Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-945 (კ-22) 03 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-ემ 2018 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №1707 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ი, ... მ/რ, მე-2 კვარტ, კორ. 14ა-ს მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ა-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №1707 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ლ. ა-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზით დგინდებოდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (კანალიზაციის) ობიექტი. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რასაც თავადვე ადასტურებდა განმცხადებელი და წარმოდგენილ განცხადებაში განმარტავდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა №... ... . საჯარო რეესტრიდან ამონაწერით კი დგინდებოდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობებზე (მისამართი: ქ.თბილისი, დასახლება ...ი მიკრო/რაიონი III, II კვარტალი, კორპუსი N14ა-ს მიმდებარედ ს/კ N..., საერთო ფართობი 3138 კვ.მ) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. გარდა აღნიშნულისა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში (რზ-1), რაც გამორიცხავდა საკუთრების უფლების აღიარებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის შეფასებით, არ არსებობდა მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოკვეთილიყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე ლ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №1707 განკარგულების კანონიერების დადგენას. ხსენებული განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ი, ... მ/რ, მე-2 კვარტ, კორ. 14ა-ს მიმდებარედ არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (კანალიზაციის) ობიექტი, ამასთან, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობებზე (მისამართი: ქ.თბილისი, დასახლება ...ი მიკრო/რაიონი III, II კვარტალი, კორპუსი N14ა-ს მიმდებარედ ს/კ N..., საერთო ფართობი 3138 კვ.მ) რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. გარდა აღნიშნულისა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სადავო ტერიტორია აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრების უფლებით (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2016 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა ლ. ა-ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, მე-2 კვ, კორ. N14ა-ს მიმდებარედ, 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2016 წლის 10 ოქტომბრის N534 საოქმო გადაწყვეტილებით ლ. ა-ეს უარი ეთქვა 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 2017 წლის 12 იანვარს ლ. ა-ემ კვლავ მიმართა კომისიას და განცხადებით მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ი, ... მ/რ, მე-2 კვ. კორ.N 14ა-ს მიმდებარედ, (დროებითი საკადასტრო კოდი N...) 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა განცხადება განუხილველი დარჩა თავად განმცხადებლის მოთხოვნით.

2018 წლის 07 ივნისს ლ. ა-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 600 ვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის N... წერილით ლ. ა-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N1707 სადავო განკარგულებით ლ. ა-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ ლ. ა-ის განმარტებით, მისი ოჯახი 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა გაგრაში. საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილების შედეგად ჩამოვიდნენ თბილისში. 1993 წლიდან დაიწყეს გაუქმებული ...ის დანგრეული შენობის აღდგენა თვითნებურად. შენობის მიმდებარედ იყო დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც დაამუშავეს. ნაკვეთზე ააშენეს შენობა. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით გააშენეს 100 ძირამდე ხეხილი, ააშენეს სათბურები, შეიძინეს მსხვილფეხა საქონელი და ფრინველი, ააშენეს სათავსოები და მათი შემოსავლის მიღების წყარო იყო და დღემდე არის სადავო მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის ორთოფოტო ადასტურებს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია გარკვეული ობიექტები, თუმცა უტყუარად არ დგინდება, აღნიშნული ნაგებობებიდან რომელი ნაგებობაა ყოფილი ...ის შენობა (სახელმწიფო ობიექტი) და რომელი მოსარჩელის მიერ აშენებული, რა გარემოების დადგენა, მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, რადგანაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (51.5 მუხლი) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების ნაწილობრივ აღიარებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თუ ტერიტორიის კონკრეტულად რა ნაწილზეა განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (კანალიზაციის) ობიექტი, ან დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით რომელ ნაწილზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა (თბილისის მერიის ერთიანი რუკის მიხედვით, სარეკრეაციო ზონა სრულად არ ვრცელდება N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე).

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №1707 განკარგულება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იძლეოდა სადავო საკითხზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გავრცელების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა