გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1042-1272-05 21 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 3 თებერვალს ნ. ძ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ჭ-ის“ მიმართ და მოითხოვა სასამართლოსათვის მიმართვამდე, 1994 წლიდან, შრომითი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაღაროში ამფეთქებლად მუშაობის შედეგად ვნების მიყენების გამო, მოპასუხისათვის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი საშუალო ხელფასის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
ნ. ძ-ძემ განმარტა, რომ 1961 წელს სს „ჭ-ის“ ახალი ითხვისის მაღაროთა სამმართველოში ამფეთქებლად მუშაობის დროს, საწარმოო ტრავმის შედეგად, დაინვალიდდა, გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, პროფესიული შრომის უნარი დაკარგა 100%-ით, რის გამოც საწარმო 1994 წლამდე უხდიდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას, ხოლო 1994 წლიდან კი შეუწყვიტეს.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაზე და ამავე ბრძანებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მისთვის გასაცემი სარჩოს ყოველთვიური ოდენობის განსაზღვრა ამფეთქებლის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან. ნ. ძ-ძემ დადგენილი სარჩოს გადახდა მოითხოვა 1994 წლიდან.
მოპასუხე სს „ჭ-ი“ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ მიიჩნევს სადავოდ, მაგრამ, სკ-ის (1964წ. რედაქციით) 75-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ თვლის, ამიტომ მოითხოვს, მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ძის მოთხოვნა, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ჭ-ს» ნ. ძ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა, 2005წ. 9 თებერვლიდან 1994 წლიდან ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდა, აგრეთვე, ამფეთქებლის ბოლო სამი სრულად ნამუშევარი ხელფასის ყოველთვიურად გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ძ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ძ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ჭ-ს» ნ. ძ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 2001წ. 29 დეკემბრიდან, მდგომარეობის შეცვლამდე, თვეში 132 ლარისა და 9 თეთრის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, რადგან შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ.ძ-ძეს, რომელსაც 1986 წლიდან შრომის უნარი 100%-ით აქვს დაკარგული უვადოდ, უნდა აუნაზღაურდეს საწარმოსათვის მიმართვამდე ბოლო სამიწ. მიუღებელი სარჩო _ 2004წ. 29 დეკემბრამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჭ-მა», რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» მე-11 პუნქტის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს „ჭ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ძ-ძეს, რომელსაც 1986 წლიდან შრომის უნარი 100%-ით აქვს დაკარგული უვადოდ, უნდა აუნაზღაურდეს საწარმოსათვის მიმართვამდე ბოლო სამიწ. მიუღებელი სარჩო 2004წ. 29 დეკემბრამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, რადგან შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» მე-11 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება ხორციელდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამდენად, შრომითი მოვალეობის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნა წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან.
ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმო ტრავმა, მოპასუხე ასრულებდა თავისი ვალდებულებას და უხდიდა სარჩოს დაზარალებულს ყოველთვიურად 1994 წლამდე, შემდეგ შეწყვიტა მისი გადახდა. აღნიშნულის თაობაზე კასატორს არ აქვს შემოტანილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმ პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში არის მისაღები ის ზიანი, რაც გამოწვეულია პერიოდულად შესასრულებელი კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დროს (კონკრეტულ შემთხვევაში ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება) თითოული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.
გასათვალისწინებელია, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების (ანუ დელიქტით მიყენებული ზიანი) ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ სახეს ანუ საწარმოს წარმოეშვება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მოპოვება (ამ შემთხვევაში გავრცელდებოდა 1964წ. 26 დეკემბრის სკ-ის მოქმედი კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად).
დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე ორგანიზაცია საწარმოო ტრავმის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებისათვის მოსარჩელეს უხდიდა ყოველთვიური სარჩოს 1994 წლამდე. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1994 წლიდან სარჩოს გადაუხდელობის მიზეზი გახდა მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის წარმოუდგენლობა.
ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენს ზიანის მიყენებისა და ამის შედეგად საწარმოს მიერ სარჩოს გადახდის ფაქტი, იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ. ძ-ძეს მოპოვებული აქვს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. იმის გათავალისწინებით, რომ საწარმო ვალდებულია ყოველთვე გადაუხადოს მოსარჩელეს სარჩო, მოსარჩელეს უფლება
აქვს მოითხოვოს ამ ვალდებულების შესრულება. ვალდებულების შესრულების წესი განისაზღვრება «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით.
სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის წარმოშობის დღეა, როდესაც კასატორს უნდა გადაეხადა ნ. ძ-ძისათვის ყოველთვიურად, ანუ პერიოდულად შესასრულებელი გადასახადი.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ურთიერთობა უკავშირდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი გადახდევინება მის მიერ სარჩელის აღძვრამდე სამიწ. გადაუხდელი ერთიანი თანხისა, ანუ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ნ. ძ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს 2004წ. 29 დეკემბრამდე ბოლო სამიწ. მიუღებელი სარჩო.
ამრიგად, ნ. ძ-ძეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ თვიდან, როდესაც კასატორმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და არ გადაუხადა სარჩო, რაც მას დღემდე აკისრია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ჭ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 მაისის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.