საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-277(კს-23) 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები(მოსარჩელეები) - ა. ც-ა, ვ. მ-ი, ლ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ც-ამ, ვ. მ-იმა და ლ. მ-ამ 2019 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (მშენებლობის შეჩერების შესახებ) მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 03 მაისის №შ-107/19 (მშენებლობის შეჩერების შესახებ) და მოსარჩელეების 50 000 ლარით დაჯარიმების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის2019 წლის 16 სექტემბრის №000602 დადგენილებების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 06 მარტის №281 ბრძანების (მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ა. ც-ას, ვ. მ-ისა და ლ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
აპელანტების წარმომადგენელმა-მ. ა-ემ სასამართლოს წინაშე წერილობით იშუამდგომლა საქმეში მ. მ-ეის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა აპელანტების წარმომადგენლის-მ. ა-ეის შუამდგომლობა და საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მ. მ-ეის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ც-ამ, ვ. მ-იმა და ლ. მ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მცდარ ინფორმაციას ფლობენ განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა მოსარჩელეების დაჯარიმება. შესაბამისად, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, კერძოდ, რომ დადგინდეს, რა ტიპის, გაბარიტებისა და კლასის სამშენებლო სამუშაოები განახორციელდა, საქმეში მესამე პირად უნდა ჩაებას მ. მ-ეე, ვინაიდან, მან აწარმოა სადავო მშენებლობები და იგი ფლობს სრულ ინფორმაციას მათთან დაკავშირებით.
კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ ჯარიმის ძალაში დატოვების შემთხვევაში, სწორედ მ. მ-ეე წარმოადგენს აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირს და ამიტომ მას უნდა მიეცეს საშუალება გამოხატოს აზრი და დაიცვას საკუთარი ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ც-ას, ვ. მ-ისა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ც-ას, ვ. მ-ისა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ, მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში დაიცვან საკუთარი ინტერესები და განახორციელონ მათი რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი, ხოლო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი არ არის სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა. ორივე მოწვევის მესამე პირების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათივე სამართლებრივი ინტერესის დაცვის საჭიროება. პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი შედეგი, ანუ ის ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის ინსტიტუტის დანიშნულებას იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის უზრუნველყოფა.
განსახილველ დავაში, მოსარჩელეები შუამდგომლობენ მ. მ-ეის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს მ. მ-ეის პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მისი მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში კი, დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 12.02.2015წ. Nბს-145-138(კ-13)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლო შეხედულების მიხედვით, თუმცა, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ იმავე პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მესამე პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართლებრივი ინტერესის არსებობა გულისხმობს სამართლებრივი ნორმებით დაცული ინტერესის არსებობას და არა ზოგადად კავშირს საქმესთან (სუსგ საქმეზე Nბს-772(კს-19).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს შეადგენს მუნიციპალური ინსპექციის მშენებლობის შეჩერების და მოსარჩელეების 50 000 ლარით დაჯარიმებისა შესახებ დადგენილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 06 მარტის №281 ბრძანების ბათილად ცნობა. ამდენად, მოსარჩელეების ინტერესს წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საფუძვლით, მათი სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტებად მიჩნევისა და მათთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შესწავლა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მითითებით, მ. მ-ეე მათი დაკვეთით ასრულებდა გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს მ. მ-ეის პირდაპირ, უშუალო შემხებლობას ამ კონკრეტული დავის მიმართ და მისი მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არც სადავო აქტები, არც ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართული სასარჩელო მოთხოვნა არ ეხება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობით გათვალისწინებულ სუბიექტს და სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის როგორც დაკმაყოფილების ისე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მ. მ-ეის ინტერესს, უფლება-მოვალეობებს ვერ შეეხება, რადგან აღნიშნული დავის ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ მოსარჩელეების პასუხისმგებლობის საკითხი, მათი სამართალდამრღვევებად მიჩნევისა და სახდელის დაკისრების საფუძვლიანობა, ხოლო შემდგომში, მოცემული დავის შედეგიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა პრეტენზია ან მოთხოვნა მ. მ-ეის მიმართ, ჰიპოთეტური შინაარსისაა და სცდება განსახილველი საქმის დავის საგანს. ამის გათვალისწინებით, ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების მითითება, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეებს დაეკისრებათ ჯარიმა, მ. მ-ეეს მოუწევს ზიანის სახით მოსარჩელეებისათვის ჯარიმის თანხის ანაზღაურება და ამ გარემოებით დასტურდება ინტერესი მოცემული დავის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია არ მოხდეს დავაში ჩასართველ პირთა წრის ხელოვნური გაფართოება.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მ. მ-ეე არ წარმოადგენს აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეს და არ არსებობდა საქმეში მისი მარტივი მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები. აქედან გამომდინარე, ა. ც-ას, ვ. მ-ისა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა. ც-ას, ვ. მ-ისა და ლ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე