Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-9(კ-23) 1 მაისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „მ...“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ 2020 წლის 22 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2020 წლის 29 აპრილის №04-15/589 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2900 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ ჯ.ლ-ის ნაწილში და ახალი აქტის გამოცემის დავალება პაციენტ ჯ.ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს ,,მ...სთვის“ ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2020 წლის 29 აპრილის №04-15/589 გადაწყვეტილება პაციენტ ჯ.ლ-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2900 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა“ და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პაციენტ ჯ.ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს ,,მ...სთვის“ ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები; კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ლ-ე, რომლის შემთხვევის ნომერია ..., კლინიკაში მკურნალობდა 14.06.2019 წლიდან 24.06.2019 წლამდე გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით. სამედიცინო შემთხვევა მიმწოდებლის მიერ გადმოცემულია პროგრამული კოდით Iნტ00045/1 - პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი j96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

მითითებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალმა 29.04.2020 წლის №04-15/598 გადაწყვეტილებით უარი უთხრა ანაზღაურებაზე; საფუძველი - დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. შესაბამისად მითითებულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ანაზღაურდება“. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმ. ორგანოში, რომლის 2020 წლის 17 ნოემბრის №10/2900 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი.

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდებოდა, შესაბამისად სამედიცინო შემთხვევას კანონიერად განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, პაციენტი ჯ.ლ-ე კლინიკაში მიყვანილია 112-ის ბრიგადის მიერ დიაგნოზით - ძირითადი პნევმონია დაუზუსტებელი, ასევე პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადება - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ჭარბი კალორიების მიღების შედეგად განვითარებული სიმსუქნე, რამაც გამოიწვია ძირითადი დაავადების გართულება - სუნთქვის მწვავე უკმარისობა. საქმეში წარმოდგენილი ფორმა 100-დან გამომდინარე, არ დასტურდებოდა დასმული დიაგნოზი და არც 10 დღიანი ინტენსიური თერაპიის აუცილებლობა გამოტანილი დიაგნოზით, არ იყო ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევა, რაც აუცილებელია და სავალდებულოა პნევმონიის დროს. ჩამონათვალში არ არის კვლევა და არც ინსპექტირების დროს კლინიკამ ვერ წარმოადგინა რენტგენოლოგიური დასკვნა.

პაციენტს, რომელსაც აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და მოთავსებისთანავე გადაყვანილია არაინვაზიურ CPAP ვენტილაციაზე, უტარებენ სპინომეტრიას - კონკრეტულ პაციენტზე არ შეიძლება სპინომეტრიის ჩატარება, რაც ფორმა 100-შია მოცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე შემთხვევა დაკორექტირდა და მიენიჭა სტატუსი არ ანაზღაურდება, თანახმად საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა, რადგან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება, პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის მე-10 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლეთა დიაგნოზის ფორმირების წესს, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.

ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მათ შორის, „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. წარდგენილ ინფორმაციაში არსებითი შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა.

რაც შეეხება უშუალოდ მომსახურების სახეებს, ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი 1.2-ით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები, რაც ანაზღაურდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჯ.ლ-ე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირს. ამასთან, პაციენტის - ჯ.ლ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა სრულად იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს (დადგენილების დანართი №1 მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).

დადგენილია, რომ №... შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,მ...ს“ მიერ პაციენტ ჯ.ლ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია: კოდი INT0045/1; დასახელება - I დონის ინტენსიური მკურნალობა, კლასიფიკატორი ICD_10 - j96.0. ელექტრონული შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით (ე.წ. სქრინით) №... შემთხვევას მინიჭებული აქვს სტატუსი გადაუდებელი, ხოლო შემთხვევის ტიპში მითითებულია - სტაციონარი (ს.ფ. 32).

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ჯ.ლ-ეს საავადმყოფოში მოთავსებისას აღენიშნებოდა - ქოშინი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურის მომატება, ძლიერი ზოგადი სისუსტე. ფორმა N IV-100/ა-ს, მე-13 პუნქტში (ავადმყოფობის მიმდინარეობა) მითითებულია მწვავე. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში შეყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან, დიაგნოზებით, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კონტაქტურია, პერიოდულად დეზორიენტირებულია, ფერმკრთალი, მიუხედავად ოქსიგენაციისა 7-8 ლ/წთ ოქსიგენაციური მაჩვენებლების ოპტიმიზირება ვერ ხერხდება. ავ-ი დესატურირებს SPO2-79%. მოხერხდა რესპირაციული მაჩვენებლების შედარებითი სტაბილიზაცია, Pulmo-სუნთქვა ტარდება თანაბრად, ორივე მხარეს ქვ.წილებში შესუსტებულია, მოისმინება სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი R-27, t-36.8 ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ამ ეტაპზე ოპტიმალურია. T/A-128/88 mmhg. Ps-96. მუცელი დიდი ზომის რბილი ნ/პ მოისმინება. შარდის ბუშტი კათეტერიზებულია დიურეზი ადეკვატური. უტარდება მონიტორული მეთვალყურეობა და მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.18.06.19-ში ბაქტერიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით დაწყებულ იქნა ანტიმიკოზური თერაპია. 19.06.19-ში გამოძახებულ იქნა ალერგოლოგი და ჩაუტარდა სპირომეტრია, სადაც დადასტურდა ფქოდი, გაგრძელდა შესაბამისი მკურნალობა. 21.06.19-ში პაციენტს მოეხსნა დამხმარე CPAP ვენტილაცია - პაციენტი აღარ საჭიროებს CPAP სეანსების წარმოებას, 3-4ლ/წთ ფონზე SpO2-98%, რესპირაცია RR-17-19. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში შედარებით გაუმჯობესდა. ჰემოდინამიკური. ოქსიგენაციური და რესპირაციული მაჩვენებლები ამ ეტაპზე სტაბილური. ავადმყოფი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში, რაზედაც უარი განაცხადა (იხ.უარის ფორმა). პაციენტი კლინიკიდან გაეწერა თერაპევტის დანიშნულებითა და შესაბამისი რჩევა-დარიგებებით.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ არსებული დიაგნოზიდან გამომდინარე დადასტურებულია პაციენტ ჯ.ლ-ის ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობის აუცილებლობა, შესაბამისად ერთი და იგივე დიაგნოზის პირობებში, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განმარტებიდან გამომდინარე, პაციენტს შესაძლებელია უტარდებოდეს სხვადასხვა დონეზე ერთი და იგივე მკურნალობა, თუმცა პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მის ინტენსიურ ბლოკში განთავსების თაობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესება, ამგვარი საფრთხის შეფასების დისკრეცია კი გააჩნია მხოლოდ მკურნალ ექიმს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შემთხვევის რევიზიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაადასტურებდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობას შეტყობინების სისტემაში გადაცემულ დიაგნოზსა და ჩარევასთან. ამგვარი შეუსაბამობის გამოვლენა კი, სწორედ რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო კასატორის უფლებამოსილება შემოიფარგლება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-14 მუხლის შესაბამისად საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებით. ამრიგად, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზისა და ჩარევის, პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამო.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სარწმუნო მტკიცებულება შეუსაბამობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებითა და სათანადო არგუმენტაცია უნდა აისახოს ანაზღაურებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 26.01.2023წ. №01335 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 26.01.2023 წლის №01335 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა