტებებითა და ქუთაისის მართვის ტერიტორიული სამსახურის ქალაქ-მუზეუმის განყოფილების მიერ 2005წ. 28 თებერვალს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ... ქ.¹24-ში ც. რ-შვილის მემკვიდრესა და უძრავი ქონების მფლობელს წარმოადგენს მისი შვილი მ. რ-შვილი, ხოლო ნ. ა-იანის მემკვიდრესა და უფლებამონაცვლეს _ მეუღლე ზ. მ-ძე-ა-იანი.
სააპალაციო პალატის მიერ 2005წ. 7 ივნისს ჩატარებული ადგილზე დათვალიერებით და, შესაბამისად, შედგენილი ოქმით ირკვევა, რომ ქუთაისში ... ქ.¹24-ში სახლთმფლობელობის მესაკუთრეთაგან მ. რ-შვილის კუთვნილი სახლის ნაწილი მდებარეობს საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მხარეს, ზ. მ-ძე-ა-იანის კი _ მ. რ-შვილის კუთვნილი წილის გაგრძელებაზე ეზოს უკანა მხარეს, რომელსაც გააჩნია ერთადერთი მისასვლელი გზა, კერძოდ, მ.რ-შვილის სახლზე მიშენებულსა და ეზოში ცალკე მდგომ ექსპლუატაციაში მიუღებელ ნაგებობებს შორის 70-სმ-იან ვიწრო გასასვლელიდან ... ქ¹22-ის მომიჯნავე მხარეს არსებული ბილიკი.
საქმეზე წარმოდგენილი ქ.ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1988წ. 11 თებერვალს ¹9 ბრძანებით დამტკიცებული პროექტით დადგენილია, რომ ... ქ.¹24-ის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსი აღებულ უნდა იქნეს.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ ი.ხ-ლის მიერ დადასტურებულ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და პროექტის შესაბამისად, ექვემდებარება აღებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. რ-შვილის, როგორც მესაკუთრის, ინტერესი, იქონიოს საერთო სარგებლობის ეზოში დამხმარე ნაგებობა, რომელსაც მხოლოდ საკუჭნაოს დანიშნულება გააჩნია, არ შეიძლება იყოს უპირატესი მნიშვნელობის ზ. მ-ძე-ა-იანის უფლებაზე, რომლის ხელშეშლის აღკვეთასაც იგი სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მოითხოვს, იმის გათვალისწინებით, რომ ... ქ.¹24-ში არსებული 497კვ.მ მიწის ნაკვეთი მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაშია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ზ. მ-ძე-ა-იანის სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ზ. მ-ძე-ა-იანის სასარჩელო მოთხოვნა ... ქ. ¹24-ში 4,65კვ.მ-ის კაპიტალური დამხმარე ერთსართულიანი ნაგებობის აღების თაობაზე; ზ.მ-ძე-ა-იანის სასარჩელო მოთხოვნაზე დამოუკიდებელი სარგებლობისათვის 260 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, სხვა ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-შვილ-ხ-ლმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. მ-ძე-ა-იანის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ქუთაისში, ... ქ.¹24-ის ეზოში 4,65 კვ.მ ფართის კაპიტალური დამხმარე ერთსართულიანი ნაგებობის აღების თაობაზე და ამავე ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემდგომ გადაწყვეტილების გამოტანას დაედო საფუძვლად, კერძოდ, არ გაითვალისწინა ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 1988წ. 11 თებერვლის ¹9 ბრძანებით დამტკიცებული პროექტით დადასტურებული გარემოება, რომ მშენებლობის განხორციელების შედეგად, ეზოში არსებული სათავსი დაექვემდებარება აღებას. ამასთან, კასატორის მტკიცებით, ნაგებობა, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღებულ უნდა იქნეს, მითითებულ მისამართზე საერთოდ არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ის 249-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მოთხოვნის საფუძველი, რომლის შესაბამისად კრედიტორი უფლებამოსილია, რომ მოსთხოვოს მოპასუხეს გარკვეული მოქმედების შესრულება.
ყოველი ვალდებულება შედგება ძირითადად ორი ნაწილისაგან, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმის აღწერილობითი ნაწილისაგან, რომელიც აბსტრაქტული, ზოგადი ფორმისაა და სამართლებრივი შედეგებისაგან, რომელსაც კანონი ითვალისწინებს ნორმის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არსებობისას.
სასამართლო ვალდებულია, მოსარჩელის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონი (თუ ასეთი არსებობს), რომელიც ითვალისწინებს იმ სამართლებრივ შედეგს, რომელსაც მოსარჩელე თავისი სარჩელით მოითხოვს. შემდეგ მან უნდა გაარკვიოს, მიუთითებს თუ არა მოსარჩელე იმ გარემოებებზე, რომლებიც კანონითაა განსაზღვრული ამ სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობად.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია სკ-ის 174-ე მუხლზე, რომელიც მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთობებს არეგულირებს. აღნიშნული ნორმის გამოყენება სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოდავე მხარეები მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან.
ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების გამოყენება, რომელიც ნივთის თანამესაკუთრეთა შორის ურთიერთობას არ არეგულირებს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, მ. რ-შვილის, როგორც მესაკუთრის, ინტერესს, იქონიოს საერთო სარგებლობის ეზოში დამხმარე ნაგებობა, რომელსაც მხოლოდ საკუჭნაოს დანიშნულება გააჩნია, არ შეიძლება უპირატესი მნიშვნელობა ჰქონდეს ზ. მ-ძის უფლებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ იმსჯელა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 1988წ. 11 თებერვლის ¹9 ბრძანებით დამტკიცებული პროექტის თანახმად, სათავსი დაექვემდებარება აღებას მშენებლობის განხორციელების შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ ჩამოუყალიბებია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიც არ იძლევა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული უფლების ან დაცული ინტერესის დარღვევის ფაქტი, განსაზღვროს არსებობს თუ არა მოთხოვნის საფუძველი და, შესაბამისად, დაადგინოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
სასამართლოს მიერ პროცესის საწყის სტადიაზე არასწორი სამართლებრივი მოსაზრების ჩამოყალიბება იწვევს მტკიცების საგნის, მხარეთა მტკიცების ტვირთის არასწორ განსაზღვრას, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესიდან გადახვევას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
აღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. რ-შვილ-ხ-ლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შესაბამის პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.