საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-990(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა. ჯ-ი
მესამე პირები - ქ. ბ-ე, ლ. დ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჯ-მა 2020 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის N03/451/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ა. ჯ-ის სამწევრიანი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ქ. ბ-ე და ლ. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის N03/451/ო ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ა. ჯ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სამ წევრიანი ოჯახისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მოცულობის (2 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა) შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის N03/451/ო ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ა. ჯ-ის ოჯახის ერთოთახიანი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებს საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1 სულიან ოჯახად, შესაბამისად, 1 ოთახიანი ბინის კანდიდატი იყო, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, ხოლო მასთან მონიტორინგის განხორციელების დროს დროებით თუ იმყოფებოდა შვილი და თუნდაც შვილიშვილი, აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო სასამართლოს მხრიდან მრავალწევრიან ოჯახად მიჩნევის საფუძველი. გარდა მითითებულისა, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლომ დააზუსტებინა მხარეს სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელეს დამატებით 1 ოთახიანი ბინის მიღების ინტერესი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ბაზაში რეგისტრირებულია ერთსულიან ოჯახად. მოსარჩელემ თავისივე ქმედებით, როცა მან თანხმობა განაცხადა 1 ოთხიანი ბინის მიღებაზე, დაადასტურა, რომ არის ერთ სულიანი ოჯახი. მიუხედავად მითითებულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შვილსა და შვილიშვილთან ერთად წარმოადგენს ოჯახს, თუმცა, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ბუნდოვანია.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელემ 2015 წელს განცხადებით მიმართა სამინისტროს ბინით უზრუნველყოფის მოთხოვნით. სამინისტროს 2016 წლის 5 დეკემბრის N122 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით იქნა უზრუნველყოფილი ახალაშენებულ კორპუსში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის შეხედულებით, 1 ოთახიანი ბინა არ იყო საკმარისი მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მან ბინის მიღებაზე უარი განაცხადა და სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, სადაც მოითხოვა როგორც გადაწყვეტილების (2016 წლის 5 დეკემბრის N122 ოქმის) ბათილად ცნობა, ასევე, სამინისტროსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სულადობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ოქმი და მოპასუხეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე, საკასაციო წესით, თუმცა, უცვლელი დარჩა და ძალაში შევიდა.
2019 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე განმეორებით იქნა განხილული ა. ჯ-ის საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა; კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მიჩნეულ იქნა ერთ სულიან ოჯახად, დაკმაყოფილდა 1 ოთახიანი გრძელვადიანი საცხოვრებლით თბილისში, კვლავ ახალაშენებულ კორპუსში. ამჯერად, მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს ბინის ფართთან დაკავშირებით; მეტიც, მასთან 2019 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N199 და იმავე დღეს საცხოვრებელი ფართის მიღებაზე წერილობითი თანხმობა დაადასტურა თავისივე ხელმოწერით. გარდა იმ გარემოებისა, რომ თანხმობა 1 ოთახიანი ფართის მიღებაზე წერილობით დაადასტურა, მან ასევე დაადასტურა 2019 წლის 10 ოქტომბრის კომისიის სხდომის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეც, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანებას მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან მოსარჩელე 1 სულიან ოჯახს წარმოადგენს, ამიტომ მოხდა მისი 1 ოთახიანი ბინით უზრუნველყოფა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახი ერთსულიანია, ამასთან, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გრძელვადიანი საცხოვრებელი გადაეცა ახალაშენებულ კომპლექსში მისამართზე, თბილისი, ...ის ქუჩა N38, კორპ. 15, ბლოკი ბ, სართული 15, ბინა 119, რაზეც არამცთუ თანხმობა განაცხადა, გადავიდა კიდეც საცხოვრებლად და 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ თითქმის ერთი წელია პრეტენზია არ გასჩენია გადაცემულ ფართთან დაკავშირებით, მიუთითებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით იქნა შესაბამისი ფართით უზრუნველყოფილი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს დამატებით იმ გარემოებაზე, რომ როგორც მონაცემთა ბაზაში გადამოწმებული ინფორმაციით დადასტურდა, მოსარჩელე სარეგისტრაციო ნომერზეც მარტოა რეგისტრირებული. გარდა მითითებულისა, თუ მოსარჩელე არ იყო თანახმა, რომ მიეღო ის ბინა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს, იმავე წარმატებით შეეძლო უარი ეთქვა და ხელი არ მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც 2016 წლის შემთხვევაში მოიქცა. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გარდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისა, დევნილის კეთილ ნებაზეც არის დამოკიდებული. მას თუ არ ექნებოდა სურვილი, რომ შეთავაზებული უძრავი ნივთი მიეღო, ძალის გამოყენებით თანხმობას ვერავინ დააფიქსირებინებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიერ ის უნდა გაუქმდეს, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №320 ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა შეადგენს 3-4 მოსახლეს, მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 45 - 60მ2, ამასთან, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა უნდა იყოს ორი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. ხოლო, რაც შეეხება ფართის ოდენობას, აღნიშნული დაკავშირებულია ოჯახის წევრთა რაოდენობასთან, შესაბამისად, არსებითია ადმინისტრაციული წესით დადგინდეს ოჯახის შემადგენლობა, რათა არ შეილახოს როგორც კერძო პირთა, ასევე სახელმწიფო ინტერესი საცხოვრებლის გადაცემისას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სწორედ, გადაცემული ფართის ოდენობა ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ სახელმწიფომ განახორციელა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N1, ბინა N616, ...ო ,,...ში“ მცხოვრები ა. ჯ-ის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება და 2016 წლის 05 დეკემბრის N122 ოქმის საფუძველზე, შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა ა. ჯ-ი. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე 2015 წლის 24 აგვისტოს განხორციელდა ოჯახის მონიტორინგი ზემოაღნიშნულ მისამართზე და ჩატარდა გასაუბრება განმცხადებლის შვილიშვილთან, ლ. დ-თან, რომელმაც განმარტა, რომ 1993 წლიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე ა. ჯ-თან და ქ. ბ-ესთან ერთად, თუმცა უშუალოდ მონიტორინგისას ა. ჯ-ი და ქ. ბ-ე იმყოფებოდნენ სტუმრად სიძესთან, მ. ხ-თან სოფელ ...ში. ამავე მისამართზე 2016 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული მონიტორინგისას ა. ჯ-მა განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე მასთან ერთად ცხოვრობდა შვილი ქ. ბ-ე, შვილიშვილი ნ. შ-ი და შვილთაშვილი (ნ. შ-ის შვილი). საქმეზე ასევე წარმოდგენილია მონიტორინგისას გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულნი არიან ა. ჯ-ი, მისი შვილი - ქ. ბ-ე და შვილიშვილი ლ. დ-ი. ამასთან, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მოსარჩელე ა. ჯ-ის ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილი - ქ. ბ-ე და შვილიშვილი - ლ. დ-ი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულია მოსარჩელის ოჯახის სამწევრიანი შემადგენლობა, 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „სტანდარტების“ (დანართი №8) უგულებელყოფით ა. ჯ-ს გადაეცა ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ფართის გადაცემისას არ გაითვალისწინა მოსარჩელის ოჯახის წევრთა რაოდენობა, რასთან დაკავშირებით მითითებას პირდაპირ შეიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნით გამოიცა სადავო აქტი.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ როდესაც სასამართლოს არ შეუძლია გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ამავდროულად სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ვინაიდან მოსარჩელეს არ სურს გადაცემული ბინის უკან დაბრუნება), ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ოჯახის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა, უკვე საკუთრებაში არსებულ ზემოხსენებულ ბინასთან ერთად, დამატებით ერთოთახიანი ბინის გადაცემა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა