Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1043-1273-05 15 ივნისი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი,

თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 28 აგვისტოს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ხ-ძემ და მოითხოვა პ. კ-ძისათვის ბინის ქირის _ 800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პ. კ-ძე იყო მისი ადვოკატი და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუთმო ქ. თბილისში მდებარე თავისი ქალიშვილის ბინა იმ პირობით, რომ, თუ პ. კ-ძე საქმეს მოიგებდა, ქირას არ გამოართმევდა. ვინაიდან პ. კ-ძემ არაფერი გააკეთა საქმესთან დაკავშირებით, ლ. ხ-ძემ სხვა ადვოკატი აიყვანა, ხოლო პ. კ-ძეს მოსთხოვა ბინის ქირა. პ. კ-ძემ ბინაში იცხოვრა 10 თვე და გადაიხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი.

2004წ. 8 დეკემბერს საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2005წ. 26 აპრილის განჩინებით საქმეზე არასათანადო მოსარჩელე ლ. ხ-ძე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ც. ქ-ძით.

2005წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, პ. კ-ძეს დაეკისრა 800 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ გასული იყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან 2001 წელს აღძრული სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული 2002წ. 8 იანვრის განჩინებით, ამიტომ არ შეჩერებულა ხანდაზმულობის ვადის დენა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ც. ქ-ძის სარჩელი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ძემ ბინა დატოვა 2000წ. სექტემბერში, ამდენად, ბინის მესაკუთრეს ქირის მოთხოვნის უფლება უფრო ადრე თუ არა, ამ მომენტიდან მაინც წარმოეშვა. ც. ქ-ძემ სარჩელი აღძრა 2001წ. 28 აგვისტოს, 2002წ. 8 იანვრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი, განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. 2004წ. 5 ნოემბერს ლ. ხ-ძემ შეიტანა ახალი სარჩელი, რომელიც წარმოებაში მიღებულ იქნა 2004წ. 14 დეკემბერს. ლ. ხ-ძე ამ მომენტისათვის არ იყო უფლებამოსილი პირი, სასამართლოსთვის სარჩელი წარედგინა, ვინიდან ც. ქ-ძის მიერ ლ. ხ-ძის სახელზე გაცემულ რწმუნებულებას ვადა ამოეწურა 2002წ. 7 ოქტომბერს. ამდენად, სასამართლომ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად მიიჩნია სსკ-ის 140-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ქ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქმეში არსებულ 2002წ. 8 იანვრის განჩინებაზე ვერ გავრცელდებოდა სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგან ამ მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ გამოიწვევს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, 2002წ. 8 იანვრის განჩინება კი დღემდე არ არის შესული კანონიერ ძალაში, რადგან აღნიშნული განჩინება მას არ ჩაჰბარებია, ხოლო საქმეში არსებული გზავნილი 2002წ. 8 იანვრის განჩინების მხარისათვის გაგზავნის შესახებ ყალბია და შემდეგაა ჩამატებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ც. ქ-ძეს პ. კ-ძის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000წ. სექტემბრიდან;

ც. ქ-ძემ სარჩელი აღძრა 2001წ. 28 აგვისტოს, აღნიშნული სარჩელი განუხილველი დარჩა 2002წ. 8 იანვრის განჩინებით, ახალი სარჩელი კი აღიძრა 2004წ. 5 ნოემბერს.

სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში კასატორს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2000წ. სექტემბერში.

სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დარჩება განუხილველი. როგორც ცნობილია, მხარეს დადგენილ ვადაში არ შეუტანია კერძო საჩივარი 2002წ. 28 აგვისტოს განჩინებაზე და ამდენად, გასაჩივრებისათვის დადგენილი თორმეტდღიანი ვადის გასვლის შემდეგ იგი კანონიერ ძალაში შევიდა. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2003წ. სექტემბერში, მხარემ კი ახალი სარჩელი საერთო წესით აღძრა 2004წ. 5 ნოემბერს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას 2000წ. 8 იანვრის განჩინება არ ჩაჰბარებია, რის გამოც იგი არ შესულა კანონიერ ძალაში, ვინაიდან საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს იმ საპროცესო დარღვევებზე, რომლებიც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო ინსტანციაში, თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული დარღვევები ცნობილი იყო მხარისათვის სამართალწარმოების ამ ეტაპზე. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. კასატორს კი არც ერთ ინსტანციაში არ გაუხდია სადავოდ განჩინების მისთვის ჩაბარება და გზავნილის ნამდვილობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.