ას-1046-1280-04 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)
ქ. გაბელაია (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. წ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ჰოლდინგური კომპანია „ს.-ს“, სს „ს.-ს“, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-678“-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ მამამისი სს „ჰ.-ის“ სისტემაში მუშაობდა და 1981 წლიდან ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე. 1988 წლიდან თვითონაც მუშაობა დაიწყო ...-ის სამშენებლო სამმართველოში ...-ად; სისტემიდან გათავისუფლდა 1990 წელს შტატების შემცირების გამო. მისი მამა, აღრიცხვის თანახმად, ოთხოთახიან ბინას ელოდა, მაგრამ მამის მაგიერ ბინის მიღების სიაში შეყვანილ იქნა თვითონ მოსარჩელე. საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დაიწყო ქუჩაზე, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 1994 წლით, მაგრამ სახლი დღემდე არ აშენებულა. „ს.-მ“, რომელიც დამკვეთის ფუნქციას ასრულებს, მშენებლობას თავი ვერ გაართვა. 2002წ. 7 მარტს მოპასუხე ორგანიზაციებმა სს „ს.-ა“ და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.-678-მა“ ხელშეკრულებით ივალდებულეს მოსარჩელის წინაშე 3 თვის ვადაში მისი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა, ბინის მშენებლობის თანხა კი „...-ს”, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, მთლიანად აქვს შეტანილი საერთო მშენებლობის ანგარიშზე. იმის გამო, რომ მოპასუხეები არ ასრულებენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდა ზიანის სახით 40 ათასი აშშ დოლარის გადახდა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით გ. წ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ გ. წ.-ი არ არის კრედიტორი, მას შეუძლია უარი თქვას იმ უფლებაზე, რაც ...-მა და მოპასუხე ორგანიზაციებმა თავიანთი ხელშეკრულებით მიანიჭეს. ასეთ ვითარებაში მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არაფერი არ ერგება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. წ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. წ.-ის მამის ოჯახი იმყოფებოდა ოთხოთახიანი ბინის აღრიცხვაზე 1981 წლიდან. მხარეთა შეთანხმებით ბინის მიღების სიაში შეყვანილი იქნა თავად გ. წ.-ი. ბინის დამკვეთს წარმოადგენს სგ „ს.-ა“, მაგრამ დღემდე ვერ შეძლო ბინის ექსპლოატაციაში მიღება. დადგენილად ცნო ისიც, რომ 2002წ. 7 მარტს გ. წ.-ს ჰოლდინგური კომპანია „ს.-ს“ და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-678-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, ვინაიდან, … მშენებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გაგრძელდა 15 წელი ჰკ „ს.-ა“ და ამხანაგობა „ს-678-მა“ ივალდებულეს, ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის ვადაში დაეკმაყოფილებინათ გ.წ.-ის ოჯახი ბინით, ხოლო ამავე პერიოდში გადაეხადათ სამი თვის ბინის ქირა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, კერძოდ, ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა“ არ წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც უფლება აქვს, დადოს ხელშეკრულება, ვინაიდან სკ-ის 319-ე მუხლით ხელშეკრულების დადება შეუძლიათ კერძო სამართლის სუბიექტებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. წ.-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა კანონის დარღვევით, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, არ გამოიყენა სსკ-ის 170-ე, 171-ე, 172-ე და 173-ე მუხლები, იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ყოფილა სარჩელის მოთხოვნის საფუძველი. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა“ არ წარმოადგენს არც იურიდიულ პირს და არც სხვა პირს, მაშინ, როდესაც ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა“ წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი დარეგისტრირდა 1995წ. 13 ივლისს კანონით დადგენილი წესით და გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი. ეს ორგანიზაცია დღემდე არ არის ლიკვიდირებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწმინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციები წარმოადგენენ „ს.-ის“ სამართალმემკვიდრეებს, რომელთაც გამოეყოთ მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რადგან მიიჩნია, რომ გ.წ.-ი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს ერთი მხრივ მოსარჩელესა და ჰოლდინგური კომპანია „ს.-სა“, მეორე მხრივ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “ს-768-ს” შორის 2002წ. 7 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოა, რადგან ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა”. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რადგან ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ იცნობდა საწარმოთა ასეთ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, შესაბამისად, ჰოლდინგური კომპანია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც უფლება აქვს დადოს ხელშეკრულება, ვინაიდან ხელშეკრულების დადება შეუძლიათ კერძო სამართლის სუბიექტებს, მოცემულ შემთხვევაში კი ჰოლდინგური კომპანია არ წარმოადგენს ასეთ პირს.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ჰოლდინგური კომპანია არ წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც უფლება აქვს, დადოს ხელშეკრულება. ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა“ რეგისტრირებულია დიდუბის რაიონის სასამართლოში და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის სააქციო საზოგადოება. ამდენად, მოპასუხეს მოცემულ შევმთხვევაში წარმოადგენს სააქციო საზოგადოება ჰოლდინგური კომპანია „ს.-ა“, რომელიც არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და უფლება აქვს დადოს ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს გ.წ.-ის სარჩელი მოპასუხეთა მიმართ და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესაბამისად, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისისი განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.