საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1190(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა.ნ-ე
მესამე პირი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ნ-ის კანონიერი წარმომადგენელმა გ.ნ-ემ 2016 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალებოდა გარანტიიდან გამომდინარე ოპერაციის თანხის - 428 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 428 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩართვის საკითხის განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის მოწესრიგებისთვის, ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. ამ პროგრამის შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევის დაფინანსება ხორციელდება მიმწოდებელსა და განმახორციელებს შორის არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შემთხვევის დაფინანსებისთვის არ ყოფილა გადმოცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინება. შესაბამისად, როდესაც არ არის გადმოცემული შეტყობინება, შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის მე-10 მუხლი ითვალისწინებს პირის მოსარგებლედ ცნობასა და რეგისტრაციის პირობებს; კერძოდ, პროგრამის ფარგლებში არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში) ან ინდივიდმა მიმართოს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს. პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებლის ან მიმწოდებლის მიერ, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ივსება შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის (განაცხადის შეტანის დროს - 26.02.2016წ. მოქმედი რედაქცია) თანახმად კი დადგენილი იყო, რომ განმახორციელებელმა უზრუნველყოს შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემა განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა ან შემაფერხებელი გარემოებების შესახებ, წერილობით აცნობოს განმცხადებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2016 წლის 26 თებერვალს მიმართა პროგრამის განმახორციელებელს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამის მოსარგებლედ ცნობის მიზნით მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემის მოთხოვნით. ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მაისს და 9 ივნისს გაიცა იდენტური შინაარსის მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილები, რომლითაც დადასტურდა, რომ მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ა.ნ-ისათვის გასაწევი გეგმური ქირურგიული მომსახურების (კოდი – K40.9, დასახელება - ცალმხრივი ან დაუზუსტებელი საზარდულის თიაქარი, გაუვალობის ან განგრენის გარეშე, ლაბორატ. კოდი - JASB00, ლაბორატ. დასახელება - საზარდულის თიაქრის პარკის გამოყოფა და ლიგატურის დადება) საფასური შეადგენდა 535.00 ლარს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა იყო 428.00 ლარი, ხოლო პაციენტის გადასახდელი თანხა - 107.00 ლარი. ამასთან, მიმართვის გამოყენების ბოლო ვადად დაფიქსირდა 2016 წლის 17 ივნისი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ნ-ეს 2016 წლის 9 ივნისს ჩაუტარდა მარცხენა საზარდულის თიაქრის ოპერაცია. ოპერაციის ღირებულება 2016 წლის 10 ივნისს სრულად გადაიხადა მოსარჩელემ, ვინაიდან სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის 1 აპრილიდან აღარ წარმოადგენდა პროგრამით მოსარგებლეს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ზემოაღნიშნულ ნორმაში (10.3) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №147 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 აპრილიდან (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა’’ აღარ ვრცელდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებსა და მათ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ იყვნენ დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით), თუმცა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში განაცხადი შეტანილია 2016 წლის 26 თებერვალს - ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელებამდე, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება ვერ გავრცელდება ცვლილებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განაცხადზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იყო ძველი რეგულაციის პირობებში, უნდა გავრცელებულიყო ცვლილებამდე არსებული ჩანაწერი. რადგან ადგილი არ აქვს კანონის უკუძალას, მითითებული საკანონმდებლო ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ა.ნ-ის უფლებაზე ისარგებლოს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შესაბამისი ანაზღაურებით. ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მოსარჩელის განაცხადის საფუძველზე ვაუჩერი გაეცა 30 კალენდარული დღის ვადაში ანუ 2016 წლის 26 მარტამდე, მითითებულ პერიოდში კი საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ იყვნენ დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, იმავდროულად სარგებლობდნენ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 27.10.2022წ. №28111 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 27.10.2022წ. №28111 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა