Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1019(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ნ. ა-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 14 მარტს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ნ. ა-ის მიმართ და სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ჯარიმის სახით 3 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასრულია; კერძოდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 420-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან თანხა, რომელსაც სამინისტრო მოპასუხისგან ითხოვს, არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სახეს, რომელიც პირს შეუსრულებელი ვალდებულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება, არამედ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ერთჯერად საჯარიმო სანქციას, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის ეკისრება კონკრეტულ პირს.

კასატორის განმარტებით, მოპასუხეს და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. ამ კონტრაქტის გაფორმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ამავე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი 5 პრიმა პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-6 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას და ვადას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე დებულების მე-18 თავით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი, ხოლო მე-18 თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსურ პასუხისმგებლობად, კერძოდ, ესენია: ჯარიმა პირგასამტეხლო, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხა კომპენსაცია ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებულია კონტრაქტის ფორმა „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აანაზღაუროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ბრძანება დღემდე იურიდიული ძალის მქონე მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია და მითითებული ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა უფორმდება ათასობით სამხედრო მოსამსახურეს.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს მოპასუხის მიმართ კონტრაქტით ერთჯერადად განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება და უნდა იქნეს ნამსჯელი, თუ რამდენად არის შესაძლებელი განსახილველი დავის ფარგლებში სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.

კასატორის განმარტებით, კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო, (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად, მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ხოლო რაც შეეხება, კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას, იმის და მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას.

განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობები პირველადი რედაქციით ითვალისწინებდა ჯარიმის 14000 და 10000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ჯარიმა მიიჩნია რა მაღალ ჯარიმად, თვითონვე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და 2014 წლის 22 ნოემბრის N1633 თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ცვლილება განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარით. კასატორის მოსაზრებით, განჩინების ამ სახით დატოვება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ ვისაც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 3000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს და ფაქტობრივად, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ესენია: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სარჩელის უარყოფის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გასაჩივრებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს ნ. ა-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N4017/20 კონტრაქტი

აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლი ადგენდა ნ. ა-ის ვალდებულებას, ემსახურა კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში, რაც შეადგენდა კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 4 წელს. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს უპირობოდ ეკისრებოდა ვალდებულება, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 02 ივლისის N1254 ბრძანებით, I კლასის რიგითი ნ. ა-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

პალატა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ა-ს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუს 11.07.2012წ. Nბს-175-173(კ-12) გადაწყვეტილება და სხვ.).

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება საქმე Nას-1284-1226-2013).

როგორც უკვე აღინიშნა, 2020 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ა-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) და შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებაზე მითითებით მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგანაც ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ მიჩნევის შესახებ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ კანონქვემდებარე ინდივიდუალური ან ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება, ემსახურება კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას, რაც საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დომინანტობიდან გამომდინარე, მის შემადგენელ ნაწილად განიხილება, შესაბამისად ამ სახის სამართლებრივი აქტების ადმინისტრაციული ხელშეკრულებისაგან განყენებულად განხილვა დამოუკიდებელი კანონისმიერი პირობების დადგენის თვალსაზრისით, უსაფუძვლოა.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ა-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადის (რომელიც შეადგენს 8 თვესა და 20 დღეს) გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (3 000 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა