Facebook Twitter

ას-1055-1328-04 10 თებერვალი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ქ. გაბელაია

დავის საგანი: მავთულბადის გადაწევა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ.-მ, მ.მ.-მ, ო.ა.-მ, ნ.ა.-მ, კ.გ.-მ, შ.ჭ.-მ, რ.ჭ.-მ, თ.ჭ.-მ, ო.ჭ.-მ და ნ.ქ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ვ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვეს მავთულბადის გადაწევა მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით ორი მეტრის მანძილზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ბ.-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე ვ. ფ.-ს, 2 მეტრით გადასწიოს მავთულბადე მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის მხარეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ფ.-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე რ.ბ.-ე და სხვა მოსარჩელეები, მათ რაიმე ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ წარმოუდგენიათ. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ.ფ.-ის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა რ.ბ.-ის და სხვათა სარჩელი.

რ. ბ.-მ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მან საჩივარში მიუთითა, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იყო ავად და მკურნალობდა 2003წ. 16 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე დიაგნოზით ჰიპერტონული დაავადება მეორე სტადია, გამწვავებით, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია; საჩივარს თან ახლდა აღნიშნული დაავადების დამადასტურებელი საექიმო ცნობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ბ.-ის საჩივარი. უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობებიდან ირკვევა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე გამოცხადებისა და შეეძლო სასამართლოსათვის შეეტყობინებინა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მითუმეტეს, რომ იგი 2003წ. 16 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე მუშაობდა სს „ი.-ში” დაცვის გუშაგის სამუშაოზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2003წ. 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობა სწორად იქნა მიჩნეული არასაპატიოდ და შესაბამისად არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. რ. ბ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორი არის ავადმყოფი, იგი 2003წ. 17 ნოემბერს იყო ავად. მას ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა დროულად; მის ავადმყოფობას ადასტურებს საავადმყოფო ფურცლის ამონაწერი. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ იგი 2003წ. 17 ნოემბერს მუშაობდა სს „ი.-ში” დაცვის გუშაგის სამუშაოზე, რადგან ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ¹90 ცნობით დასტურდება, რომ 2003წ. 17 ნოემბერს იგი სამსახურში არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. ბ.-მ, მ.მ.-მ, ო.ა.-მ, ნ.ა.-მ, კ.გ.-მ, შ.ჭ.-მ, რ.ჭ.-მ, თ.ჭ.-მ, ო.ჭ.-მ და ნ.ქ.-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ვ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვეს მავთულბადის გადაწევა მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით ორი მეტრის მანძილზე. საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონის ...-ის თემის საკრებულოს დასტური იმის თაობაზე, რომ მ.მ.-ის, ო.ა.-ის, ნ.ა.-ის, კ.გ.-ის, შ.ჭ.-ის, რ.ჭ.-ის, თ.ჭ.-ის და ო.ჭ.-ის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს სასამართლოში დაიცავს რ. ბ.-ე, როგორც მათი წარმომადგენელი.

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილში კი მითითებულია, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო პალატა მოვალე იყო სასამართლო სხდომის დრო ეცნობებინა როგორც რ.ბ.-ისათვის, ისე უშუალოდ მ.მ.-ის, ო.ა.-ის, ნ.ა.-ის, კ.გ.-ის, შ.ჭ.-ის, რ.ჭ.-ის, თ.ჭ.-ის, ო.ჭ.-ის და ნ.ქ.-ისათვის. მართალია საქმეში მოცემულია სააპელაციო პალატის უწყება, რომელიც შედგენილია ზემოხსენებულ მოსარჩელეთა სახელზე 2003წ. 17 ნოემბრის სასამართლო სხდომის შეტყობინების თაობაზე, მაგრამ ამ უწყების ჩაბარებაზე ხელს აწერენ არა აღნიშნული პირები, არამედ რ. ბ.-ე და იგი მიუთითებს, რომ უწყება ჩაიბარა გადასაცემად. სსკ-ის 73-ე მუხლი აწესრიგებს მხარისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის წესს; ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოში დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით. საქმის მასალებში კი არ მოიპოვება ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით რ.ბ.-ის მიერ საქმეში მონაწილე მოსარჩელეებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების მტკიცებულება.

სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას კი საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ” და „ე” ქვეპუნქტების შესაბამისად სააპელაციო პალატის განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და რ.ბ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.მ.-ის, ო.ა.-ის, ნ.ა.-ის, კ.გ.-ის შ.ჭ.-ის, რ.ჭ.-ის, თ.ჭ.-ისა და ო.ჭ.-ის წარმომადგენელი რ. ბ.-ისა და რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნედს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.