Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1040-1287-04 9 იანვარი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: აუქციონზე შეძენილი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა-ებმა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „მ. კ-ის“ მიმართ და მოითხოვა ქ.მარნეულში, ... დასახლებაში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა მარნეულის რაიონი, კოდი ¹83, სექტორი ¹61, მარნეულის საკრებულოს კოდი ¹83, კვარტლის ¹04, ქ. მარნეული ნაკვეთი ¹60, ფართრობი 25,93 ჰა, დაზუსტებული _ 259,300 კვ.მ) მოძრავი ქონებისა და შენობა-ნაგებობის მფლობელობაში გადაცემა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002წ. 1 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაცემული ¹05-05 განკარგულებით შეძენილ ქონებაზე მიიღო საკუთრების უფლება. მაკარონის საამქროს, ცენტრალური საქვაბის, პურის საცხობი შენობებისა და ღუმელის, მაკარონის მწარმოებელი და ცენტრალური საქვაბის დანადგარების გარდა. არაერთგზის მოთხოვნისა და სკ-ის 170-ე მუხლის დანაწესის მიუხედავად, მოსარჩელისათვის შესყიდული ქონება არ გადაუცია, ამდენად, მხარემ მოითხოვა აუქციონზე შეძენილი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და დაადასტურა, რომ სააქციო საზოგადოებას ჰქონდა შპს „ა-ების“ ვალი, მოპასუხის ქონებას ედო ყადაღა, რის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002წ. 30 სექტემბერს გამართულ აუქციონზე შპს «ა-ებმა» ნამდვილად შეიძინა სს „მ. კ-ის“ ქონების ნაწილი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა, სასარჩელო მოთხოვნას მიიჩნევდა კანონიერად, თუმცა ითხოვდა დროს ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურაში შპს «ი-ისა» და სს «მ. პ-ის» ხელმძღვანელი მუშაკების მიმართ გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დამთავრებამდე, რაც ჩატარებული აუქციონის კანონიერების შესახებ მსჯელობის საშუალებას მისცემდა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „მ. კ-ს“ დაევალა მოსარჩელის კუთვნილი ქონების, მდებარე ქ.მარნეულში, ... დასახლებაში სარეგისტრაციო ზონა მარნეულის რაიონი, კოდი ¹83, სექტორი ¹61, მარნეულის საკრებულო, კოდი ¹8301, კვარტალი ¹04, ქ.მარნეულის ნაკვეთი ¹060, ფართობი 25,93 ჰა, დაზუსტებული ფართობი 259,300 მ2-ის, შპს «ა-ების» მფლობელობაში გადაცემა და შესაბამისი შენობა-ნაგებობებიდან გამოსახლება. სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული აუქციონის შედეგად მოსარჩელემ ნამდვილად შეიძინა სადავო ქონება, რაც მარნეულის მიწის მართვის საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. ვინაიდან აღნიშნული ქონება შპს «ა-ისათვის» გადაცემულ არ იქნა, სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, კოლეგიამ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალა.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სს „მ. კ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განჩინებით სს „მ. პ-ის კომბინატის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. სს «მ. კ-მა» მოითხოვა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს „ა-ების“ სარჩელი არ დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატაში საქმის განხილვის დროს კასატორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იმყოფება სს «მ. კ-ის» სარჩელი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირ შპს «ა-ების» მიმართ 2002წ. 30 სექტემბრის აუქციონის შედეგებისა და საჯარო ვაჭრობის ოქმის, 2002წ. 1 ოქტომბრის ¹3/05-05 განკარგულების, სს «მ. კ-ის» უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ შპს «მარეგულირებელი საბჭოსა» და შემდგომში შპს «ა-ების» აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრში გაკეთებული ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ. შუმადგომლობას დაერთო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 დეკემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, ასევე‚ ამავე სასამართლოს 2005წ. 16 მარტის ¹3/ა-99 ცნობა მითითებული სარჩელის განხილვის 2005წ. 28 მარტისათვის დანიშვნის შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვა, ზემოხსენებული სარჩელის განხილვის შედეგის გაუთვალისწინებლად, შეუძლებელია, ამდენად, მოითხოვა სსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინებით ხსენებული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება, სს «მ. კ-ის» საკასაციო საჩივრის გამო, შეჩერდა ამავე საზოგადოების სარჩელის ადმინისტრაციული წესით საბოლოო განხილვამდე.

შპს «ა-ების» დირექტორმა კ.ო-ოვმა და სს «მ. კ-ის» დირექტორმა თ.ძ-ძემ შუამდგომლობით მიმართეს საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მათ წარმოადგინეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე _ სს მ. კ-ის» სარჩელის გამო მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირ შპს «ა-ების» მიმართ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, წარმოების შეწყვეტის თაობაზე. მხარეთა მითითებით, მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს. ამასთან, სს «მარნეული პურპროდუქტების კომბინატის» დირექტორმა კ.ო-ოვმა შპს «ა-ის» სარჩელი ცნო და საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ, სს «მ. კ-ის» საკასაციო საჩივრის გამო, საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ხოლო შემდეგ შეწყდეს, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შემდეგი საფუძვლებით:

სსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოება, სს «მ. კ-ის» საკასაციო საჩივრის გამო, შეჩერდა ამავე საზოგადოების სარჩელის ადმინისტრაციული წესით საბოლოო განხილვამდე. მხარეთა მიერ წარმოდგენილი რუსთავის საქლაქო სასამართლოს 2005წ. 2 დეკემბრის განჩინებით ირკვევა, რომ, სს მ. კ-ის» სარჩელის გამო, მოპასუხე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირი შპს «ა-ები», აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, წარმოება შეწყდა. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც წარმოება უნდა განახლდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «მ. კ-ის» საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია, უარი თქვას თავის საკასაციო საჩივარზე. მოცემულ შემთხვევაში სს «მარნეული პურპროდუქტების კომბინატის» დირექტორმა კ.ო-ოვმა და მისმა წარმომადგენელმა ნ.წულაძემ წარმოდგენილი განცხადებაში შპს «ა-ის» სარჩელი ცნეს და საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადეს, რაც, სსკ-ის 272-ე მუხლის «გ” პუნქტით, ხსენებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის «გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

განახლდეს და შეწყდეს წარმოება სს «მ. კ-ის» საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე _ შპს „ა-ების“ სარჩელის გამო სს „მ. კ-ის“ მიმართ აუქციონზე შეძენილი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.