საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-604(კს-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. ფ-ა, გ. ჯ-ი
მესამე პირი - ჯ. ფ-ა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 9 მარტს ნ. ფ-ამ და გ. ჯ-იმა სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე გასანაწილებელ სახლში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსარჩელეებისთვის ერთოთახიანი ბინის გამოყოფა და მოსარჩელეების მიერ ახლად წარდგენილი აპლიკაციის და დოკუმენტაციის საფუძველზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად საჭირო ქულების კორექტირება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით ნ. ფ-ას და გ. ჯ-ის სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროს მიმართ განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
მოსარჩელეებმა არაერთხელ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს მოპასუხისათვის ქალაქ ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების საკითხის (შშმ პირების გათვალისწინებით მე-3 სართულზე) განხილვის დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის 30 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ასა და გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა კომისიაზე პირველივე ეტაპზე განეხილა მოსარჩელეების ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - ორ ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების საკითხი, შშმ პირების გათვალისწინებით მე-3 სართულზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
2022 წლის 9 თებერვალს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის თანახმად, 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე (ოქმი №79) განხილულ იქნა მოსარჩელეთა საკითხი და 2022 წლის 13 იანვარს სააგენტოს დირექტორის მიერ გამოიცა №03-43/ო ბრძანება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ თავისი ვალდებულება უკვე შეასრულა და მხარეებს შორის აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობა, დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საქმეზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ შეწყვიტა საქმის წარმოება და განმარტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის ოქმის (№79) და სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანების შინაარსით დასტურდებოდა, რომ სააგენტომ საკითხი განიხილა არა ნ. ფ-ას და გ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, არამედ მისგან დამოუკიდებლად და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ, რადგან სააგენტოს წარმომადგენელს მინდობილობით არ ჰქონდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული ე.ი. სააგენტო არ ეთანხმებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააგენტოს სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულებამდე უკვე აღსრულებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ასა და გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაევალა კომისიაზე პირველივე ეტაპზე განეხილა მოსარჩელეების ქ. ზუგდიდში ...ს ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების საკითხი, შშმ პირების გათვალისწინებით მე-3 სართულზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2022 წლის 10 თებერვალს 10:30 საათზე.
2022 წლის 9 თებერვალს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის თანახმად, 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე (ოქმი №79) განხილულ იქნა მოსარჩელეთა საკითხი და 2022 წლის 13 იანვარს, გამოცემულ იქნა სააგენტოს დირექტორის მიერ №03-43/ო ბრძანება, რომლითაც გ. ჯ-ის უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არ არსებობის გამო ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ვალდებულება შეასრულა და მხარეებს შორის აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, იმ საფუძვლით, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანება ვერ იქნებოდა მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ და მასთან შესაბამისობაში მყოფ აქტად.
საკასაციო პალატის განმარტებით, დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა სათანადო პროცედურის და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ №28537/02, 27.09.2005, §42; შპს "ამატ ჯი" და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, 27.09.2005, §47).
მოცემულ შემთხვევაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი დავის საგნის არ არსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანებაზე, რომლითაც გ. ჯ-ის უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არ არსებობის გამო ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამასთან, 2021 წლის 17 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმიდან, რომლის საფუძველზეც იქნა გამოცემული ზემოაღნიშნული ბრძანება ირკვევა, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ იქნა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტი) აღსრულების მიზნით, არამედ მისგან დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოყვანილი არგუმენტები - დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ არის რელევანტური ვინაიდან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანება ვერ იქნება მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ და მასთან შესაბამისობაში მყოფ აქტად. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, 2022 წლის 13 იანვრის №03-43/ო ბრძანების გამოცემისას არ იყო კანონიერ ძალაში შესული და იგი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უცნობია რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ესწრაფვის კერძო საჩივრის ავტორი, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების გასაჩივრებით, რამეთუ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 378-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე