საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-760(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 26 მარტს გ. ს-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04.06/12983 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №04/101419 გადაწყვეტილების (გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად - 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად - 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად - 160 ლარის, სულ - 2920 ლარის, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის უკანონოდ შემცირებული თანხის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ს-ეის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №04.06/12983 წერილი მიღებული პენსიის 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით - 150 ლარის, 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით - 160 ლარის, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით - 160 ლარის გამოქვითვის შესახებ; ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №04/101419 გადაწყვეტილება გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2920.00 ლარის, როგორც უკანონოდ შემცირებული თანხის, გ. ს-ეის სასარგებლოდ გადახდა (2015 წლის 11 იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად 150 ლარი, 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი, 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად 160 ლარი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი გ. ს-ე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მისთვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მას ეკუთვნოდა მოთხოვნილი კომპენსაცია 2015 წლის იანვრიდან და სააგენტომ უკანონოდ მოახდინა თანხების გაანგარიშება, რადგან გ. ს-ე, იმის გამო, რომ არ დაკმაყოფილდა მისი 2014 წლის დეკემბრის განცხადება, იღებდა ასაკის პენსიას 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით. ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - 160 ლარს.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ გამოუქვითა მოსარჩელეს თანხები, რითაც გაუარესდა გ. ს-ეის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ ჩაურთავს მოსარჩელე, რომელსაც არ მიეცა არჩევანის გაკეთების საშუალება სახელმწიფო გასაცემლებს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნულ კანონში 2016 წლის 1 იანვრიდან შეტანილ იქნა ცვლილება და მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის: ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის ნამრავლი შესაბამის სტაჟზე; ბ) უფროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის ნამრავლი შესაბამის სტაჟზე; გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის - სახელმწიფო კომპენსაციას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი“. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი კი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის პროკურატურის სისტემაში არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%“.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის №3/2113-16 გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. ს-ეისათვის 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს, გ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. გ. ს-ეის აღნიშნული განცხადება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ გ. ს-ეს არ გააჩნდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნამსახურობის 20 წლიანი სტაჟი და პროკურატურის ორგანოებში მისი ნამსახურობა შეადგენდა მხოლოდ 18 წელს, 5 თვესა და 24 დღეს, ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის მოსაპოვებლად ნამსახურობის სტაჟში არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდს, მოქმედი კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკისათვის განსაზღვრულ 20 წლიან სტაჟში სწავლის პერიოდის ჩათვლას არ ითვალისწინებდა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული პოზიცია და მიუთითა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლებოდა საერთო შრომის სტაჟად, ამასთან, საერთო შრომით სტაჟში ჩაითვლებოდა სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. ამდენად, დასახელებული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ გ. ს-ეს საერთო შრომით სტაჟში ეთვლებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი და შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის №3/2113-16 გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა 2018 წლის 21 ნოემბერს მიიღო №2611_2_01793 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ. ს-ეისათვის (უწყება: პროკურატურა, წოდება: საშუალო სპეციალური წოდება, II კლასის იურისტი, ნამსახურობის სტაჟი: 21 წელი, 3 თვე და 24 დღე) სულ ჩასარიცხი კომპენსაცია (სახელმწიფო კომპენსაცია 01.12.2016-დან ცვლილებამდე გაიცეს თვეში 450,90 ლარი, ექვემდებარება ანაზღაურებას 01.12.2016-დან) იყო 2168,60 ლარი, საიდანაც წინა პერიოდის 01.01.2015-დან 01.08.2016-მდე თანხა შეადგენდა 1715,70 ლარს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის №7-3176 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ გ. ს-ეის დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგო (152 მანეთი და 50 კაპიკი) მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 96,37 ლარს. აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით გ. ს-ეის სახელმწიფო კომპენსაციის თანხამ ყოველთვიურად შეადგინა (96,37*1,5%*21წ. 03 თვ. 24დღ)*80%=24,58 ლარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის №04-06/12983 წერილით გ. ს-ეს ეცნობა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად სააგენტოს დაევალა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურება 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადების შესაბამისად. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აფერხებდა ის გარემოება, რომ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის პერიოდისათვის ხელფასი განსაზღვრული იყო საბჭოთა მანეთებში, ხოლო მიმართვის პერიოდისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად. კერძოდ, დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის სტაჟზე. გ. ს-ეს ამავე წერილით ასევე ეცნობა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით და მისი თანამდებობრივი ჩინის (მე-2 კლასის იურისტი, რაც მიეკუთვნება საშუალო სახელმწიფო წოდებას) გათვალისწინებით, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად იქნებოდა [160 ლ+ (160ლ.*10%*21წ.03თვ.24დღ)]*80%=400 ლარი და 80 თეთრი. ამ თანხას გამოაკლდებოდა ამ პერიოდში მიღებული სახელმწიფო პენსიის თანხა 160 ლარი. შესაბამისად, გ. ს-ეის სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობამ შეადგინა 240 ლარი და 80 თეთრი*6თვ=1444 ლარი და 80 თეთრი, ხოლო 2016 წლის ივლისის თვეში სხვაობა იქნებოდა 270 ლარი და 90 თეთრი. სულ სახელმწიფო კომპენსაციის სხვაობა შეადგენდა 1715 ლარს და 70 თეთრს.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის №2611-2-01793 გადაწყვეტილება გ. ს-ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის №04/10149 სადავო გადაწყვეტილებით გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის). კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.
ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში (სუსგ საქმეზე 21.06.2021წ. №ბს-1031(კ-20)).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, სწორად მიუთითა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური გარანტიის სხვადასხვა სახეს, რომლებსაც დანიშვნისა და გაცემის განსხვავებული საფუძვლები აქვთ და ერთი გასაცემლის მიღება, გარდა ამავე კანონებით დადგენილი შემთხვევებისა, გამორიცხავს მეორე სახის გასაცემლის მიღებაზე უფლებას. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ გ. ს-ე სადავო პერიოდში ვერ მიიღებდა კონკრეტული პერიოდისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობაზე მეტ თანხას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს კომპენსაციისა და პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გ. ს-ეისათვის სწორედ ის თანხა უნდა აენაზღაურებინა, რაც წარმოადგენდა სხვაობას მიღებულ და მისაღებ სახელმწიფო გასაცემელს შორის. აღნიშნული კი სწორად იქნა გადაანგარიშებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და შეადგენს 1715,70 ლარს.
რაც შეეხება სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის გამოყენების თაობაზე კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლებოდა და დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სახელმწიფოს მხრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად, უსაფუძვლოდ, გაცემული პენსიის უკან დაბრუნების/დაკავების (ამავე კანონის მე-19 მუხლი) დაუშვებლობის გარანტიას, რაც ცალსახად არ გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის მიმღებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების პირობებში მასზე ფაქტობრივად გაცემული სახელმწიფო პენსიის გაუთვალისწინებლობას და პირისათვის ორი სახელმწიფო გასაცემლის ერთდროულად ანაზღაურების ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე