Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-177(კ-23) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ქ-მა 2021 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, დ. ქ-ის დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირთა სიიდან ამოღება და მის სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დ. ქ-ის დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირთა სიიდან ამოღება; მოპასუხესა დაეკისრა დ. ქ-ის სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03/5394 წერილით, დ. ქ-ს ეცნობა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ გადაეცა საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით. მითითებული წერილი მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, თუმცა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით პირდაპირ კომპენსირებულ პირთა სიიდან ამორიცხვას ითხოვს. გარდა ამისა, სს „... ბანკის“ 2020 წლის 9 მარტის წერილით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, 2008 - 2010 წლებში ჩაირიცხა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა, სადაც თანდართული იყო კომპენსირებულ ბენეფიციართა სია, მათ შორის, ფიქსირდებოდა დ. ქ-იც. 2021 წლის 13 ოქტომბრის წერილით N03/18018 მოსარჩელე დ. ქ-ის წარმომადგენელს დეტალურად განემარტა და საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც მოსარჩელე თვითონ აღნიშნავს, რომ თანახმა იყო სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ მიეღო ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ოდენობით და დროებით საცხოვრებელი ადგილი (სახელმწიფოს საკუთრება) დაეტოვებინა 3 დღეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოში დაცული დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე დ. ქ-ს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულს, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ), რომელსაც გასცემდა სს „... ბანკი“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპენსაცია გაიცემოდა მთავრობის განკარგულების საფუძველზე და ყველა განკარგულებაში მითითებული იყო დაზარალებულ პირთა საკომპენსაციო თანხა, რომლის ამოწურვის შემდეგ, ცხადია, ეს კონკრეტული განკარგულება მოქმედებას წყვეტდა და დევნილთა სხვა კონტინგენტზე ახალი განკარგულება გამოიცემოდა. განკარგულებები ატარებდა ერთჯერადი ღონისძიების ხასიათს, რომლის მოცულობაც და მოქმედებაც შეზღუდული იყო მასში მითითებული თანხით და ამ თანხის ამოწურვის შემდეგ, ცხადია ის ვეღარ იმოქმედებდა. ამ განკარგულებებით არ დადგენილა ზოგადი ხასიათის და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესი, რომლითაც განისაზღვრებოდა სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულება განხორციელებულიყო ყველა იმ პირის (ოჯახის) კომპენსირება, რომელიც დააკმაყოფილებდა ამ განკარგულებებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამასთან, სამინისტროსთან ერთად, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირებს, როგორც სს „... ბანკიდან” ისე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მონაწილეობით, გადაეცემოდათ საკომპენსაციო თანხები (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილთა მონაცემთა ბაზაში დ. ქ-ის კომპენსირებულად მიჩნევის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის N915 განკარგულებაზე, რომლითაც განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისთვის დამატებითი ღონისძიებები; კერძოდ, აღნიშნული განკარგულების 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით (ერთ ოჯახზე 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით) უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ანალოგიურად აწესრიგებდა საკითხს 2009 წლის 24 ივლისის №534 და 2010 წლის 3 ივლისის №856 განკარგულებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ხსენებული განკარგულებები მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დროულ განსახლებას, მათ დარღვეულ უფლებებზე სწრაფ რეაგირებას. ეს იყო სპეციალური ღონისძიება, რომელიც 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირებს ანიჭებდა გარკვეულ უპირატესობას და სწორედ მათთვის ითვალისწინებდა საკომპენსაციო თანხის გაცემას. ამრიგად, საკომპენსაციო თანხის მისაღებად გათვალისწინებული იყო შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა: პირი უნდა ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და უარი უნდა ჰქონოდა ნათქვამი სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე საკომპენსაციო თანხის მიღების სანაცვლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირი, დ. ქ-ი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი

კომპენსაციით (10000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში) დასაკმაყოფილებელ ბენეფიციარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 15 ნოემბრის N2-990 ცნობის თანახმად, დ. ქ-ი ნამდვილად არის ახალგორის რაიონის სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებული პირი, მისი მონაცემები ახალგორის თვითმმართველი ერთეულის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოდან ნამდვილად იქნა გადაცემული ფულად კომპენსაციაზე, თუმცა მოსარჩელეს ცნობის გაცემის დრომდე ფულადი კომპენსაცია და საცხოვრებელი ფართი მიღებული არა აქვს. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სს „...“ ბანკის არაერთი წერილით, მათ შორის 2022 წლის 24 მაისის N03065/022206458 წერილით დასტურდება, რომ დ. ქ-ის ანგარიშზე არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის (10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ეროვნული კურსით) ჩარიცხვა (იხ. ს. ფ. 199). ასევე საქმეში წარმოდგენილია cd დისკი, რომელშიც დაფიქსირებულია მოსარჩელის ვიდეო ჩანაწერი თარიღის მითითების გარეშე. ამ ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელე თანხმობას აცხადებს (კითხულობს წინასწარ შედგენილ ტექსტს) საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში სანაცვლოდ უარი თქვას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ამასთან ბანკში გახსნილ ანგარიშზე ამ თანხის ჩარიცხვიდან სამ დღეში გაეთავისუფლებინა დაკავებული სახელმწიფო საკუთრება, რაც არ ადასტურებს თანხის ჩარიცხვას მის ანგარიშზე.

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ დ. ქ-ი წარმოადგენდა კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე ოჯახს და შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაერიცხა მისთვის კომპენსაციის თანხა - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც არ განუხორციელებია.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მთავრობის განკარგულებების ერთჯერად ხასიათთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებების არსი მდგომარეობს დევნილების საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განკარგულებებით დასახელებული ვალდებულება იარსებებს მანამ, სანამ არსებობს იმ პირთა წრე, ვისზეც განკარგულება ვრცელდება, რის გამოც დაუშვებელია თანხის მიღების უფლება შეიზღუდოს თანხების ამოწურვის მოტივით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა