Facebook Twitter
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№6631-13 21 მარტი, 2013 წელი

გ-ი ზ , 6631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. დ-ას

ადვოკატ – ი. ქ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით ზ. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ზ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს დაემატა მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის განაჩენით განსაზღვრული და მოუხდელად დარჩენილი პირობითი სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ ზ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2005 წლის 8 ოქტომბრიდან.

(ზ. გ-ი ნასამართლევია; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1993 წლის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელისაგან გათავისუფლდა ვადამდე პირობით, 2005 წლის 15 სექტემბერს – 3 წლით, 2 თვითა და 7 დღით ადრე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებებთა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. გ-ი მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ზ. გ-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 10 წელი, რომელსაც დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული დარჩენილი პირობითი სასჯელის ნაწილი –1 წელი, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 8 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გაავრცელა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, ითხოვა მისი გადახედვა და ნასამართლობის გაქარწყლების გამო, სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე–15 მუხლების მოქმედება“, ხოლო მე–17 მუხლის თანახმად: ,,პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. გ-ი მსჯავრდებულია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1993 წლისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის განაჩენებით (152–ე მუხლის მე–2 და 203-ე მუხლის მე-2 ნაწილები) ჩადენილი დანაშაულისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას ზ. გ-ისათვის სასჯელის ¼–ით შემცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ მასზე კანონიერად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები, მაგრამ არასწორად იქნა დაანგარიშებული მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1993 წლისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის განაჩენებით (152–ე მუხლის მე–2 და 203-ე მუხლის მე-2 ნაწილები) ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ¼-ით და მსჯავრდებული ჩაითვალოს ამ განაჩენებით სასჯელმოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2005 წლის 8 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1993 წლისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის განაჩენებით (152–ე მუხლის მე–2 და 203-ე მუხლის მე-2 ნაწილები) ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ¼-ით და მსჯავრდებული ჩაითვალოს ამ განაჩენებით სასჯელმოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ს ¼-ით შეუმცირდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და სასჯელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2005 წლის 8 ოქტომბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე