Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-119(კ-23) 2 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. გ-იმა 2021 წლის 16 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №2021/1 გადაწყვეტილებისა და ამავე ცენტის 2015 წლის 7 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. გ-ისათვის 2021 წლის 1 ნოემბრიდან სოციალური პაკეტის დანიშვნის შესახებ და ამავე სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №2021/1 გადაწყვეტილება და ამავე ცენტის 2015 წლის 7 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ისათვის 2021 წლის 1 ნოემბრიდან სოციალური პაკეტის დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასევე დაევალა მოსარჩელისათვის 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“ საქმიანობა წარმოადგენს არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობას, არამედ - საჯარო საქმიანობას, რასაც ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 აგვისტოს №25 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ს“ დებულებაც. აღნიშნული დებულების თანახმად, ცენტრს არ აქვს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქცია, იგი შექმნილია სამეცნიერო-ტექნიკური მიზნების მისაღწევად და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის ცალკე ქმნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

კასატორი ასევე მიუთითებს ხანდაზმულობის ვადებზე და აღნიშნავს, რომ გ. გ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტის პირობებში, მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო ამ პერიოდიდან და შესაბამისად, გასულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა. აქედან გამომდინარე, სააგენტოს განმარტებით, სააგენტოს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ემსჯელა იმ წლებზე და თანხის ოდენობაზე, რომელიც ეხება გასაცემლის გადაანგარიშებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და მის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“ საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს ხსენებული პაკეტის მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ხსენებული კანონის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს, სახელდობრ, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სოციალური პაკეტი არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. ამავე წესის მე-5 მუხლის „ზ.ვ.“ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს სოციალური პაკეტი ენიშნება 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-12 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი შეწყდება ((შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2015 წლის 7 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილებით, გ. გ-ის შეუწყდა დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის გაცემა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, გ. გ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს და სოციალური პაკეტის დანიშვნა მოითხოვა. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №2021/1 გადაწყვეტილებით, გ. გ-ის, როგორც ომის მონაწილეს, უარი ეთქვა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე. უარის თქმის საფუძველი გახდა გ. გ-ის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“ მუშაობის ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ს“ სადავო პერიოდში მოქმედ დებულებაზე, რომლის თანახმად, განსაზღვრული ცენტრის ძირითადი მიზნების, ამოცანების, ფუნქციების, „დ...ს“ საქმიანობის მიმართულების და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლების გათვალისწინებით, უდავოდ დასტურდება, რომ ცენტრის საქმიანობა ატარებს სამეცნიერო-კვლევით ხასიათს. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ს“ საქმიანობის სამართლებრივი ბუნების შეფასებისას, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დ...ს“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ...“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ...ში“ საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო აქტებით უსაფუძვლოდ და უკანონოდ ეთქვა უარი მის დანიშვნაზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აკმაყოფილებდა სოციალური პაკეტის მიღების წინაპირობებს, მას სოციალური პაკეტი არ უნდა შეწყვეტოდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელისათვის სოციალური პაკეტის 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეწყვეტის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მსჯელობა სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2021 წლის 13 ოქტომბრის №2021/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე მართებულია სასამართლოს განმარტება მოსარჩელისათვის 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების თაობაზე, რამეთუ სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და მოქალაქისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, იგი უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ, მისივე ხარჯებით.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტის 2015 წლის 7 აგვისტოს №2015/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2015 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში იძულებითი განაცდური სახელმწიფო გასაცემელის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2015 წლის 7 აგვისტოს №2015/1 სადავო გადაწყვეტილებით, გ. გ-ის შეუწყდა დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი. ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2015 წელს, თუმცა არ ჩაბარდა. ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მოსარჩელისათვის სადავო აქტის ჩაბარება და მისთვის უცნობი იყო სოციალური პაკეტის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, უსაფუძვლოა კასატორის მითითება ხანდაზმულობაზე, ვინაიდან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემთხვევაში, მოსარჩელისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე, რაც მის მიერ, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტები მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. გ-ისათვის 2021 წლის 1 ნოემბრიდან სოციალური პაკეტის დანიშვნის შესახებ, ასევე, მოსარჩელისათვის 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე