Facebook Twitter

№6591-13 20 მარტი, 2013 წელი

ტ-ი ა, 6591-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ი. მ-ს

ადვოკატ - მ. ტ-ს

თარჯიმან - ე. მ-ს

მსჯავრდებულ - ა. ტ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ა. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ტ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ა. ტ-ს დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ტ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან მსჯავრდებული ა. ტ-ი არის ადრე ნასამართლევი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის), მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ტ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე