საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-162(კ-23) 1 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - პ. შ-ა
მესამე პირი - ნ. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. შ-ამ და ნ. შ-ამ 2021 წლის 25 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის N03-454/ო ბრძანების ბათილად ცნობა პ. შ-ას ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ნ. შ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით პ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის N03-454/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ პ. შ-ას ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყოფილ იქნა როგორც ,,დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი მინისტრის 320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2566 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესი. მოცემულ შემთხვევაში პ. შ-ა ცდილობს ოჯახის ხელოვნურად გაყოფას და დამატებით კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართის მიღებას, რაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიზიარა სასამართლომ.
კასატორის განმარტებით, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულების 2.1.9 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახის განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. განსახილველ საქმეზე, 2020 წლის ივნისს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ნგრევადი ობიექტის აღწერის და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერის დადგენის მიზნით მისამართზე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ N1 ,,... მე-2 კორპ“, მე-2 ოთახი, N..., 205. შ-აების ოჯახი მისამართზე არ იმყოფებოდა. 2020 წლის 14 ივლისს N25110 განცხადებით მიმართა პ. შ-ამ და მოითხოვა მითითებულ მისამართზე განმეორებითი მონიტორინგის ჩატარება. 2020 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელის მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ N1 ,,... მე-... კორპ“ მე-... ოთახი N..., 205 მოსარჩელე სატელეფონო საუბრის შემდეგ მივიდა მისამართზე. პ. შ-ას განმარტებითი, მისი მშობლები ცხოვრობენ გალის რაინში სოფელი ...ში. თავად 2020 წელს დაოჯახდა ც. ფ-აზე. მეუღლის მშობლები ცხოვრობენ ზუგდიდში ...ს ქუჩის N21-ში, კერძო სახლში. როგორც საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმების მიხედვით ირკვევა, 2019 წელს პ. შ-ა, ნ. შ-ა, მ. ბ-ა, სა., ს. და ნი. შ-აები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნული ნგრევადი ობიექტიდან გაყვანილ იქნენ ქირით, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ს ქ N59. ოჯახის განმარტებით ,,...ს“ შენობაში მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ შენობა. 2019 წლის მაისიდან ოჯახი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც მოხდა მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება, ცხოვრობდა ქირით. აღნიშნული დასტურდება მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი აღწერის ოქმებით.
2020 წლის 9, 10 და 11 დეკემბერს, ქ. ზუგდიდში კომისიის წევრების გასვლითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა იმ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა, რომლებსაც გააჩნდათ გარკვეული პრეტენზიები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020 წლის (ოქმი N77) გადაწყვეტილებების შესაბამისად მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით. კომისიის წევრების მიერ, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა დევნილ ოჯახთან შეხვედრა და მათი არგუმენტების მოსმენა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებში შესაძლო ცვლილებების განხორციელების მიზნით. დევნილ ოჯახებთან გასაუბრების, ახლადგამოვლენილი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე, კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს განხორციელებულიყო გარკვეული ცვლილებები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020 წლის (ოქმი N77) გადაწყვეტილებებში. დევნილი ოჯახები, რომლებსაც ოჯახის წევრთა შემადგენლობის მიხედვით ეკუთვნოდათ სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა, არსებული რესურსის ფარგლებში გადაეცათ ბინები, მათ შორის, იყოს შ-აების ოჯახი, რომელთაც იმ ფაქტობრივი შემადგენლობით გადაეცათ საცხოვრებელი ფართი, რა შემადგენლობითაც იქნა ოჯახი გაყვანილი 2019 წელს ქირით.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 11 დეკემბერს (ოქმი N79) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა დევნილი ოჯახი კრიტერიუმების გარეშე სამოთახიანი ბინით ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩა N7, კორპ N4, სად N2, სართ-11, ბინა N112-ში. 2020 წლის 12 დეკემბერს ოჯახთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N220 და მათ განაცხადეს თანხმობა, სადაც ოჯახის ყველა წევრმა, კერძოდ: ნ. შ-ამ, პ. შ-ამ, მ. ბ-ამ, რომელსაც მისი არასრულწლოვანი შვილების სახელითაც მოაწერა ხელი. ის გარემოება, რომ დევნილ ოჯახის გადაეცა 3 ოთახიანი ბინა, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თანხმობაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შესრულებულია კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება და 2020 წლის 11 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი N79) საფუძველზე, მინისტრის N320 ბრძანების დანართი N8-ით დადგენილი საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით, ოჯახს გადაეცა სამოთახიანი ბინა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველზე დამატებით კიდევ იმსჯელოს საცხოვრებლის გადაცემის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის N03-454/ო ბრძანების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, პ. შ-ას ნაწილში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.
რაც შეეხება ოჯახის ცნებას, პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელმაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა არა როგორც ნ. შ-ას (მოსარჩელის ძმა) ოჯახის წევრმა, არამედ დამოუკიდებლად, მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე ფიქსირდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე N49778 განაცხადში. საქმეში წარმოდგენილი დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმებით დგინდება (იხ. ს.ფ. 79-81; 83-85; 99-101; 102-104; 109-111; 112- 114), რომ პ. შ-ა 2019 წლიდან ნ. შ-ას ოჯახის შემადგენლობაში არ ფიქსირდება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პ. შ-ას ოჯახი შედგება 4 წევრისგან და ცხოვრობს ცალკე ოჯახად, ხოლო მისი ძმის, ნ. შ-ას ოჯახი შედგება 5 წევრისგან და ცხოვრობს ცალკე ოჯახად. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე არც ნ. შ-ას და არც პ. შ-ას განაცხადში ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრებად არ არიან მითითებულნი და პ. შ-ა მითითებულია ნინო წირღვავას ოჯახის შემადგენლობაში, მოპასუხემ პ. შ-ა მიიჩნია ნ. შ-ას ოჯახის წევრად, შესაბამისად, მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 11 დეკემბრის N79 ოქმით, მ. ბ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...), ნი., ს., სა. ნ. შ-აებს (სარეგისტრაციო ნომერი ...) და პ. შ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) გადაეცათ სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი).
საკასაციო პალატა, მოსარჩელისა და მესამე პირის - ნ. შ-ას ერთ ოჯახად მიჩნევის შესახებ მოპასუხის მოსაზრებასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს თავად სააგენტოს წერილზე, სადაც ცალსახად იკვეთება მოსარჩელის და მესამე პირის სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერზე ყოფნა (ამავე წერილით მათ საერთო სარეგისტრაციო ნომერი არასოდეს ჰქონიათ).
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პ. შ-ა და ნ. შ-ა არ არიან ოჯახის წევრები, ისინი არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნ. შ-ას ოჯახის წევრად პ. შ-ას მიჩნევა და შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად ჩათვლა, არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტი პ. შ-ას ნაწილში, გამოცემულია დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა