№ბს-254(2კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №... ბრძანება და №... ელექტრონული აუქციონის შედეგები; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის №6/43151 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 აგვისტოს №6/48345 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/599 ბრძანება; ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ი. ჩ-ის მიერ №... აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის (... ლარის) ორმაგად უკან დაბრუნება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №... ბრძანება და №... ელექტრონული აუქციონის შედეგები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის №6/43151 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 აგვისტოს №6/48345 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/599 ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, დაევალა ი. ჩ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილის ბეს თანხის - ... (...) ლარის უკან დაბრუნება; მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/599 ბრძანების, ბეს თანხის ორმაგად დაბრუნების ნაწილში ბათილად ცნობისა და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ბეს თანხის ორმაგად დაბრუნების დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4.1. კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ www.eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაში იყო იმ მოთხოვნებთან, რასაც კანონქვემდებარე აქტი უწესებს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. საიტზე ინფორმაციის გამოქვეყნებამდე სააგენტოს მიერ მოკვლეულ იქნა საპრივატიზებო ქონების თაობაზე ინფორმაცია, მოხდა ადგილზე დათვალიერება, შეიქმნა ფოტომასალა და მომზადდა ექსპერტის დასკვნა. დასტურდება, რომ აუქციონის გამოცხადებამდე სადავო მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული ხაზოვანი ნაგებობა (2019 წლის ივნისის ფოტომასალა). ამასთან, ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისას ვებგვერდზე - www.eauqtion.ge განთავსებული იყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, აუქციონის დასრულებამდე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელი იყო ქონების ადგილზე დათვალიერება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. დაინტერესებული პირის მიერ ქონების ადგილზე დათვალიერების შემთხვევაში, მისთვის ცნობილი გახდებოდა ქონებაზე საკანალიზაციო ჭის არსებობის/არ არსებობის თაობაზე.
კასატორის განმარტებით, უპირველესად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა აუქციონის გამოცხადებისას დაარღვია თუ არა პრივატიზების განმახორციელებელმა ორგანომ სპეციალური კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება - განათავსა თუ არა სრული ინფორმაცია საიტზე. ასევე უნდა დაედგინა აუქციონის გამოცხადებისას არსებული მდგომარეობა (ფოტომასალა ერთვის ექსპერტის დასკვნასაც, რის საფუძველზეც დადგინდა საპრივატიზებო ქონების ღირებულება და დასკვნაში არაფერია მითითებული ხაზოვან ნაგებობაზე, რამეთუ იმ დროისათვის იგი არ არსებობდა) და შემდგომ ემსჯელა აუქციონის შედეგების ბათილობის საფუძვლებზე. ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების პირობებში, ცხადი გახდებოდა, რომ ხელშეკრულების არ დადების მიზეზი არ ყოფილა სააგენტოს არასათანადო საქმიანობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის განცხადების შემთხვევაში, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას, აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. რამდენადაც ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობა გამოწვეული არ ყოფილა გამყიდველის ბრალით, არამედ აღნიშნული გამოწვეული იყო მხარის სურვილით, სააგენტომ, კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გაითვალისწინა მხარის უარი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რის შედეგადაც, გაუქმდა აუქციონის შედეგები და აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდა გადახდილი საპრივატიზებო თანხა, №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის გამოკლებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკომუნიკაციო ნაგებობის (ჭის) არსებობა, ნივთს იმთავითვე უვარგისად არ აქცევს. საქმეში არ მოიპოვება იმგვარი მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დადგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაუშვებელი და შეუძლებელია, ამასთან, სასამართლოს შეფასება არ ემყარება სპეციალური ცოდნის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემულ დასკვნას.
4.2. კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ კანონი გამორიცხავს ბეს დაბრუნებას აუქციონის შედეგების გაუქმების დროს. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია თავად პირის ბრალეულობის საკითხს. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისას განაცხადი განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონის დასრულებამდე ი. ჩ-ს შეეძლო ქონების ადგილზე დათვალიერება. აუქციონი გამოცხადდა თავად ი. ჩ-ის განცხადებისა და მისი დაინტერესების საფუძველზე, შესაბამისად, მან იცოდა და უნდა სცოდნოდა უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, აუქციონის გამოცხადებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია თუ არა პრივატიზების სპეციალური კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის, განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ი ...ის ტერიტორია, ს/კ №..., დაზუსტებული ფართობი ... კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფო სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 5 აგვისტო (ტ.1, ს.ფ. 171-172); ბ) 2019 წლის 4 მარტს ი. ჩ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და გამოთქვა სურვილი აქვს აუქციონის გზით შეიძინოს უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ი ...ის ტერიტორია, ს/კ №..., დაზუსტებული ფართობი ... კვ. მეტრი. ამავე განცხადებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლას, ვინაიდან სურვილი აქვს, განახორციელოს კერძო სახლის მშენებლობა (ტ.1, ს.ფ. 173-174); გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 აპრილის №002253519 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ი ...ის ტერიტორიაზე მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა ... ლარს (ს.ფ. 122-131); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2019 წლის 10 აპრილის №31-01191002722 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ გამგეობა არ გეგმავდა რაიმე სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებას ...ი ...ის ტერიტორიაზე მდებარე ... კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) (ს.ფ. 132); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 10 მაისის №67-01191301286 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება აღემატებოდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის კომპეტენციას (ს.ფ. 135); ვ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ი ...ის ტერიტორია, საკადასტრო კოდით №..., არ არის დაკავებული ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ; ობიექტს არ იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის; ობიექტზე არ არის განთავსებული მოძრავი ნივთები; ამასთან, ნივთის პრივატიზება რეგისტრირებული კონფიგურაციით მისაღებია. ამავე ოქმის მე-4 გრაფაში (პრივატიზების რა დამაბრკოლებელი გარემოება არსებობს (სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები) ან/და ისეთი გარემოება რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესზე) - მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის ცარელი, რომელზეც გადის მეორეხარისხოვანი გზა (ს.ფ.117-121); ზ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №... ბრძანებით განისაზღვრა, რომ ქ. თბილისში, ... ...ის ტერიტორიაზე არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა ... ლარის ოდენობით. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა ... ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა ... ლარით (ტ.1, ს.ფ. 87-88, 133-134, ); თ) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 7 ივნისის №... ბრძანებით გამოცხადებულ №... აუქციონში გამარჯვებული გახდა ი. ჩ-ი. აუქციონი დასრულდა 2019 წლის 21 ივნისს. 2019 წლის 20 ივნისს, ი. ჩ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი იქნა საბანკო გარანტია ბეს სახით ... ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 85, 86, 25-27); ი) ი. ჩ-მა 2019 წლის 8 ივლისს №71219/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ გამოცხადდა გამარჯვებულად 2019 წლის 7 ივნისს გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე - აუქციონი №.... 2019 წლის 4 ივლისს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას ნაკვეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა საკომუნიკაციო ჭა, რომელიც აკავშირებდა დაახლოებით 100-150 მმ-იანი წყლის მილებს ერთმანეთთან და ასევე, აღნიშნული მილები გაედინებოდა ნაკვეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ლოტის აღწერილობასა და პირობებში. ასევე აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისად, აუქციონი №...-ში, ლოტი №...-ში გამოტანილი უძრავი ქონება უნდა ჩათვლილიყო როგორც ნაკლის მქონე უძრავ ქონებად (ტ.1, ს.ფ.136); კ) ი. ჩ-მა 2019 წლის 16 ივლისს №74555/ფ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ წარმოადგენს №... აუქციონის გამარჯვებულს და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას აღმოაჩნია საკომუნიკაციო ჭა. აღნიშნული ნაკლის გამო მიწის ნაკვეთის სრულფასოვანი გამოყენება შეუძლებელია, ხოლო მიწის ნაკვეთის, აღნიშნული ხაზოვანი ნაგებობისგან განთავისუფლება, დაკავშირებულია სოლიდურ თანხებთან. შესაბამისად, ი. ჩ-მა მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება და საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება ან საკომუნიკაციო ჭისა და მასთან დაკავშირებული მილების გადატანა მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ, ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯებით (ტ.1, ს.ფ. 37, 143); ლ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის №6/43151 წერილით ი. ჩ-ს 2019 წლის 8 ივლისის №71219/ფ და 16 ივლისის №74555/ფ განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მისი განცხადებებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა აუქციონის შედეგების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ №... ელექტრონულ აუქციონში მითითებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელი იყო პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. შესაბამისად, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ჰქონდა შესაძლებლობა აუქციონში მონაწილეობამდე დაეთვალიერებინა საპრივატიზებო უძრავი ქონება (ს.ფ. 142); მ) ი. ჩ-მა 2019 წლის 22 ივლისს №76741/ფ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 13.2 მუხლზე მითითებით ითხოვა ინფორმაციის გაცემა იმის თაობაზე, არის თუ არა გაცემული თანხმობა მესამე პირების მიმართ რაიმე სახის მშენებლობის წარმოების შესახებ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი ...ის ტერიტორია, ფართობი - ... კვ.მ (ს.კ. №...) (ს.ფ. 41); ნ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №14/45720 წერილით, ი. ჩ-ს 2019 წლის 22 ივლისის №76741/ფ წერილის პასუხად ეცნობა, რომ სააგენტო არ ფლობდა ინფორმაციას ქ. თბილისში ...ი ...ის ტერიტორიაზე არსებულ ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) განთავსებულ ხაზოვან ნაგებობასთან დაკავშირებით (ს.ფ. 42); ო) შპს „...ის“ 2019 წლის 31 ივლისის წერილით ი. ჩ-ს, მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ადგილზე შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) გაედინება შპს „...ის“ ბალანსზე რიცხული წყალსადენის D=225 მმ-იანი და D=160 მმ-იანი ქსელები, რომელთა ზუსტი მდებარეობის დასადგენად საჭიროა ადგილზე შურფირება, რაც შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მისივე ხარჯებით, თუმცა, „კომპანიის“ ზედამხედველობით. გასათვალისწინებელია, რომ წყალსადენ-წყალარინების ქსელებთან დაკავშირებით მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების“ დანართი 5-ის („წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარული დაცვის ზონები. სანიტარული წესები და ნორმები. სანწდან 2.1.4. 000 - 00“), სამშენებლო ნორმების და წესების (სანდაწ 2.04.02-84) და აგრეთვე, „კომპანიის“ ტექნიკური საბჭოს 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების (ოქმი №8) და ტექნიკური საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი №12) თანახმად, წყალსადენ-კანალიზაციის მილებთან მიმართებაში დადგენილია სანიტარული უსაფრთხოების ზოლი, რომლის არეალი აითვლება წყალსადენ-წყალარინების ქსელებიდან ორივე მხარეს: თუ მშრალი გრუნტია - არანაკლებ 10 მ-ისა, როცა წყალსადენ-წყალარინების ქსელების დიამეტრი ... მმ-მდეა და არანაკლებ 20 მ-ისა, როცა წყალსადენ-წყალარინების ქსელების დიამეტრი ... მმ-ზე მეტია, ხოლო გრუნტის წყლების არსებობისას, არანაკლებ 50 მ-ისა, მილის დიამეტრის მიუხედავად. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სანიტარული დაცვის ზოლებში იკრძალება ნაგავსაყრელების, საასენიზაციო მინდვრების, სასაფლაოების, ცხოველთა სამარხების, ავტოგასამართი (ბენზინგასამართი) სადგურების მოწყობა და ფუნქციონირება. სანიტარული დაცვის ზოლებში, აგრეთვე, იკრძალება ნებისმიერი იმ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მოწყობა და ფუნქციონირება, რომელმაც შესაძლებელია გააუარესოს ნიადაგისა და გრუნტის წყლების სანიტარული მდგომარეობა. რაც შეეხება სამშენებლო ნორმებით და წესებით (სნდაწ. II-89-80; სნდაწ. 2.07.01-89) დადგენილ რეგულაციებს, მანძილი (დაშორება) ჰორიზონტალურად ქსელებიდან ნებისმიერ შენობა- ნაგებობებამდე უნდა იყოს: წყალსადენის და წნევიანი წყალარინების შემთხვევაში - არანაკლებ 5 მეტრი, ხოლო თვითდენითი წყალარინების შემთხვევაში - არანაკლებ 3 მეტრი. შესაბამისად, მოცემულ არეალში, წყალსადენის ქსელებიდან 5 მეტრამდე მანძილზე. აღნიშნული წყალსადენის ქსელების გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ „კომპანიას“ აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობებისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი. ამავე გარემოების გათვალისწინებით კომპანია გამორიცხავს მილსადენების ზონაში მრავალწლიანი ნარგავების დარგვას, ავტოსადგომების, სკვერების, ბავშვთა გასართობი მოედნების და კიდევ სხვა აქტიური საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას. - თუ ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ არ იქნება დაცული ზემოაღნიშნული სანიტარული და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები, ისინი სრულად აგებენ პასუხს ამგვარი მოთხოვნების დარღვევის შედეგად დამდგარ ზიანზე, ხოლო მიწისქვეშა ქსელებზე მომხდარი ავარიის/დაზიანების 7 შემთხვევაში, მათთვის მიყენებულ ზარალზე (ზიანზე) „კომპანია“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ ზემოაღნიშნული სანიტარული და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, „კომპანია“ იტოვებს უფლებას, მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მშენებლობის აკრძალვის/შეჩერების მოთხოვნით. ამასთანავე, განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია გადიოდეს, სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ-კანალიზაციის ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობს (ს.ფ. 39-40); პ) ი. ჩ-მა 2019 წლის 6 აგვისტოს №82224/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ წარმოადგენს №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს. 19 ივლისის მდგომარეობით, მის მიერ სრულად იქნა გადახდილი საპრივატიზებო თანხა ... ლარის ოდენობით. შპს „...ის“ 2019 წლის 31 ივლისის წერილში აღინიშნა, რომ უძრავ ქონებაზე (ს.კ....) გაედინება კომპანიის ბალანზე რიცხული წყალსადენის ქსელი - D=225 მმ-იანი და D=160 მმ-იანი მილები. გარდა ამისა, სააგენტოსათვის 2019 წლის 8 ივლისის №71219/ფ წერილით ცნობილია ნაკვეთზე არსებული საკომუნიკაციო ჭის არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოებები მისთვის და, სავარაუდოდ, სააგენტოსათვისაც ცნობილი გახდა აუქციონის დასრულების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამდენად, აუქციონზე გამოტანილ ქონებას (ს.კ. ...) აღმოაჩნდა ნაკლი. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობა ი. ჩ-ს აძლევს საშუალებას მითითებული ნაკლის აღმოჩენის გამო არ გააფორმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ნივთში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, იგი ითხოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი საპრივატიზებო თანხა (ტ.1, ს.ფ. 101); ჟ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 აგვისტოს №6/48345 წერილით ი. ჩ-ს, 2019 წლის 6 აგვისტოს №82224/ფ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, თანახმად „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 93 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა. შესაბამისად, სააგენტომ უზრუნველყო საპრივატიზებო თანხის უკან დაბრუნება, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხის გამოკლებით. (ს.ფ. 84); რ) 2019 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სააგენტოს წარედგინა ი. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის №... ბრძანების, 2019 წლის 21 ივნისს ჩატარებული №... ელექტრონული აუქციონის შედეგების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის №6/43151 წერილისა და 2019 წლის 13 აგვისტოს №6/48345 წერილის ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს - ... ლარის ორმაგად დაბრუნება (ტ.1, ს.ფ. 65-73); ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/599 ბრძანებით ი. ჩ-ის 21.08.2019 წლის №12346 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 108-110).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
თავდაპირველად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდგომ - სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ი. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლების გათვალისწინებით, განხილვის საგანს წარმოადგენს სადავო აქტებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული ბე-ს თანხის - ... ლარის უკან დაბრუნების კანონიერების საკითხი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს აუქციონი, ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ი. ჩ-ისათვის საპრივატიზებო თანხის უკან დაბრუნება, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხის გამოკლებით. მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი კანონით გათვალისწინებული ბე-ს თანხა უნდა დაექვემდებაროს თუ არა უკან დაბრუნებას. ამ საკითხზე მსჯელობისას კი უნდა შეფასდეს ის მთავარი წინაპირობა, რამაც განაპირობა ხელშეკრულების ხელმოწერაზე მოსარჩელის უარი.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი და შემდგომ, ბე-ს სახით გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აუქციონზე შეძენილ ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აუქციონის ჩატარების შემდგომ აღმოაჩინა მასზე განთავსებული საკომუნიკაციო ნაგებობა (ჭა), რომელსაც უერთდებოდა შესაბამისი კომუნიკაციების მილები. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ ხსენებული უძრავი ქონების შეძენის მიზანი სახლის აშენება იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასზე ნაკლები ოდენობით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საპრივატიზებო ქონების ფასის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს (უპირობო აუქციონის შემთხვევაში); კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემი სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადასაცემ სახელმწიფო ქონებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ხსენებული კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ წინაპირობას და ნივთის გამსხვისებლის ვალდებულებას წარმოადგენს მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა. მითითებული ნორმების დანაწესი ასევე გულისხმობს იმას, რომ გამყიდველმა უნდა მიაწოდოს მყიდველს სრული და დეტალური ინფორმაცია ნივთის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აუქციონზე გამოტანილ უძრავი ქონების აღწერაში არ იქნა მითითებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობის თაობაზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შემძენის გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების, ასევე მიწის ნაკვეთის ფართობისა (... კვ.მ) და მოსარჩელის მიერ მისი გამოყენების მიზნობრიობის (ხსენებული უძრავი ქონების შეძენის მიზანი იყო სახლის აშენება, რაც დაფიქსირდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი მიმართულ 2019 წლის 4 მარტის განცხადებაში (ტ.1, ს.ფ. 173-174)) მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უძრავ ქონებაზე აღმოჩენილი წყალსადენის ქსელი წარმოადგენს იმ სახის არსებითი ხასიათის ნაკლს, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სააგენტომ აუქციონის პირობებში არ მიუთითა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ცალსახად უკავშირდებოდა ნივთის არსებით მახასიათებელს და პირდაპირ გავლენას ახდენდა ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალდებულების არასათანადო შესრულება, რამაც საბოლოოდ, განაპირობა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები, ასევე, მართებულად დაევალა ადმინისტრაციული ორგანოს მოსარჩელისთვის მის მიერვე გადახდილი ბე-ს თანხის - ... ლარის უკან დაბრუნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე