№ბს-1094(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. ბ-ამ (მხარდამჭერი - ი. ბ-ა) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 მაისის №03-1904/ო ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ბ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 მაისის №03-1904/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კ. ბ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მამამ - ვ. ბ-ამ დევნილის სტატუსი მიიღო კ. ბ-ას სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, კერძოდ, 2019 წელს, შესაბამისად, მოსარჩელეზე ვერ გავრცელდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დათქმა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამას არასდროს მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არასრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე დაიბადა ... წელს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მისმა მხარდამჭერმა სააგენტოს მიმართა 2021 წელს. მოსარჩელემ განცხადება დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით წარადგინა სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ. ამასთან, კ. ბ-ას მიმართ არც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოება დასტურდება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 მაისის №03-1904/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) კ. ბ-ას მხარდამჭერმა - ი. ბ-ამ 2021 წლის 14 მაისს №24292 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კ. ბ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარედგინა: - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინება კ. ბ-ას დროებით მხარდამჭერად დედის - ი. ბ-ას დანიშნვნის თაობაზე; აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 29 მარტის №0000021 ცნობა, რომლის თანახმად კ. ბ-ა არის აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირი და მისი მუდმივი საცხოვრებელი მისამართია მშობლის - მამის, ვ. ბ-ას მისამართი - ქ. სოხუმი, სოფ. ... (ს.ფ. 56-59); ბ) 2021 წლის 14 მაისს კ. ბ-ას მხარდამჭერთან - ი. ბ-ასთან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩატარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: კ. ბ-ას მამა - ვ. ბ-ა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სოხუმის რაიონ სოფელ ...ში. აფხაზეთის ომის გამო ვ. ბ-ამ, რომელიც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ფეხით, ...ის ...ის გავლით, გადავიდა ქ. წყალტუბოში, სადაც თავი შეაფარა ნათესავის ბინას. მისი მშობლები დარჩნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1994 წელს ვ. ბ-ა დაქორწინდა არადევნილ ი. ბ-აზე. 1995 წელს ოჯახი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ... წელს შეეძინათ შვილი - კ. ბ-ა, რომელიც ბავშვობიდან შშმ პირია. კ. ბ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახი 2000 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოჭში, აქვე ... წელს შეეძინათ შვილი - დ. ბ-ა. 2009 წელს ოჯახის დაბრუნდა საცხოვრებლად ქ. ვოტკინსკში. 2013 წელს დ. ბ-ას ჯანმრთელობის გამო, მკურნალობის მიზნით ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში. 2016 წელს ოჯახი მოსკოვიდან დაბრუნდა საქართველოში და მას შემდეგ ცხოვრობენ ი. ბ-ას დედის ბინაში ქ. წყალტუბოში. 2018 წელს გარდაიცვალა დ. ბ-ა. 2019 წელს ვ. ბ-ამ მიიღო ორმაგი მოქალაქეობა, რის შემდეგ აღიდგინა დევნილის სტატუსი. 2020 წელს ი. ბ-ამ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო კ. ბ-ას 2021 წელს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ. 66-69); გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 25 მაისის №03-4897 მოხსენებითი ბარათით სააგენტოს დირექტორს წარედგინა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა კ. ბ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობის გამო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კ. ბ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთში არ უცხოვრია. მშობლებს მისი არასრულწლოვნების პერიოდში დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ. მამას - ვ. ბ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2019 წელს. აღნიშნულ პერიოდში კ. ბ-ა იყო სრულწლოვანი და მასთან მიმართებაში არ დასტურდება არც დასახელებული კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები (ს.ფ. 63-65, 70); დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 მაისის №03-1904/ო ბრძანებით კ. ბ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 61); ე) 1995 წლის 25 ივლისს ვ. ბ-ას მიმართ წყალტუბოს მერიის მიერ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის №166064 მოწმობა. ვ. ბ-ა იღებდა სახელმწიფო ფულად დახმარებას. საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 14 მარტის №135 ბრძანებულებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ვ. ბ-ას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2019 წლის 24 მაისის №73681 განცხადების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №04-1161/ო ბრძანებით ვ. ბ-ას მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ს.ფ. 89-90, 97-108).
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ არასრულწლოვნების დროს ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ 1995 წლის 25 ივლისს მოსარჩელის მამის - ვ. ბ-ას მიმართ წყალტუბოს მერიის მიერ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის №166064 მოწმობა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავენ სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილისათვის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის ქონა, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად იქნა ცნობილი ბათილად მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 მაისის №03-1904/ო ბრძანება. შესაბამისად, სადავო აქტის უკანონობის პირობებში, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე