საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-989(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ა-იმა 2020 წლის 24 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №MOD 31901320922 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, 1993 წლის 01 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შესაბამისი სამხედრო წოდებით გ. ა-ის სამხედრო სამსახურში ნამსახური სტაჟის აღიარების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №MOD 31901320922 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღიარებულ იქნა 1993 წლის 01 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გ. ა-ის სამხედრო სამსახურში ნამსახური სტაჟი, შესაბამისი სამხედრო წოდებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლზე, რომლითაც დადგენილია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება.
პალატამ მიუთითა აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი№2) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დადგენილია საერთო შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტების ჩამონათვალი: შრომის წიგნაკი; სამუშაო ადგილიდან გაცემული ცნობები, მოწმობები, შრომითი ხელშეკრულებები; იმ სისტემის ზემდგომ დაწესებულებათა ცნობები, რომელშიც მუშაობდა ესა თუ ის პირი; საარქივო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები; შემოქმედებითი კავშირების გამგეობათა სამდივნოების და არასამთავრობო ორგანიზაციების დადგენილებები პირის სტაჟის დადასტურების შესახებ; ცნობა სავალდებულო სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სხვა სამსახურში ყოფნის პერიოდზე; ცნობა დროებითი შრომისუუნარობის დროს შესაბამისი დახმარების მიღების შესახებ; ცნობა პირთა უსაფუძვლოდ დაპატიმრების დასისხლის სამართლის პასუხისგებაში უსაფუძვლოდ მიცემის პერიოდზე, ასევე ამ პირთა მიერ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის იმ პერიოდზე, რომელიც აღემატება საქმის გადასინჯვის შედეგად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთის პერიოდს; დავის არსებობის შემთხვევაში, საკითხი წყდება სასამართლო წესით.
პალატამ მიუთითა აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებთ დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-16 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს: სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს; სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას); საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე; სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში; სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს; კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-ის ნამსახურობის სტაჟში ჩაითვალა შემდეგი პერიოდი: 1992 წლის პირველი ივნისიდან 1993 წლის პირველ აპრილამდე; 1996 წლის 14 მარტიდან 1998 წლის 9 ოქტომბრამდე; 2001 წლის 21 მაისიდან 2003 წლის 21ნოემბრამდე; 2008 წლის 24 მარტიდან 2019 წლის 14 იანვრამდე პერიოდი და დადგინდა, რომ გ. ა-ის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 18 წელს, 08 თვეს და 13 დღეს.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩია აგრეთვე, რომ მოსარჩელე გ. ა-იმა 2019 წლის 08 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის უფროსს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით მოითხოვა სადავო პერიოდის - 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე, ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №MOD31901320922 ადმინისტრაციული აქტით გ. ა-ის დაუდგინდა სამხედრო სამსახურის გავლა 1992 წლის პირველი ივნისიდან 1993 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, უარი ეთქვა 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე პერიოდის სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მხედველობაში არ მიიღო 1995 წლის 25 აგვისტოს საბრძოლო მოკვლევის ოქმი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 4 ივლისის N010249 ცნობა და ასევე ვიდეო-მასალა, სადავო პერიოდში გ. ა-ის წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სამხედრო პირის წელთა ნამსახურობაში ითვლება პერიოდი, როდესაც პირი მსახურობდა სამხედრო სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან ბრძანებით თადარიგში დათხოვნის ან სამსახურიდან გადადგომის დღემდე. ამასთან, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს როგორც სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე, ასევე, სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში ან/და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად.
პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის პოზიცია სადავო პერიოდში სამხედრი სამსახურში და შეიარაღებულ ძალებში მოსარჩელის მსახურთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
პალატამ მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 25 აგვისტოს საბრძოლო მოკვლევის ოქმი, რომლის თანახმად, გ. გ.-ს ძე ა-ი ნამდვილად მსახურობდა ს/ნ N...-ში ...ის თანამდებობაზე და მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 1993 წლიდან 1994 წლამდე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონებში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე სამხედრო ნაწილი N...-ის მეთაური ო. ჩ-ის მოხსენებით ბარათზე, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილის მეთაური მიმართავს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალს, რომ 1993 წლის 18 სექტემბრიდან ბატალიონი გაგზავნილ იქნა აფხაზეთში საომარ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად და 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გვარდიის ... გ-ის ბრძანებით, რუსთავის გვარდიის ბატალიონს გადაეცა ამავე ბატალიონზე რიცხული საბრძოლო მასალა.
პალატამ მიუთითა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 4 ივლისის N010249 ცნობაზე, რომლის თანახმად, გ. გ.-ს ძე ა-ი 1993 წლის 20 ივლისიდან 1993 წლის სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების, ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით. საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დგინდება, რომ გ. ა-ის 1994-1995 წლებში წვევამდელების ფიცის დადების დროს მონაწილეობა აქვს მიღებული აღნიშნულ ცერემონიალში.
სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის ახსნა-განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, მოწმის სახით დაკითხულმა ა. ტ-იმა დაადასტურა გ. ა-ის მიერ 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის ფაქტი.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გ. ა-ი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მისი 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის შესახებ მუშაობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი გამოცემულია კანონის არსებითად დარღვევის შედეგად ან ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ხოლო სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის N1293632 წერილი გამოცემული იქნა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, საკითხს განმხილველი კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა მტკიცებულებები შესაბამისი ქვედანაყოფებიდან და სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ამავე დროს შეფასდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მხარე ამყარებდა ფაქტის მტკიცებას, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 14 მარტის N138 ბრძანებით გ. ა-ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარღებულ ძალებში. კასატორის მითითებით, სასამართლო ძირითად არგუმენტაციას და მტკიცებულებას ამყარებს ვიდეო- ჩანაწერზე, რომელშიც მოწმე ა. ტ-ი წვევამდელებისაგან იბარებს ფიცს, თუმცა სასამართლოს ამ ჩანაწერის წარმომავლობა, დრო, ადგილი არ დაუდგენია, ასევე უცნობია, რა მახასიათებელი ნიშნით მოხდა გ. ა-ის ინდეტიფიცირება.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მეთერთმეტე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი, მაინც და შრომის სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აღნიშნული ნორმის დანაწესი მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლაზე, სამხედრო მოსამსახურედ მსახურის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემაზე. გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესისის (დანართი N2) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, სადაც მითითებულია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული და შესწავლილი იქნა შრომის წიგნაკი, თუმცა სხვა დოკუმენტაცია, მიუხედავად მოძიებისა და გამოთხოვისა, მოპოვებული ვერ იქნა და შესაბამისად, გ. ა-ის სამხედრო სამსახურში მსახური 1993 წლიდან 1996 წლამდე მსახურის პერიოდი ვერ დადგინდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებაზე, რომლთაც დამტკიცდა „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება“. ამ დებულების მე-16 თავის მე-6 პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის ნამსახურები წლები (სტაჟი) მოიცავს სხვადასხვა პირობებს, კერძოდ: სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან ან სპეციალური წოდებასთან; ან სამხედრო სამსახური გაირა იმ უწყებაში, რაც ითვლებოდა სამხედრო სამსახურის გავლად და სხვა პირობები. კასატორის მითითებით, მიუხედავად აღნიშნულისა, 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე ვერ დგინდება გ. ა-ის მიერ შეიარაღებულ ძალებში და სამხედრო სამსახურში მსახურის პერიოდი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები, დისკი და მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც ხდება გ. ა-ის მის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის ინდენტიფიცირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 17 მარტის №MOD 3 20 00290952 წერილის თანახმად, გ. ა-ის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 18 წელს, 08 თვესა და 13 დღეს.
მოსარჩელე გ. ა-იმა 2019 წლის 08 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის უფროსს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვის მიზნით მოითხოვა სადავო პერიოდის (1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე) ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 19 დეკემბრის №MOD 31901320922 ადმინისტრაციული აქტით გ. ა-ის დაუდგინდა სამხედრო სამსახურის გავლა 1992 წლის პირველი ივნისიდან 1993 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, უარი ეთქვა 1993 წლის პირველი აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე პერიოდის, სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, შესაბამისი ასაკის მიღწევის გამო, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა (მე-5 მუხ. 1-ლი პუნქტ. „ა“ ქვ.პ.). კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს (მე-5 მუხ. მე-2 პუნქტ., „ე“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონზე და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში (1-ლი მუხ. „ა“ პუნქტი). „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია სამხედრო სამსახურის შესრულების დამადასტურებელი პირობები, მათ შორისაა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა („ა“ ქვ.პ.).
პალატა მიუთითებს აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებთ დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაზე“, რომლის მე-16 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს: სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს; სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას); საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე; სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში; სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს; კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტაციის, კერძოდ, 1995 წლის 25 აგვისტოს საბრძოლო მოკვლევის ოქმის თანახმად, გ. გ.-ს ძე ა-ი მსახურობდა ს/ნ N...-ში ...ის თანამდებობაზე და მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში 1993 წლიდან 1994 წლამდე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონებში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 4 ივლისის N010249 ცნობის თანახმად, გ. გ.-ს ძე ა-ი 1993 წლის 20 ივლისიდან 1993 წლის სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების, ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით.
სამხედრო ნაწილი N...-ის მეთაური ო. ჩ-ის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილის მეთაური მიმართავს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალს, რომ 1993 წლის 18 სექტემბრიდან ბატალიონი გაგზავნილ იქნა აფხაზეთში საომარ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად და 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გვარდიის ... გ-ის ბრძანებით, ...ის გვარდიის ბატალიონს გადაეცა ამავე ბატალიონზე რიცხული საბრძოლო მასალა. მხედველობაშია მისაღები ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის ახსნა-განმარტება, რომლის შესაბამისად, მოწმის სახით დაკითხულმა ა. ტ-იმა დაადასტურა გ. ა-ის მიერ 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა და მოწმის განმარტება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის. მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო გ. ა-ის 1993 წლის 1 აპრილიდან 1996 წლის 14 მარტამდე თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობის შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება გახდეს გ. ა-ის შრომითი სტაჟის დადგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე