Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-238(კ-23) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - რ.მ-ა, ე.მ-ა, ი.მ-ა, თ.მ-ა, ა.მ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.მ-ამ, ე.მ-ამ, ი.მ-ამ, თ.მ-ამ და ა.მ-ამ 2022 წლის 11 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის N03-822/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის რ.მ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით რ.მ-ას, ე.მ-ას, ი.მ-ას, თ.მ-ას და ა.მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის N03-822/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რ.მ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, რ.მ-ამ განაცხადი შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე 2016 წლის 13 აპრილს. განაცხადში შეყვანილი ჰყავს მეუღლე ი.მ-ა, დედა ე.მ-ა, 3 შვილი: თ..., თე..., ა.მ-ები და დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებული აქვს სამეგრელო ზემო სვანეთი, ... სოფ. ..., ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილს პერიოდულად იცვლიდნენ. მოსარჩელემ 2021 წლის 2 ივნისის განცხადებით სააგენტოს მიმართა და ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩა N10. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს არაერთხელ მიმართეს განცხადებით ფაქტობრივი მისამართის შეცვლის შესახებ, განხორციელებული მონიტორინგის დროს არასდროს ხვდებოდნენ მითითებულ მისამართზე. გარდა ამისა, მეზობლებთან გასაუბრების შედეგად მოსარჩელეთა კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი ვერცერთ მისამართზე დადგინდა, შედეგად, ვერ მოხერხდა მოსარჩელეებთან გასაუბრება, რადგან ფაქტობრივ მისამართთან დაკავშირებით წარდგენილია ცრუ ინფორმაცია. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეისწავლა მოსარჩელეების ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები. კომისიამ განიხილა რ.მ-ას მოთხოვნა და 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმით საცხოვრებელთან დაკავშირებით, არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, ეთქვა უარი. ასევე მოსარჩელეს დააკლდა ქირის ნაწილში 1.5 ქულა და დაემატა სიღარიბის მაჩვენებელში - 3 ქულა. საერთო ჯამში მოსარჩელეებს მიენიჭათ 6 ქულა.

კასატორი მიიჩნევს, სადავო აქტი მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამავე კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის შედეგად, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა- განმარტებას და მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც მოსარჩელის პოზიცია არ დასტურდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის17 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის N03-822/ო ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად.

ზემოაღნიშნული ,,წესის” მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი N2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი N4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.

განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმების კომპეტენცია გააჩნია დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე („წესის“ 3.1 მუხლი). თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით („წესის“ 3.5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულათა ჯამზე და, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

განსახილველ შემთხვევაში, რ.მ-ას და მისი ოჯახის წევრებს, როგორც დევნილებს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია საცხოვრებელი მისამართის შესახებ მცდარი მონაცემების წარდგენა, რის დასადასტურებლად მიუთითა მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მასალებზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ არაერთი მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, თუმცა მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა ფაქტობრივ მონაცემებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო. საგულისხმოა, რომ განაცხადში მითითებულ ერთ-ერთ მისამართზე, კერძოდ, ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. N10-ში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ზ.ჟ-ას 2020 წლის 4 ივნისის ნოტარიულად დადასტურებული ხელმოწერით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 2021 წლის 2 მარტის N5 ცნობით. მოცემულ საქმეზე დაკითხა მოწმეები ლ.ნ-ა და თ.ნ-ა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ რ.მ-ას ოჯახი ნამდვილად ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ... ას ქ. N10-ში ზ.ჟ-ას მშობლების სახლში ქირის გარეშე. აღნიშნულ მისამართზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა. სხვა წასასვლელი ოჯახს არ აქვს. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ რ.მ-ას ჰყავს შშმ სტატუსის მქონე შვილი თე... მ.ა, რომელიც მიბარებული ჰყავთ ...ის პანსიონატში დროებით, მანამდე ვიდრე ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი არ ექნება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე სახლში არყოფნა არ გამორიცხავს მოსარჩელეების მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტს, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ სადავო აქტი გამოიცა არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 1 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა