საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1183(2კ-22) 31 მაისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე. ს-ი
კასატორი (მოპასუხე) - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ს-მა 2020 წლის 12 მარტს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და „უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ე. ს-ის დაჯარიმების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანებისა და საურავის დარიცხვის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის №ბ32.32210409 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ ქალაქ მარნეულში, ...ის ქუჩაზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეიძინა ... საკადასტრო კოდის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, უკვე არსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე დაჯარიმდა 4000 ლარით. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო კი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 თებერვლის №ბ32.32210409 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ პირს დაეკისრა საურავი 4000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის შემდგომ არასოდეს უწარმოებია მასზე სამშენებლო სამუშაოები. მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა აგებული იყო ჯერ კიდევ წინა მესაკუთრის დროს, შესაბამისად, დაჯარიმება, ასევე დაკისრებული საურავი უკანონოდ მიიჩნია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ე. ს-ისათვის საურავის დარიცხვის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის №ბ32.32210409 ბრძანება, ხოლო უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ე. ს-ის დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე,სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით ე. ს-ისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-6 ნაწილის დეფინიციის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამი დღის ვადაში და ერთი დღის ვადაში უგზავნის მხარეებს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გაეუქმებინა სადავო ბრძანება და არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ცნობილი არ იყო 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების დაწყებისა და აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ. შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოიცა ე. ს-ისათვის საურავის დაკისრების შესახებ 2021 წლის 9 თებერვლის №32.32210409 ბრძანება და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ე. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ე. ს-ის საკასაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხარეთა მიერ, თუმცა ე. ს-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, შესაფასებელია მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პრეტენზია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ე. ს-ისთვის განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებული საურავის კანონიერების შეფასება.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2020 წლის 14 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ე. ს-ის მიმართ შედგა №7 მითითება, რომლითაც, დარღვევის გამოსწორების მიზნით, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიეთითა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის, სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, ასევე მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მითითებით მოსარჩელეს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 3 დღე. ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი 2020 წლის 17 თებერვლის №13 შემოწმების აქტით დასტურდება, რომ ე. ს-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით გათვალისწინებული პირობები. ამის შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების შესაბამისად, ე. ს-ი, ქალაქ მარნეულში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის, დაჯარიმდა 4000 ლარით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაეკისრა საურავი 4000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობაზე, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის შესაბამისად, სასამართლოებმა დაადასტურეს, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებული და დასრულებული იყო მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით ფლობის პერიოდში, რის გამოც იგი წარმოადგენდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122.2. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც ამავე კანონის თანახმად, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა - უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო მისთვის საურავის - 4 000 ლარის დარიცხვას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება კანონისმიერად. კერძოდ, ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენა ავტომატურად, მხარის შუამდგომლობის გარეშე და მოსამართლის ნებისგან დამოუკიდებლად იწვევს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შეჩერებას, განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა, რომელიც განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. აღნიშნული განპირობებულია კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობით და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს აქტის შეჩერებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ს-მა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 12 მარტს. სარჩელი წარმოებაში მიღებულ და დასაშვებად ცნობილ იქნა 2021 წლის 5 თებერვალს. ასევე დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ე. ს-ის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები ჩაბარდა 2021 წლის 11 თებერვალს (იხ.ს.ფ. 47). მართალია, ე. ს-ისათვის საურავის დაკისრების შესახებ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №1194 ბრძანების გასაჩივრების თაობაზე, თუმცა, როდესაც 2021 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავოდ ქცეული აქტის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1. მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად, აქტის გასაჩივრება მის ავტომატურ შეჩერებას გამოიწვევდა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2. „ე“ მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა ეცნო ე. ს-ისათვის საურავის დაკისრების შესახებ 2021 წლის 9 თებერვალს გამოცემული ბრძანება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებები ქმნიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 თებერვლის №ბ32.32210409 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ცალსახად დასტურდებოდა მისი კანონშეუსაბამობა და წინააღმდეგობა დადგენილ სამართლებრივ რეგულაციასთან.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე