საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-31(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ. ფ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ფ-ემ 2017 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N23 ოქმისა და 2017 წლის 11 სექტემბრის N214 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3056 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. ფ-ის საკუთრების უფლებების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გამოცემის მომენტიდან, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N23 ოქმი დ. ფ-ის (პ/ნ ...) ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გამოცემის მომენტიდან, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 სექტემბრის N214 განკარგულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დ. ფ-ის (პ/ნ ...) მიერ თვითნებურად დაკავებული 3056 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, დ. ფ-ის (პ/ნ ...) მიერ თვითნებურად დაკავებული 3056 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და ამ მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე. მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა, ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. ლეგალიზაციას დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებით; კერძოდ, დ. ფ-ის განცხადების განხილვისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის წევრების მ. კ-ის, მ. ჩ-ისა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გ. ლ-ის მიერ 2016 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ადგილზე დათვალიერების აქტი, ასევე კომისიის წევრების მ. კ-ის, მ. ჩ-ის, და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტების თ. ფ-ას და ვ. ჩ-ის მიერ 2017 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება მიწის ნაკვეთის და შედგა შესაბამისი ადგილზე დათვალიერების აქტი. ორივე აქტით დასტურდება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის ნახევრად შემოღობილი, მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობის, ფლობის ან ათვისების კვალი. მასზე განთავსებულია არასაცხოვრებელი შენობა, რომლის დანიშნულებაც გაურკვეველია. ამასთან, კომისიამ სრულად გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიანიჭა ადგილზე დათვალიერების აქტს. ხოლო, რაც შეეხება ...ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების აქტს, აღნიშნული აქტი შედგენილია მეზობელი მოწმეების აზრის გათვალისწინებით და ამასთან გასარკვევია მოწმის მოსაზრება მფლობელობის ცნებასთან მიმართებაში, რამდენად ინფორმირებულია იგი თუ რა არის მფლობელობა თავისი არსით, თვლის ის მფლობელობას და სარგებლობას შემოღობვასა თუ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად ათვისებას, გამოყენებას თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე. კასატორის მოსაზრებით, კომისიამ წარმოდგენილი ჩვენებების, ადგილზე დათვალიერების შედეგად, როგორც კოლეგიურმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბერს მიღებული განჩინება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია და ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ საქმეში სადავოა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N23 ოქმისა და 2017 წლის 11 სექტემბრის N214 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
უშუალოდ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის „ა“ ქვეპუნქტი ასეთ დოკუმენტად მათ შორის მოიაზრებს მოწმის ჩვენებას. რაც შეეხება საკუთრების უფლების აღიარების პროცედურას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი კომისიას ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
განსახილველ შემთხვევაში, დ. ფ-ემ, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 3056 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ტ.1.ს.ფ.18, 30). საქმეში წარმოდგენილი მ. ჩ-ი-კ-ის და ვ. კ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დადგენილია, რომ დ. ფ-ე 1983 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით ფართით 3056 კვ.მ., მდებარე წყალტუბო, სოფელი ...ი (ს.ფ. 31-32; 38), ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ე. ლ-ის და გ. ფ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ. ფ-ის (პ/ნ ...) მამა, რომელიც იყო ექიმი, 2000 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა, ხოლო დ. ფ-ე დღემდე სარგებლობს სოფელ ...ში 3056 კვ.მ მიწის ნაკვეთით. ნაკვეთზე გაშენებულია ხეხილი. მოჰყავდათ სასოფლო სამეურნეო კულტურები. ბოსტნეული. ჰყავდათ ფუტკარი. ნაკვეთზე იდგა ე.წ.ფინური სახლი, რომელსაც იყენებდნენ საცხოვრებლად. აღნიშნული სახლის დანგრევის შემდეგ, დაახლოებით 2000 წელს ააგეს კაპიტალური შენობა. ამასთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების აქტით დადგენილია, რომ სოფელ ...ში დ. ფ-ე 2007 წლამდე თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთით (ტ.1.ს.ფ.36). მიუხედავად უდავოდ დადგენილი გარემოებებისა, კომისიის 2017 წლის 07 სექტემბრის N23 ოქმის საფუძველზე მიღებული 2017 წლის 11 სექტემბრის N214 განკარგულებით, დ. ფ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, სადაო მიწის ნაკვეთის დ. ფ-ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დაუდასტურებლობის მოტივით, რაც კომისიის მოსაზრებით გამოიხატება იმაში, რომ კომისიის მიერ ჩატარებული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას მიწის ნაკვეთი იყო მთლიანად აუთვისებელი, ნაწილობრივ შემოღობილი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის დანიშნულება იყო გაურკვეველი.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესი“ ამომწურავად განსაზღვრავს თვითნებურად დაკავების გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოების საფუძვლებსა და პირობებს, ამასთან დეტალურად მიჯნავს დაინტერესებული პირისა და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებებს, შესაბამისად ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს - განმცხადებელი ვალდებულია კომისიაში წარადგინოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო კომისიის მოვალეობაა სრულყოფილად შეაფასოს და გაანალიზოს მტკიცებითი ძალის მქონე დოკუმენტები და მათ საფუძველზე მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ შემოღობვა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის დანიშნულების გაურკვევლობა (რაზედაც აპელირებს მოპასუხე), ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს. როგორც უკვე აღინიშნა, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწად მოიაზრებს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მითითებული კანონის ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 11 ივლისი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობით სარგებლობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს 2007 წლის 11 ივლისამდე. სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამადასტურებელ გარემოებას წარმოადგენს სწორედ აღნიშნულ ნაკვეთზე შენობის არსებობა, რაც თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას ქმნის. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, რადგან გასაჩივრებული განკარგულების საფუძვლებად მითითებული გარემოება კონკრეტულ შემთხვევაში არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, რასთან დაკავშირებით ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა