Facebook Twitter

საქმე #ბს-16(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 2 ივლისს მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მფლობელობასა და სარგებლობაში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები. ამ ნაკვეთებს წლების განმავლობაში ფლობდნენ მ. ა-ის წინაპრებიც. მ. ა-ემ 2008 წელს მიმართა ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ა-ე განაგრძობდა მიწის ნაკვეთის ფლობას და მისით სარგებლობას.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წელს დაიწყო ქობულეთი-ბათუმის ჩქაროსნული შემოვლითი გზის მშენებლობა, რამაც მოიცვა მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი მარტის #494 და 2012 წლის 12 აპრილის #801 განკარგულებებზე, რომელთა შესაბამისად, მიწების სარებილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია უნდა განხორციელებულიყო თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ და უკვე გამოსყიდულ მიწის ფართობებზე. შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტთან მიმართებით, მიწის ნაკვეთების რეალურ მფლობელთა დასადგენად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თხოვნით, აზუსტებდა იმ პირთა სიას, ვინც ფლობდა და სარგებლობდა ამ არეალში მოხვედრილ ნაკვეთებს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა 2 ერთეული მიწის ნაკვეთი, შემოვლითი გზის პროექტში მოხვდა ორივე მათგანი და ერთ-ერთ ნაკვეთზე მან მიიღო შესაბამისი კომპენსაცია. ანაზღაურება მიიღეს, ასევე, ამ ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სხვა ნაკვეთების მფლობელებმაც, რომლებიც წარმოადგენენ მ. ა-ის ნათესავებს. ყოველივე ამის მიუხედავად, მეორე მიწის ნაკვეთზე საკომპენსაციო სიაში შეყვანის საკითხის გადაწყვეტისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საკრებულომ უარის საფუძვლად იმაზეც მიუთითა, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებდა სხვა პირი - ო. ა-ეც.

მოსარჩელის მითითებით, მან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლა დაევალა. მოსარჩელის შეფასებით, ამის მიუხედავად, საკრებულომ არ გამოიკვლია გარემოებები, მფლობელობის საკითხის დადგენისას იხელმძღვანელა იმჟამინდელი მდგომარეობით და არ გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებამდე პერიოდისთვის მიწის ნაკვეთის მფლობელობის თაობაზე, არც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მოიწვია. მოპასუხემ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელები/მოსარგებლეები შეყვანილ იქნენ ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში და არსებობდა მ. ა-ესთან მიმართებით სხგაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის და მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ამდენად, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის #2 საოქმო გადაწყვეტილების მ. ა-ის ნაწილში ბათილად ცნობა, „მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის #01-17/15 ბრძანების ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში, მ. ა-ის შეყვანის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის #2 საოქმო გადაწყვეტილება მ. ა-ის ნაწილში და „მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის #01-17/15 ბრძანება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში მ. ა-ის შეყვანასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის #3-373-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოსარჩელის მხრიდან წამოჭრილი სადავო საკითხის შესწავლას.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მ. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ ამომწურავად უნდა ყოფილიყო შესწავლილი კონკრეტული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, დანიშნულება, ასევე ის გარემოება, ყოველწლიურად ხდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობდა თუ არა მოსარჩელე, თუ ნაკვეთი სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში იყო. ამასთან, საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადგენა არა ამ გზის მონაკვეთზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, არამედ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულებით (ქ. ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზა) მშენებლობის დაწყების დროისათვის. ამის ნაცვლად, საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეეცადა გამოეკვლია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ საქმის განხილვის, კერძოდ, 2018 წლის მაისის მდგომარეობით.

სააპელაციო სასამართლო, ასევე, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისა და მშენებლობის დასრულების შედეგად სადავო მიწის ნაკვეთს დაეკარგა ის დანიშნულება და სარგებლობა-გამოყენების შესაძლებლობა, რაც მშენებლობის დაწყებამდე გააჩნდა. შესაბამისად, გასაჩივრებულ აქტში იმ გარემოებაზე მითითება, რომ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის შემოვლითი გზა და არ დგინდება სარგებლობის ფაქტი, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიწის ნაკვეთების რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირებისა და დაზუსტებული მონაცემების მოსაძიებლად სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევის საფუძველზე მიღებულ დასკვნად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის, ზ. ბ-ის 2013 წლის 14 მარტის #01-04/95 წერილზე, რომლითაც მან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს - თ. ზ-ეს აცნობა, რომ 2013 წლის 14 მარტს მის, როგორც ...ის თემის რწმუნებულის, სახელზე შევიდა ამავე თემის მაცხოვრებლის - მ. ა-ის განცხადება, რომელმაც შეატყობინა, რომ ავტობანის მშენებლობა გადის ე.წ. „...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ნაწილსაც დაუფლებულნი იყვნენ ჯერ კიდევ მისი წინაპრები, ხოლო შემდგომში - თავად, ამუშავდებდნენ ამ მიწის ნაკვეთს და მოჰყავდათ სიმინდი, რომ აღნიშნული პიროვნება - მ. ა-ე საკომპენსაციო სიაში შეყვანილ პირთა შორის არ მოიხსენება და სთხოვა ავტობანის მშენებლობის დეპარტამენტისათვის ეცნობებინა, რომ მ. ა-ე შეეყვანათ დამატებით სიაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული წერილი, რომელშიც მიწის ფაქტობრივი მფლობელობის საკითხზე იყო საუბარი, მოეწვია ადმინისტრაციულ სხდომაზე ამ წერილის ავტორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული - ზ. ბ-ე, გამოეკითხა იგი დეტალურად, რაც, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს მოწმის სახით არ გამოუკითხავს მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, რათა სრულყოფილი მტკიცებულებების შეჯერებით, სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევის შესაბამისად, გაეკეთებინა დასკვნა, არსებობდა თუ არა მოსარჩელის, როგორც შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი ბენეფიციარის, დადგენილი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანის საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე, მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ყველა ის პირი, რომელიც ესაზღვრებოდა იმ მიწის ნაკვეთს, რომლის ფლობა-სარგებლობაზეც მიუთითებდა მოსარჩელე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის #3-373 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ. ა-ის საკომპენსაციო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 აპრილის #1-17/11 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2018 წლის 21 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც ადმინისტრაციული წარმოების გამართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრის, სოფლის თვითმმართველობის ორგანოსაგან მოპოვებული ინფორმაციით და ადგილზე გასვლა-დათვალიერების შედეგად, მიიჩნიეს, რომ ვერ იქნა დადგენილი მ. ა-ის მიერ სადავო მიწით სარგებლობის ფაქტი, რის გამოც, მას უარი ეთქვა საკომპენსაციო სიაში შეყვანაზე.

კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი კომისიის მიერ არაერთხელ იქნა დათვალიერებული და დასურათებული. შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია იმის დადგენა, რომ არა თუ სადავო მიწის ნაკვეთზე, არამედ მის მიმდებარედაც კი, არ არსებობს რაიმე სახის დამუშავების ან/და სარგებლობის კვალი. ტერიტორია დაჭაობებულია და დაფარულია სარეველებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მუნიციპალიტეტის საკრებულოში რამდენჯერმე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც მოწვეული მოწმეების მიერ ურთიერთგამომრიცხავად აღიწერა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, რის გამოც, მოწმეთა ჩვენებები შეუძლებელი იყო, მიჩნეულიყო სარწმუნოდ.

ამასთან, კასატორის მითითებით, ყველა ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწვეული იყვნენ ტერიტორიული ორგანოს როგორც მოქმედი, ასევე, ყოფილი რწმუნებულები. თუმცა მაშინდელმა რწმუნებულმა კატეგორიულად უარყო როგორც მ. ა-ის, ასევე, მისი მოწინააღმდეგე ო. ა-ის მიერ მიწით სარგებლობის ფაქტი.

კასატორი განმარტავს, რომ მანამდე, სანამ საკრებულოში შეიქმნებოდა ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხების შემსწავლელი კომისია, საკომპენსაციო სიაში მოქალაქეები შეჰყავდა საგზაო გზების დეპარტამენტს და შესაბამისად, სწორედ იგი გასცემდა კომპენსაციებს. კასატორის მითითებით, მ. ა-ეს საგზაო დეპარტამენტისაგან უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია სრულიად სხვა მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რა გარემოებამ შეუშალა ხელი მას დეპარტამენტისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მაისის #2 საოქმო გადაწყვეტილების მ. ა-ის ნაწილში ბათილად ცნობა, „მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის #01-17/15 ბრძანების ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა/ანაზღაურების უფლების მქონე პირთა სიაში, მ. ა-ის შეყვანის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაფინანსებას ახორციელებდა აზიის განვითარების ბანკი (ADB). ბანკის განსახლების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მომხდარიყო გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გზის განთავსების ზოლში მოქცეული ქონების (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხების განსაზღვრისათვის დაიწყო მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადება. გეგმა ითვალისწინებდა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის სტატუსის დადგენასაც. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP-III), ასევე, ითვალისწინებდა ბანკის პოლიტიკის შესაბამისად პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის დამატებითი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებას. „ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის #288 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების დაჩქარებისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის მიერ ამ პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჩანაწერების (Aide Memoire) გათვალისწინების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა, შესაძლოდ მოკლე დროში ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულების (ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლით) დეტალური პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებითა და ბანკის მისიასთან შეთანხმებით. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე იწყებოდა სამშენებლო სამუშაოები, რომლის დაფინანსებასაც ახორციელებდა აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობას უნდა მიეწოდებინა პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებისა და სოციალურად დაუცველ კატეგორიებში შემავალი ოჯახების შესახებ ინფორმაცია. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განსახლების გეგმის შესაბამისად, საწყის ეტაპზე მოამზადა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის მოსახლეობას გადასცა მასალები გზის განთავსების ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და შესაბამისი ელ.ვერსიების სახით, ხოლო მასალების გადაცემის პროცესში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, თითქმის ყველა სოფელში აღმოჩნდნენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომელთა განმარტებითაც, გზის განვითარების ზოლში მოყოლილი ფართობები არის მათ სარგებლობაში და ისინი არ აღმოჩნდნენ ზემოქმედებაში მოქცეული ოჯახების სიაში. შექმნილ მდგომარეობაში გარკვევის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტს სთხოვა აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის ქობულეთის მონაკვეთზე მიმდინარე განსახლების პროცედურების მიმდინარეობისას მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილი სადავო საკითხების შესწავლა, რეალურ მფლობელთა იდენტიფიცირება და საბოლოოდ დაზუსტებული, შეჯერებული მონაცემების მიწოდება დეპარტამენტისთვის.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მ. ა-ემ განცხადებით მიმართა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს“ და მისი კომპენსაციის მისაღებ პირთა სიაში შეყვანა მოითხოვა. ამასთან, ამავე ნაკვეთით სარგებლობის საფუძვლით „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს“ მიმართეს, ასევე, სოფელ ...ში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც (ა-ეები). აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხი და 2013 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა #7 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვათ სოფელ ...აში მცხოვრებ მოქალაქეებს (ა-ეებს), მათ შორის - მოსარჩელე მ. ა-ეს, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

2013 წლის 13 აგვისტოს მ. ა-ემ საჩივრით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 27 ივნისის #7 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარი განხილულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 2013 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 სექტემბრის #01-19/781 ბრძანებით მ. ა-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #3-373/13) მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანება #01-19/781 მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 27 ივნისის #7 საოქმო გადაწყვეტილება მ. ა-ის ნაწილში, ასევე, მოპასუხეს - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილი სადავო საკითხის შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს/ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მ. ა-ის მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე #3-373/13) შესულია კანონიერ ძალაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის #3-373/13 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მ. ა-ის განცხადების განხილვის მიზნით, 2015 წლის 21 აპრილს ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა და ადმინისტრაციული წარმოების განმახორციელებელმა პირებმა მიიჩნიეს, რომ მოქალაქე მ. ა-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის ფაქტი ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მაისის #26 ბრძანებით მ. ა-ეს უარი ეთქვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში შეყვანაზე, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის #3-373-15 გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის #2 საოქმო გადაწყვეტილება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მაისის #26 ბრძანება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ მ. ა-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 აპრილის #01-17/11 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 30 მაისის #01-17/15 ბრძანებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მ. ა-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დასადგენად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ ამომწურავად უნდა ყოფილიყო შესწავლილი კონკრეტული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, დანიშნულება, ასევე, ის გარემოება, ყოველწლიურად ხდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობდა მოსარჩელე თუ იგი სხვა პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში იყო. ამასთან, საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის დადგენა არა ამ გზის მონაკვეთზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, არამედ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულებით (ქ. ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზა) მშენებლობის დაწყების დროისათვის. ამის ნაცვლად, საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეეცადა გამოეკვლია და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ საქმის განხილვის, კერძოდ, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, რაც ვერ განაპირობებს იმ საკითხის გადაწყვეტას, მოსარჩელე უნდა ყოფილიყო თუ არა შეყვანილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპესაციის მიღების მქონე პირთა სიაში.

საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისა და მშენებლობის დასრულების შედეგად სადავო მიწის ნაკვეთს დაეკარგა ის დანიშნულება და სარგებლობა-გამოყენების შესაძლებლობა, რაც მას მშენებლობის დაწყებამდე გააჩნდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო არაგონივრულად მიიჩნევს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ გარემოებაზე მითითებას, რომ მიწის ნაკვეთზე უკვე გადის შემოვლითი გზა და არ დგინდება სარგებლობის ფაქტი, რამდენადაც მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელის/მფლობელთა იდენტიფიცირებისათვის სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოითხოვდა საკითხის კვლევას სწორედ გზის მშენებლობის დაწყების დროინდელი მდგომარეობით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის - ზ. ბ-ის 2013 წლის 14 მარტის #01-04/95 წერილზე, რომლითაც მან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს - თ. ზ-ეს აცნობა, რომ 2013 წლის 14 მარტს მის, როგორც ...ის თემის რწმუნებულის სახელზე შევიდა ამავე თემის მაცხოვრებლის - მ. ა-ის განცხადება, რომელმაც შეატყობინა, რომ ავტობანის მშენებლობა გადის ე.წ. „...ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ნაწილსაც დაუფლებულნი იყვნენ ჯერ კიდევ მისი წინაპრები, ხოლო შემდგომ თავად ამუშავდებდნენ ამ მიწის ნაკვეთს და მოჰყავდათ სიმინდი, რომ აღნიშნული პიროვნება - მ. ა-ე საკომპენსაციო სიაში შეყვანილ პირთა შორის არ მოიხსენება და სთხოვა ავტობანის მშენებლობის დეპარტამენტისათვის ეცნობებინა, რომ მ. ა-ე შეეყვანათ დამატებით სიაში.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა ზემოაღნიშნული წერილი, რომელშიც საუბარი იყო მიწის ფაქტობრივი მფლობელობის საკითხზე, მოეწვია ადმინისტრაციულ სხდომაზე ამ წერილის ავტორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული - ზ. ბ-ე, გამოეკითხა იგი დეტალურად, რაც, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენლის მიერ განიმარტა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს მოწმის სახით არ გამოუკითხავს მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, რათა სრულყოფილი მტკიცებულებების შეჯერებით, სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევის შესაბამისად გაეკეთებინა დასკვნა, არსებობდა თუ არა მოსარჩელის, როგორც შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი ბენეფიციარის, დადგენილი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანის საფუძველი. ასევე, მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ყველა ის პირი, რომელიც ესაზღვრება იმ მიწის ნაკვეთს, რომლის ფლობა-სარგებლობაზეც მიუთითებს მ. ა-ე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მიუხედავად სადავო საკითხის არაერთგზის განხილვისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კვლავ კონკრეტული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და დადგენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაშინ, როდესაც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ამ საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა ევალებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა