Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1039(2კ-22) 1 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ქ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ამ 2019 წლის 2 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის 10 მარტს შევსებული თ.ქ-ას ოჯახის დეკლარაციისა და მის შედეგად 102350 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით 2019 წლის 09 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2018 წლის 01 დეკემბრის თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად 95880 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 03 ივნისის N04/29630 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ.ქ-ას დაუბრუნდება სარეიტინგო ქულა 1000, რომელიც მინიჭებული ჰქონდა 2017 წლის 16 იანვრის დეკლარაციის საფუძველზე. ასევე მოითხოვა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2017 წლის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფულადი შემწეობის შეწყვეტის მომენტიდან თ.ქ-ას მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების ზიანის ანაზღაურების სახით გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 03 ივნისის №04/29630 გადაწყვეტილება ,,თ. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 10 მარტს შევსებული თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად 2019 წლის 09 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება 102350 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 01 დეკემბრის თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება 95880 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თ. ქ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ასევე თ. ქ-ამ.

კასატორის - თ. ქ-ას განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის საკმარისად დასაბუთებული და მიღებულია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან რეგისტრირებულად ყოფნისა და სოციალური შემწეობის მიღების ფაქტი. ოჯახის ბოლო გადამოწმება, რომლის საფუძველზეც ფულადი შემწეობის მიღება შეწყდა, იყო 2017 წლის 16 იანვარი. 2018 წლის 1 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის შედეგად 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ოჯახის სარეიტინგო ქულა ერთბაშად გაიზარდა 95880-მდე, ხოლო 2019 წლის 10 მარტს შევსებული ოჯახის დეკლარაციის შედეგად 2019 წლის 9 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით სარეიტინგო ქულა კვლავ გაიზარდა 102350-მდე. კასატორისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულების ასეთი ტემპით ზრდა, მაშინ, როდესაც ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა: კერძოდ, არის მარტოხელა პენსიონერი, დევნილი, შშმ პირი (II ჯგუფის ინვალიდი), უმუშევარი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რომელიც დღითიდღე უარესდება.

კასატორის მითითებით, დეკლარაციების შედარების შედეგად ირკვევა, რომ 2017 წლის დეკლარაციის თანახმად, არანაირ სათავსოს არ ფლობა, ხოლო 2019 წლის დეკლარაციით სათავსოს ფლობაა მითითებული. სინამდვილეში კი არანაირ სათავსოს არ ფლობს. 2017 წლის დეკლარაციით დაკავებული აქვს 32 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ხოლო 2019 წლის დეკლარაციით - 61 კვ.მ ფართი. აქ საუბარია ერთი და იგივე გლდანის ბინაზე, სადაც ცხოვრობს და ეს სხვაობა განაპირობა იმან, რომ ადრე ტექბიუროში უთითებდნენ მხოლოდ საცხოვრებელ ფართს (32 კვ.მ), ხოლო შემდგომ საჯარო რეესტრში საცხოვრებელთან ერთად მიეთითა არასაცხოვრებელი ფართიც (61 კვ.მ). კასატორი განმარტავს, რომ ეს ბინა მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2002 წელს და მისი ფართი არასდროს შეცვლილა. ამის შესახებ ცნობილია სოციალური აგენტებისთვისაც. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით აგარაკის ფართი ფიქსირდება 60.06 კვ.მ. ფართის, ხოლო 2019 წლის დეკლარაციით აგარაკის ფართია 48,89 კვ.მ, თუმცა კასატორი მიუთითებს, რომ არანაირ აგარაკს არ ფლობს. რაც შეეხება სენაკში არსებულ მიწას, ერიცხება 20%, მაგრამ ფაქტობრივად ნაკვეთს არ ფლობს. ამ ნაკვეთის არსებობის შესახებ 2017 წელს ცნობილი იყო სოციალური აგენტისთვის, მაგრამ ამ გარემოებას დაბალი ქულების მინიჭებისთვის ხელი არ შეუშლია. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით ფულადი შემოსავალში მითითებულია 370 ლარი, ხოლო 2019 წლის დეკლარაციით - 0 ლარი. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მიენიჭა 1000, ხოლო 2019 წელს 102350 ქულა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების (სოციალური აგენტების) მიერ შეგნებულად მოხდა ოჯახის სარეიტინგო ქულების გაზრდა, რათა არ მიეღო საარსებო შემწეობა, რომელიც ისედაც მიზერული იყო, რითაც მიადგა ზიანი.

კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ბოლო შესწავლა ჩატარდა 2019 წლის 10 მარტს. შედეგად, სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა 2019 წლის 9 აპრილს და შეადგინა 102350 ერთეული. აღნიშნულ გადამოწმებამდე, 2018 წლის 01 დეკემბრის თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაციის შედეგად 2018 წლის 31 დეკემბერს მიენიჭა 95880 სარეიტინგო ქულა. 2019 წლის 9 აპრილს მინიჭებული 102350 სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის უფლება. სადავო დეკლარაციაში თ. ქ-ა გაეცნო მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, დაეთანხმა და ყველა გვერდზე დაადასტურა მისივე ხელმოწერით, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის ბათილად ცნობა. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროგრამულად. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც თ. ქ-ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, ოჯახის მიმართ არ დადასტურდა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თ. ქ-ას საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თ. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მოსარჩელის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ქულის ოდენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გამოთვლის პროცედურა მოიცავს არა მხოლოდ მის მექანიკურ დაანგარიშებას, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას, საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, რამდენადაც ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის - სოციალური აგენტის მიერ 2018 წლის 01 დეკემბერს შემოწმდა თ. ქ-ას ოჯახი და შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“. ოჯახის უფლებამოსილ პირთან - თ. ქ-ასთან გასაუბრების შედეგად „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა, რომ მისი ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან და იგი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-..., კორპ. 97, ბინა 89. თ. ქ-ას საცხოვრისი შეადგენს 61 კვ.მ-ს და მისი იატაკი ძირითადად არის პარკეტის. მას გააჩნია სამეურნეო ნაგებობები ჩამოთვლილი (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა). ძირითადი საცხოვრებლის გარდა ფლობს 48,9 კვ.მ. ფართის ბინას/სახლს/აგარაკს. ამავე დეკლარაციაში ფიზიკური მდგომარეობის გრაფაში დაფიქსირდა, რომ თ. ქ-ა არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას („სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“, „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია/და ან საჭიროებს მომვლელს“, და ა.შ.), ხოლო სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის გრაფაში - თ. ქ-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი), მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები. თ. ქ-ას ჰყავს ერთი სრულწლოვანი შვილი, რომელიც არ ცხოვრობს მის ოჯახში. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. მის შემოსავალს შეადგენს: სახელმწიფო პენსია 180 ლარის ოდენობით. სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალს შეადგენს - 800 ლარი. ოჯახი ფლობს 0,03 (ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, არ ფლობს მუშა მდგომარეობაში მყოფ მოძრავ ქონებას და არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი. წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 196 ლარი და 51 თეთრი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადაიხადა 42 ლარი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის გადაიხადა 62 ლარი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში დასუფთავებაში გადაიხადა 27 ლარი და 50 თეთრი.

თ. ქ-ას ოჯახის განმეორებითი შესწავლის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 თებერვლის N04/9436 გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის - სოციალური აგენტის მიერ 2019 წლის 10 მარტს შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“. ოჯახის უფლებამოსილ პირთან - თ. ქ-ასთან გასაუბრების შედეგად „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა, რომ მისი ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან და იგი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, გლდანის მე-..., კორპ. 97, ბინა 89. თ. ქ-ას საცხოვრისი შეადგენს 61 კვ.მ-ს და მისი იატაკი ძირითადად არის პარკეტის. მას გააჩნია სამეურნეო ნაგებობები ჩამოთვლილი (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა). ძირითადი საცხოვრებელის გარდა ფლობს 48,896 კვ.მ. ფართის ბინას/სახლს/აგარაკს. ამავე დეკლარაციაში ფიზიკური მდგომარეობის გრაფაში დაფიქსირდა, რომ თ. ქ-ა არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას („სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“, „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია/და ან საჭიროებს მომვლელს“, და ა.შ.), ხოლო სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის გრაფაში - თ. ქ-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი), მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები. თ. ქ-ას ჰყავს ერთი სრულწლოვანი შვილი, რომელიც არ ცხოვრობს მის ოჯახში. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. მის შემოსავალს შეადგენს: სახელმწიფო პენსია 200 ლარის ოდენობით. სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი არ გააჩნია. ოჯახს სხვა წყაროებიდან ფულადი შემოსავალი არ გააჩნია. ოჯახი ფლობს 0,0278 (ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, არ ფლობს მუშა მდგომარეობაში მყოფ მოძრავ ქონებას და არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი. წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 207 ლარი და 15 თეთრი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადაიხადა 46 ლარი და 68 თეთრი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისათვის გადაიხადა 220 ლარი, მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში დასუფთავებაში გადაიხადა 30 ლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 2018 წლის 01 დეკემბერს და 2019 წლის 10 მარტს ,,ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას მითითებული მონაცემები არის შეუსაბამო, ამასთან, საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით, რასაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული დეკლარაციის შემვსები პირის - ე. ჭ-ის ახსნა-განმარტება. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიხედვით, 2017 წლის და 2018 წლის თ. ქ-ას ოჯახის დეკლარაციები მის მიერ შეივსო. დეკლარაციებს შორის სხვაობა არის ფართის და გადასახადების ოდენობაში. მას ახსოვს მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა და განმარტავს, რომ ის არის ორ ოთახიანი ჩეხური. მისივე განმარტებით, 2018 წელს დეკლარაციის შევსების მიზნით მოსარჩელის ბინის დათვალიერებისას მას საცხოვრებელ ბინაში ოთახების განლაგება შეცვლილი არ დახვედრია. სამეურნეო ფართთან მიმართებით მიუთითა, რომ ეს არის სათავსო, ადრე მას საშრობებს ეძახდნენ, აღნიშნული არ არის თ. ქ-ას საკუთრებაში. ამრიგად, დასტურდება, რომ სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს განახორციელოს თ. ქ-ას ოჯახის ხელახლა შესწავლა მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაზუსტების მიზნით. საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი საჯარო ინფორმაციები და სარეიტინგო ქულა განსაზღვროს სწორედ ამგვარ ინფორმაციებზე დაყრდნობით.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული სოციალური დახმარების მიმღების - თ. ქ-ას მხრიდან არასწორი ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ,,ოჯახის დეკლარაციის“ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შედგენა, კერძოდ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ,,ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თ. ქ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა