Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1273 (კ-22) 31 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 5 აპრილს გ. რ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: გ. რ-ის 6000 ლარით დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის Nბ05.44203433 ბრძანების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის Nბ05.44203433 ბრძანების მოქმედება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებულ იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2020 წლის 8 დეკემბრის Nბ05.44203433 ბრძანების მოქმედება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უხელმძღვანელია თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით. კასატორი აღნიშნავს, რომ მას დარღვევის აღმოსაფხვრელად მიეცა 10-დღიანი ვადა, რაც არ წარმოადგენს გონივრულ ვადას, რადგან საახალწლო პერიოდში-დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მხარის მიერ მშენებლობის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა ან/და პროექტის შეთანხმება. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის უნდა მიეცა გონივრულო ვადა, რადგან პროექტის მომზადებასა და შეთანხმებას ერთი თვე მაინც სჭირდება, შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურმა არასწორად გამოიყენა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

ამასთანავე კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სოციალური სახელმწიფოს პრინციპით. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5, 39-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ოჯახის მძიმე სოციალური პირობების მდგომარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გ. რ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტების მიერ შემოწმდა ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №43-ში მდებარე გ. რ-ის (პ/ნ ...) საცხოვრებელ სახლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. შემოწმების საფუძველზე დადგინა, რომ გ. რ-ი თავისი საცხოვრებელი სახლის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აწარმოებდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოებს (აწყობდა კომერციულ ფართს ნებართვის გარეშე).

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მდამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელის მიმართ გაიცა №141 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით მოსარჩელეს დაევალა 10 დღის ვადაში სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის N141 შემოწმების აქტის თანახმად, გ. რ-ის მიერ მითითების პირობები შესრულებული არ იყო. მითითებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში გ. რ-ს არც სამშენებლო დოკუმენტაცია წარუდგენია ზედამხედველობის სამსახურისათვის და არც დემონტაჟი განუხორციელებია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2020 წლის 08 დეკემბრის ბ05.44203433. ბრძანებით გ. რ-ი, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, დაჯარიმდა 6 000 ლარით. ამავე ბრძანებით მხარეს განემარტა, რომ დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისგან.

გ. რ-მა 2021 წლის 28 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც 2020 წლის დეკემბრის ბ05.44203433 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2021 წლის 25 ივნისს მოქალაქე გ. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გ. რ-ს უარი ეთქვა (2021 წლის 28 მაისის N 19/442114821-44) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა „მოქალაქე გ. რ-ის მცხოვრები ქ. ქუთაისი, ...ას N43-ში, დაჯარიმების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის N8-05.44203433 ბრძანება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს სადავო პერიოდში არეგულირებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად: 1. მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებსა და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა.

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ გ. რ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენდა ახალ მშენებლობას, კერძოდ, ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ.№43-ში, საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ იდგა შენობა-ნაგებობა, განახორციელდა დამატებითი ფართის მიშენება, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (შემდეგში „დადგენილების“) შესაბამისად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა მოსარჩელის მიერ უნებართვო მშენებლობის ფაქტი. აღნიშნული დასტურდება როგორც საქმის მასალებით, ასევე თავად გ. რ-ის, სარჩელში ასახული და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით 2021 წლის 25 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, რომლის თანახმად, მოსარჩელის ოჯახმა გადაწყვიტა ჯიხურის აშენება, რომელიც შემდგომ კომერციული მიზნით უნდა გამოეყენებინათ, მან ასევე განმარტა, რომ სამშენებლო ნებართვის მოპოვებას დაწყებული მშენებლობის პარალელურად აპირებდა, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადასტურებულ გარემოებაზე, რომ გ. რ-ს არ გააჩნია აღნიშნული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია-მშენებლობის ნებართვა.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არა უმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. აღნიშნული კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, გ. რ-ს (კასატორს) მიეცა მითითება და განესაზღვრა 10 დღის ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. 2020 წლის 15 ოქტომბერს ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა შემოწმება და დააფიქსირა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული არ იყო მითითებით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, იმავე თარიღით შედგენილ იქნა უწყება, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაზე დაწყებულ წარმოებასთან დაკავშირებით გ. რ-ი უნდა გამოცხადებულიყო ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. უწყებაში ასევე მიეთითა საქმის განხილვის დრო და მისამართი. გ. რ-მა არ ჩაიბარა აღნიშნული უწყება და ამიტომ იგი განთავსებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში შემავალ ჭიშკარზე, თვალსაჩინო ადგილას, ხოლო 2020 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელეს დაეკისრა კანონით გათვალისწინებული სანქციები ვინაიდან, გ. რ-ის მიერ არ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული პირობები: დაწესებულ 10 დღიან ვადაში არც ობიექტი იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში და არც მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ყოფილა წარდგენილი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ცალსახაა რომ სანქციების შეფარდება არ მომხდარა მყისიერად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, და ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი, საფუძვლიანია მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელემ მშენებლობა განახორციელა უკანონოდ, სამშენებლო ნორმების, დაწესებული მოთხოვნების დაუცველად და შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო გ. რ-ი დაეჯარიმებინა 6000 ლარით.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. გ. რ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.10.2022წ. №14855759590 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე