საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1164(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ. ჯ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჯ-იმა 2018 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N246 განკარგულების ბათილად ცნობა და რ. ჯ-ის თავის უფლებებში აღდგენა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N246 განკარგულება და რ. ჯ-ი აღდგენილი იქნა თავის უფლებებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ, ასევე მესამე პირმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მითითებული იყო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ რ. ჯ-ის არ გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2009 წლის 20 მარტის N8 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N25 საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, დასახელებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულიც არ ყოფილა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს გასაჩივრებული განკარგულების დასაბუთებაც. სადავო განკარგულების თანახმად, კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირის და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შემოწმებულ იქნა ორთოფოტოები (აეროფოტოგადაღება), რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დროისათვის არ არსებობდა მისი სარგებლობისა და თვითნებურად დაკავების ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, საქმეში სამინისტროს მიერ წარმოდგენილია საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ორთოფოტოები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ 2009 წლის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე სარგებლობის კვალი არ ჩანს, არ იკვეთება სასაზღვრო მიჯნა, ამასთან 2009 წლის ორთოფოტო ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი წყალგამტარი არხის ტერიტორიაა, რომლის თვითნებურად დაკავება და სარგებლობა გამორიცხულია. ასევე, ეს ნაკვეთი იყო ჭაობი. შესაბამისად, ამ კონფიგურაციით თვითნებურად დაკავების საფუძვლით აღიარების საფუძვლები არ არსებობდა და დღეისთვისაც არ არსებობს.
რაც შეეხება მხარის მიერ მითითებულ - მართლზომიერი მფლობელობის უფლების წარმომშობ დოკუმენტს - ქვეიჯარის ხელშეკრულებას, პირველ რიგში უტყუარად არ არის დადასტურებული, რ. ჯ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და 2002 წლის 15 ივნისის ქვეიჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ხოლო, აღნიშნულის დადგენის შემთხვევაშიც კი, საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის N163 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გაუქმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ რაიონის გამგეობის მიერ 1999-2005 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რის გამო ეთხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, გაეუქმებინა საქვეიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის რ. ჯ-ითანაც.
სააპელაციო განხილვისას დაკითხული მოწმის ე. ხ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელმაც განმარტა, რომ მას არ გაუუქმებია ქვეიჯარის ხელშეკრულება, კასატორი მიუთითებს, რომ არ არის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ვინაიდან იჯარის შემთხვევაში მოიჯარემ უნდა გამოიყენოს საიჯარო ქონება საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეიჯარის ხელშეკრულების დროს ქვეიჯარის ხელშეკრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომლითაც იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ „მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დროისთვის, მის გაუქმებამდე, არსებობდა ნარგავები და ღობე. (იხ. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა)“. საქმეში არ არის წარმოდგენილი ფოტომასალა, რომლითაც 2007 წლამდე პერიოდში მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი დადასტურდება.
ამასთან, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 09 ოქტომბრის N10/1 განკარგულების საფუძველზე, 2009 წელს დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. შემდგომში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაერთიანდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთთან და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ... (ძველი ს/კ ...).
გამომდინარე აღნიშნულიდან, დღეისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის ზემოთ აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და დღეისათვის კანონიერ ძალაშია. აგრეთვე, უდავოა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია საკურორტო ზონაში და მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში, ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში.
კასატორის მითითებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N248 განკარგულებით ირკვევა, რომ მოსარჩელის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 03 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა იმ დროისათვის მოქმედ, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას. კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირის და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შემოწმდა ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დროისათვის არ არსებობდა მისი სარგებლობისა და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისია რ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თუ ჩათვლიდა, რომ მას საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით ჰქონდა მიღებული, უნდა გამოეკვლია, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელის სტატუსის განსაზღვრისათვის წარდგენილი დოკუმენტების შინაარსი და საკმარისობა, ხოლო თუ კომისია ჩათვლიდა, რომ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების პირობები არ არსებობდა, უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების პირობები, რამდენადაც რ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარება კომისიისათვის წარდგენილი განცხადებით კონკრეტულად არამართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით არ მოუთხოვია.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ დაადგინა, რომ მართლზომიერი საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება გამორიცხული იყო, ვინაიდან 2002 წლის ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა კომისიას, საკუთრების უფლების აღიარების დროისთვის - 2008 წლისთვის უკვე გაუქმებული იყო. როგორც აღინიშნა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის N163 გადაწყვეტილებით, კომისიამ შეისწავლა აღიარების პერიოდისათვის თვითნებურად დაკავების საფუძვლები და რადგან ვერ დადგინდა აღიარების პერიოდში თვითნებურად დაკავება, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა უდავოა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებითვე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთს ამ ეტაპისთვის არ სარგებლობდა მოსარჩელე, რაც ასევე დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში აღიარებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის ამ უფლების გაუქმების კანონიერება.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ რ. ჯ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 03 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილებით, საკუთრებაში გადაეცა ...ში მდებარე 1490 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა №4615. მოგვიანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს №25 საოქმო გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2008 წლის 03 იანვარს გაცემული №4615 საკუთრების უფლების მოწმობა, შესაბამისად გაუქმდა მიწის ნაკვეთზე რ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
რ. ჯ-ის სარჩელის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის (საქმე №3/484-12) გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს №25 საოქმო გადაწყვეტილება ამავე კომისიის 2008 წლის 03 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ რ. ჯ-ის ნაწილში, ხოლო კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) რ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კომისიის მიერ 2008 წლის 03 იანვარს მიღებული №1 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით, რ. ჯ-ის ნაწილში.
2013 წლის 26 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომისიამ იმსჯელა რ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე და მიიჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც რ. ჯ-იმა კვლავ გაასაჩივრა სასამართლოში.
საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 თებერვლის (საქმე №3/650-12) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №9 საოქმო გადაწყვეტილება (რ. ჯ-ის ნაწილში) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა თავიდან განეხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებული საკითხი (რ. ჯ-ის ნაწილში) და გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2017 წლის 03 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა რ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით და 2018 წლის 25 აპრილის №246 განკარგულებით, კვლავ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 03 იანვრის №1 საოქმო გადაწყვეტილება რ. ჯ-ის (პ/ნ:...) ნაწილში და მის საფუძველზე 2008 წლის 03 იანვარს გაცემული №4615 საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო ნახაზთან ერთად. უარის თქმის მოტივებად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა მისი თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი; კერძოდ, მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა არცერთი სახეობის მცენარე, არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული ღობით, არ დასტურდებოდა მისი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება) მიხედვით დადგინდა, რომ არც დღეის მდგომარეობით და არც საკუთრების უფლების აღიარებისა და მისი ბათილად ცნობის დროისათვის, არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის სარგებლობის და თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 15 ივნისის ქვესაიჯარო ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „გ...ს“ დირექტორმა ე. ხ-იმა რ. ჯ-ის ქვეიჯარის უფლებით 10 წლის ვადით გადასცა 0.15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის №163 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გაუქმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ რაიონის გამგეობის მიერ 1999-2005 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რის გამო ეთხოვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, მათ შორის გ...ს მეურნეობას გაეუქმებინა საქვეიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის რ. ჯ-ითანაც. ამასთან საგულისხმოა სააპელაციო განხილვისას დაკითხული მოწმის ე. ხ-ის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ 1990 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა გ...ს მეურნეობის დირექტორად. მან 400 მაცხოვრებელს, მათ შორის რ. ჯ-ის გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით 0.15ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც გაშენებული იყო ლიმონის პლანტაციები.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე ფიქსირდება სადავო მიწის ნაკვეთზე ნარგავების და ღობის არსებობა. მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთით სარგებლობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გაუქმდა მისი საკუთრების უფლება და მასზე დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება, შესაბამისად სადავო აქტის გამოცემისას, მიწის ნაკვეთზე ვერც ნარგავები და ღობე იარსებებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. თავის მხრივ, ფაქტების დადგენა დაკავშირებულია დასაბუთებული აქტის გამოცემის ვალდებულებასთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია დაიცვას აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც კონკრეტული ფაქტებითა და საქმის გარემოებებით განისაზღვრება გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი. ამასთან, აქტის დასაბუთების ვალდებულება განაპირობებს როგორც კანონიერი აქტის გამოცემას, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ეფექტურობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება უკავშირდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესს, რაც გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით აქტის გამოცემას, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება მოიცავს აქტის შინაარსს, კერძოდ, მასში ასახული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ საფუძვლებს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მომენტისთვის, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის არარსებობა, არ დადგინდა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიწის ნაკვეთის დათვალიერება განხორციელდა 2018 წლის მდგომარეობით და წარმოდგენილი ორთოფოტო ასახავდა ამჟამად არსებულ მდგომარეობას, რასაც არ უარყოფს მოსარჩელე მხარეც და უთითებს, რომ მას შემდეგ რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა სადავო ქონება, მას აღარ უსარგებლია ამ ნაკვეთით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა, რომ რ. ჯ-ის მიერ სადავო ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის თუ თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა დადგენილიყო არა დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არამედ, 2008 წლის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო კომისიის 2018 წლის 25 მაისის №246 განკარგულების საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა; შესაბამისად, დასტურდება მოპასუხის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რაც თავის მხრივ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა