Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1463(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ბ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ...ს მონაკვეთის (F-2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ, მოპასუხე ა. ბ-ეის (პ.ნ ...) საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე 1445 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 433 კვ.მეტრზე, მასზე არსებულ უძრავ ქონებასა და მრავალწლიან ნარგავებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. განმცხადებელმა აგრეთვე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ...ს მონაკვეთის (F-2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ, მოპასუხე ა. ბ-ეის (პ.ნ ...) საკუთრებაში არსებულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე 1445 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 433 კვ.მეტრზე, მასზე არსებულ უძრავ ქონებასა და მრავალწლიან ნარგავებზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით ა. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ არ იყო დაკმაყოფილებული ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები, რაც რეგულირდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, დავა იყო სამოქალაქო წესით განსახილველი, თუმცა კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული მუხლი ეხება მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულებისა და კომპენსაციის ნაწილის შესახებ დავის დარეგულირებას.

კასატორის მითითებით, დაირღვა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და 28-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის უფლება. მიმდინარე სამუშაოების პროცესი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დაბინძურებული იყო ჰაერი, შეზღუდული იყო ხილვადობა, რის გამოც ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ხმაურიანი სამუშაოები გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. კასატორმა აღნიშნა, რომ აგრეთვე შეზღუდული იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მიმოსვლის თავისუფლების, მე-15 მუხლით გათვალისწინებული პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება; ჩაიხერგა ეზოსთან მისასვლელი გზები, რის გამოც გაკეთდა ალტერნატიული გზა, დაზიანდა ნარგავები. მოსარჩელე დანიშნულებისამებრ ვერ იყენებდა საკუთრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა. ბ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 01 დეკემბრის №1-1/514 ბრძანებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ა. ბ-ეის საკუთრებაში არსებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მთლიანი ფართობის 1445 კვ.მ.-ის ნაწილის 433 კვ.მ-ის, მასზე არსებული უძრავი ქონების და მრავალწლიანი ნარგავების გამოსყიდვაზე. ბრძანებაში მიეთითა, რომ ...ს მონაკვეთი წარმოადგენდა აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 საავტომობილო-სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს. აღნიშნული მონაკვეთი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ მონაკვეთზე გაივლიდა ყველა ის სატრანზიტო ავტოტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ევროპიდან, თურქეთიდან, ბათუმის, ფოთისა და ანაკლიის პორტებიდან თბილისის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, შუა აზიისა და რუსეთის მიმართულებით. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა მკვეთრად გაზრდიდა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას, სიჩქარესა და გზის გამტარუნარიანობას. ასევე, დადებითი ეფექტი ექნებოდა მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობდა საქართველოზე გამავალი E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა კორიდორებთან მიმართებით. ...ის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობით გაიზრდებოდა შავი ზღვის პორტის მეშვეობით შემომავალი ტვირთის (რომელიც მოძრაობს ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით და პირიქით) გამტარუნარიანობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად აუცილებელი იყო ა. ბ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ნაწილის გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრესთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 01 დეკემბრის №1-1/514 ბრძანებით სათანადოდ იყო დასაბუთებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აგრეთვე, განსაზღვრული იყო ექსპროპრიაციის სუბიექტი - საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი აგებულია ზოგად მსჯელობებზე. კასატორი მიუთითებს, რომ ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სადავო უძრავ ნაკვეთებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება წარმოადგენს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინასაექსპროპრიაციო ეტაპზე განმცხადებელსა და ქონების მესაკუთრეთა შორის ქონების აღწერასთან დაკავშირებით გარკვეული შეუთანხმებლობა არ გამორიცხავს ექსპროპრიაციის მინიჭების შესაძლებლობას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით არ ილახება მესაკუთრის სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის უფლება. კასატორის მიერ დასახელებული პრეტენზია ქონების კომპენსაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე საავტომობილო გზის მშენებლობით გამოწვეული დისკომფორტის გამო მათთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს არა მოცემული, არამედ მხარის მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორის სამართლებრივი პრეტენზიის განხილვის წესთან დაკავშირებით სამოქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია მყარი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. სუსგ №ას-796-2022, 24.11.2022 წელი; №ას-952-2019, 6.07.2022 წელი; №ას-1133-2019, 30.07.2021 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა