Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-732(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ბ-ემ 2019 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2019 წლის 22 მარტის N438 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N38-ის მოპირდაპირედ მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ. ბ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით შ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის N171400 წერილობითი მიმართვით, კომისიაში გაიგზავნა შ. ბ-ეის (პ/ნ: ...) განცხადება, რომლითაც ითხოვდა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ქ.N38-ის მოპირდაპირედ, საერთო ფართობი - 100.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებას. როგორც მითითებული კანონი, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ ითვალისწინებს, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა დაადასტუროს განმცხადებელმა, კერძოდ, მისი სამტკიცებელია, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრება ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები. ამდენად, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაუშვებელია აღიარებას დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე ბატონობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კომისიას ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას და კომისიას გაუჩენდა შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ იგი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით.

კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 11 იანვრის N21 ოქმში აღნიშნულია, რომ N109 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (ფართობი 100 კვ.მ), დადგინდა შემდეგი: აუქციონში გამარჯვებულად აღიარებულ იქნა შ. ბ-ე, რომელსაც დაევალა ორი თვის ვადაში ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის კონკურსისა და აუქციონის სპეციალურ ანგარიშზე აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხის - 1000 ლარის შეტანა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი არ ყოფილა განმცხადებლის მიერ აუქციონის შედეგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თავის მხრივ გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული არქივიდან (2016 წლის 08 ნოემბრის N295028 წერილი) და სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან (2017 წლის 04 აპრილის N111743 წერილი), რომელიც დაადასტურებდა, რომ შ. ბ-ე ნამდვილად წარმოადგენდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, თუმცა, რადგან აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა და შესაბამისად, ვერ დადასტურდა მისი მართლზომიერი მფლობელობა, 2017 წლის 17 მაისის N171400 წერილით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად შ. ბ-ეის განცხადება გაიგზავნა კომისიაში.

კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის 2019 წლის N438 განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სრულყოფილად გამოიკვლია, შეაფასა და დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის თანახმად, არსებითი მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული და რომელთა შეფასებაც გადამწყვეტი და არსებითია მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადგენად. შესაბამისად, გათვალისწინებით იმასა, რომ არსებულ სამართალწარმოებაში სადავოდ კომისიის 2019 წლის 22 მარტის N438 განკარგულება არის გამხდარი, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო შეეფასებინა სწორედ აღნიშნული გარემოებები. კასატორისთვის გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის რა მხრივ დაზუსტებას მიიჩნევს მიზანშეწონილად; თუ მოთხოვნა დაზუსტდება იმგვარად, რომ მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობას, ასეთ შემთხვევაში, სახეზე იქნება არა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, არამედ ახალი სასარჩელო მოთხოვნის დამატებით გაზრდა, რაც ცალსახად სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აღნიშნული აქტების ხანდაზმულობაც, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივლისის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ საქმეში, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ ის იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შ. ბ-ეის მიმართ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 2019 წლის 22 მარტის N438 განკარგულების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შ. ბ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 2 ნოემბერს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N38-ის მოპირდაპირედ მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მაისის მიმართვით შ. ბ-ეის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა (ს.ფ. 119; 94-95, 101). კომისიის 2019 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N4) და მის საფუძველზე ამავე კომისიის მიერ 2019 წლის 22 მარტს გამოტანილი N438 განკარგულებით შ. ბ-ეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით (ს.ფ. 75-76, 77-88). საგულისხმოა, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურს შ. ბ-ემ წარუდგინა აზომვითი ნახაზი და ქ.თბილისის პრემიერის 19.02.2001წლის N135 განკარგულება (ს.ფ.119). აღნიშნული განკარგულების მიხედვით, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ...ის ქ. 38-ის მოპირდაპირედ არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, სავაჭრო საყოფაცხოვრებო ობიექტისთვის აუქციონის წესით საკუთრებაში გასაცემ N109 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართით 100.00 კვ.მ., გამარჯვებულად აღიარებულ იქნა შ. ბ-ე (ს.ფ.15-22). გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მას მიწა შეძენილი ჰქონდა აუქციონის წესით და მისი ნაკვეთი თვითნებურად არ დაუკავებია (ს.ფ. 105-110).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - თუ რა მიზნის მიღწევას ემსახურება სასამართლოში სარჩელის წარდგენა და სწორედ, დავისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქმის მასალებით ცალსახად იკვეთება შ. ბ-ეის ინტერესი, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რისთვისაც მიმართა კიდეც მარეგისტრირებელ ორგანოს და წარადგინა შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნულის შეფასების გარეშე მარეგისტრირებელმა ორგანომ საკითხი გადააგზავნა აღიარების კომისიაში, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიუხედავად შ. ბ-ეის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და განმარტებისა, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინა აუქციონზე, პირველი ინსტანციის სასამართლო ფორმალურად მიუდგა საკითხს, რა დროსაც იმსჯელა მხოლოდ კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე და არ გამოიყენა მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული მოთხოვნის ტრანსფორმირების უფლება და საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ შ. ბ-ე აუქციონზე გამარჯვებულად იქნა ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, არ შეფასდა მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ზემოხსენებული დოკუმენტაცია, მით უფრო მაშინ, როდესაც შ. ბ-ეის იურიდიული ინტერესი მიუთითებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის შესწავლაზე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით დასაზუსტებელია როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე მოპასუხეთა წრე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აუქციონის შედეგებსა და პრივატიზების დაუსრულებლობასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებებს, ვინაიდან მოცემულ დავაზე სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა ქ. თბილისის პრემიერის 19.02.2001 წლის N135 განკარგულების კანონიერება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნის ამ ეტაპზე არარსებობა, გამორიცხავს პრივატიზების პროცესის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში, რა დროსაც უნდა დადგინდეს, სადავო ობიექტის მიმართ მოსარჩელის მიზანი და ამ მიზნის მიღწევის სამართლებრივი საშუალებები; ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი პრინციპები იძლევა მოსარჩელის უფლების დარღვევის სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით გამორკვევის შესაძლებლობას, ასევე, - რა პროცესუალური მექანიზმით არის შესაძლებელი ამ უფლების დაცვა - მოსარჩელის კანონიერი უფლება დარღვეულია მიწის თვითნებური დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობის, საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, თუ ორივე ორგანოს გადაწყვეტილებით. ამასთან, იურიდიული ინტერესის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს შესაბამისი საპროცესო მექანიზმების გამოყენებით უნდა მიეთითოს შედეგის მისაღწევად შესაბამისი საპროცესო საშუალებების გამოყენების უფლების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობას, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, ამდენად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა