ას-104-439-05 3 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ახალაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თემის საკრებულოს მოქმედების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ს.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ...-ის თემის საკრებულოს, თანამოპასუხე გ. ბ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა საკრებულოს მოქმედების ბათილად ცნობა და თანამოპასუხეების: გ. ბ.-ისა და ი. ბ.-ის კომლიდან ამორიცხვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 25 მაისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, რომლის თანახმად, ნ. და ი. ბ.-ეებმა ვალდებულება იკისრეს, რომ 2001წ. 31 დეკემბრამდე გადაუხდიდნენ 25000 აშშ დოლარს, მაგრამ დანაპირები არ შეასრულეს.
.-ის თემის საკრებულომ უკანონოდ ამორიცხა ოჯახის უფროსი ი. ბ.-ე კომლიდან და კომლის უფროსად მისი შვილი _ ბ. ბ.-ე დანიშნა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე .-ის თემის საკრებულოს მოქმედების ბათილად ცნობა. საკრებულომ ასევე არ ამოწერა მოპასუხის ქალიშვილი _ გ. ბ.-ე, რომელიც დიდი ხნის წინ გათხოვდა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი, როგორც კომლთან კავშირგაწყვეტილი წევრის, კომლიდან ამოწერა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო კომლში ი. ბ.-ე აღდგენილ იქნა კომლის უფროსად და დაევალა მოპასუხე .-ის თემის საკრებულოს საკომლო წიგნებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა გ. ბ.-ის სადავო კომლიდან ამორიცხვის ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფერიდე, გ. და მ. ბ.-ეების წარმომადგენელმა ვ. გ.-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ი.ბ.-ის კომლის უფროსად აღდგენის ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. მოსარჩელე გ.ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი .-ის თემის საკრებულოს მოქმედება ი. ბ.-ის კომლის წევრებიდან ამორიცხვის შესახებ და აღდგენილ იქნა თავდაპირველი ჩანაწერების. გადაწყვეტილება სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, გ. ბ.-ის კომლის წევრობიდან ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ, დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 მაისის განჩინებით დამტკიცდა რა მხარეთა მორიგება, ი. და ნ. ბ.-ეებს დაეკისრათ 25 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე გ.ს.-ის სასარგებლოდ და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ი. ბ.-ის კომლის ქონებას. ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... .-ის თემის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, 1996-2000 წლებში ი. ბ.-ის კომლში ირიცხებოდა თვითონ ი.ბ.-ე, მისი მეუღლე ნ. ბ.-ე და შვილები: გ., მ. და ბ. ბ.-ეები.
ამავე საკრებულოს 2002წ. 5 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად, კომლის უფროსი ი. ბ.-ე კომლში აღარ ირიცხებოდა და კომლის უფროსად ითვლებოდა მისი შვილი _ ბ. ბ.-ე. ოჯახს აქვს 120 კვ.მ კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რაც საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრირებული არ არის, ამდენად, ოჯახის არც ერთი წევრი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მითითებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგანაც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის მე-12-13, 24-25-ე მუხლებით თემის საკრებულოს ან გამგეობის კომპენსაციაში არ შედის კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოების ფუნქცია, ხოლო, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური. ამდენად, სოფ. ... .-ის საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, ეწარმოებინა რაიმე ჩანაწერები საკომლო წიგნში, რის გამოც მისი მოქმედება ი.ბ.-ის კომლის წევრებიდან ამორიცხვის შესახებ, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ., ბ., გ. და მ. ბ.-ეების წარმომადგენელმა ვ. გ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპი, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა .-ის საკრებულოს დავალდებულებას, საკომლო ჩანაწერებში შეეტანა შესწორება და კომლის უფროსად აღედგინა ი. ბ.-ე, ხოლო გ. ბ.-ის რეგისტრაცია კომლში გაეუქმებინა, სასამართლომ კი ბათილად მიიჩნია ...-ის თემის საკრებულოს მოქმედება, რაც დავის საგანს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღნიშნული საქმე უნდა განეხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა საკრებულოს დავალდებულება გარკვეული მოქმედების შესრულებაზე ან მისი მოქმედების ბათილად ცნობა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (საკრებულოს) მოქმედების ბათილად ცნობა და პირის კომლის წევრობიდან ამორიცხვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ...-ის თემის საკრებულო ადმინისტრაციული ორგანოა, დავის საგანს კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების უკანონოდ მიჩნევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების დაცვით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ., ბ., გ. და მ. ბ.-ეების წარმომადგენლის _ ვ.გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.