Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-507(გ-23) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ გ. ჩ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საჩხერის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 28 დეკემბერს ი/მ გ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა N06-58 ოქმის საფუძველზე გამოცემული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 ივნისის Nდად-82/09 დადგენილების ბათილად ცნობა, ი/მ გ. ჩ-ის 4000 ლარით დაჯარიმების შესახებ; N06-57 ოქმის საფუძველზე გამოცემული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 ივნისის Nდად-83/09 დადგენილების ბათილად ცნობა, ი/მ გ. ჩ-ის 2500 ლარით დაჯარიმების შესახებ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 29 ნოემბრის N1-1/490 ბრძანების ბათილად ცნობა, ი/მ გ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

სარჩელთან ერთად, წარდგენილ იქნა შუამდგომლობა, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი/მ გ. ჩ-ის სარჩელი და შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილების შემდეგ, კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული ჩანაწერით გამოირიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონი, ...ის ქუჩა N16 წარმოადგენს მოსარჩელის მისამართს, სადაც მან მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ას ტერიტორიაზე ...ი ქვიშის მოპოვების უფლება. 2022 წლის 17 მაისს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეამოწმა სოფელ ...ას ტერიტორიაზე 2022 წლის 11 აპრილიდან ი/მ გ. ჩ-ის მფლობელობაში არსებული ქვიშის კარიერი და სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. აღნიშნული კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში.

საქალაქო სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის Nბს-3(გ-20) განჩინებაში ასახული განმარტება („..ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის სათანადო სანქციებს ითვალისწინებს (27-ე მუხლი)..მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესი, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფიქსირდა სამართალდარღვევის ჩადენა..“) და დამატებით მიუთითა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი/მ გ. ჩ-ის სარჩელი და თანდართული მასალები განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს აღნიშნული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტზე, მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, 26-ე მუხლზე. რაიონული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ითვალისწინებს არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხსაც. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 2 ივნისს Nდად-82/09 დადგენილებით ი/მ გ. ჩ-ე დაჯარიმდა 4000 ლარით, ლიცენზიის მფლობელის - ი/მ გ. ჩ-ის მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ ...ი ქვიშის საბადოს კარიერზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით ჩაუტარებლობის გამო (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა). ამასთან, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2022 წლის 2 ივნისს Nდად-83/09 დადგენილებით, ი/მ გ. ჩ-ე დაჯარიმდა 2500 ლარით. სააგენტოს მიერ 2021 წლის 3 სექტემბერს ტექნიკური ინსპექტირებისას შედგენილ N06/120 ინსპექტირების ოქმში დაფიქსირებული შეუსაბამობის მითითებულ ვადაში აღმოუფხვრელობისა (პროდუქტის კოდექსის 41-ე მუხლი) და კარიერის უსაფრთხოების წესების(პროდუქტის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დარღვევის გამო (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა). აღნიშნული დადგენილებები მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2022 წლის 29 ნოემბრის N1-1/490 ბრძანებით გ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს განემარტა, რომ ბრძანებაზე საჩივრის განმხილველი ორგანოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 41-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კოდექსის 421-425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს (მუხლი 426). პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის განხილვის წესი კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება უნდა შემოწმდეს საერთო სასარჩელო წარმოების წესით.

რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მოპასუხის მისამართია ქ. თბილისი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის Nბს-728(გ-21) განჩინებით გაკეთებულ განმარტებაზე და 2023 წლის 9 მარტის Nბს-101(გ-23) განჩინებაში ასახულ განმარტებაზე, რომლის თანახხმად, „..პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს მასში მოცემული სამართალდარღვევების განხილვის შესაძლებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ განხილულ უნდა იქნას საერთო სასარჩელო წესით, ამდენად, ამ სახის დავის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით (საქმის განხილვის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო სასარჩელო წესით უნდა დადგინდეს..“.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების მე-11 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ი/მ გ. ჩ-ის სარჩელი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია. ამ ვითარებაში, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, ი/მ გ. ჩ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და მიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამასთან, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვებაში იგულისხმება სასამართლოებს შორის დავა არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამრიგად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარების მიზნით, სწორად უნდა დადგინდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული საპროცესო კანონმდებლობა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავის საგნის შინაარსი და სადავო აქტების გამოცემის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები. განსჯადობაზე სასამართლოთა შორის წარმოშობის მიზეზის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესის გამოყენების აუცილებლობა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან მიმართებაში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა გამომდინარეობს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან, არამედ სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის განსაკუთრებულ წესს და ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული გამონაკლისების გარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილს განსაზღვრავს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინების მოტივები სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს ეფუძნება. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის საპროცესო საფუძვლად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ჩათვალა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქმის განსჯადია საჩხერის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული გადაცდომების ჩამონათვალს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს. ცალკეულ სფეროებში სამართალდარღვევათა ჩადენისათვის კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას ადგენს სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებიც (საარჩევნო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და სხვა). ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას ვერ დაექვემდებარება სამართალდარღვევებთან დაკავშირებული იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის გათვალისწინებული. სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა უნდა მოხდეს საერთო სასარჩელო წესით, თუ შესაბამის საკანონმდებლო აქტში არ არსებობს სპეციალური დათქმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე (მაგ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოდექსის მეათე თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. უდავოა, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები, სწორედ მითითებული კოდექსის საფუძველზე განხორციელებული კონტროლისა და ზედამხედველობის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ:

სადავო სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 ივნისის Nდად-82/09 დადგენილების მიხედვით, ი/მ გ. ჩ-ის დარღვევა გამოიხატა საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში - ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევაში. მითითებული დარღვევების გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით ჩაუტარებლობის გამო, ი/მ გ. ჩ-ე დაჯარიმდა 4000 ლარით.

რაც შეეხება სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 ივნისის Nდად-83/09 დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს: სადავო აქტის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენა უკავშირდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესების დარღვევას (კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელის მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევას. მითითებული მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისათვის ი/მ გ. ჩ-ე დაჯარიმდა 2 500 ლარით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი/მ გ. ჩ-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ნორმატიულ საფუძველს არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 ივნისის Nდად-82/09, 2022 წლის 2 ივნისის Nდად-83/09 დადგენილებებში მითითებული, სავარაუდო სამართალდარღვევის ამსახველი ქმედებები, მათთვის განსაზღვრული შესაბამისი სანქციებით, ასახულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ამასთანავე, აღნიშნული კოდექსი არ შეიცავს მითითებას, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით. მოცემული საქმის განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსზღვრული განსჯადობის წესების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი ადმინისტრაციული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს სადავო აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილმდებარეობის შესაბამისი სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამდენად, საქმე სასარჩელო წესით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ გ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა

გენადი მაკარიძე