საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1409(2კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. რ-ა
მესამე პირები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე); ჩ. რ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 23 მარტს ნ. რ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ჩ. რ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განჩინებით ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულება ნ. რ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩ. რ-ას შორის 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. რ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების შესაბამისად, ნ. რ-ა, როგორც დევნილი, ითვლებოდა თუ არა სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად, ასევე, უნდა ემსჯელა თუ სად ცხოვრობდა მოსარჩელე სახელმწიფო ქონების პრივატიზების პერიოდისათვის. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ქონების პრივატიზების პერიოდისთვის, მოსარჩელე და მესამე პირი წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. აღნიშნული გარემოების დადგენის შემთხვევაში, ასევე დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ბინით დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან აითვლებოდა. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ პასუხობს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საკითხებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორების მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-5 თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009 - 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ კი, განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით; აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტით, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის ერთიანი პროცესი, რომლის კოორდინირებას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ამავე განკარგულების 2.1.5. პუნქტის მიხედვით ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება; ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად (სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით“); გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა; დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადასაცემად (შეძლებისდაგვარად ორივე მეუღლესთან); ე) დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა უზრუნველყოფს პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს; ვ) საბოლოო ეტაპზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის. განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები, კერძოდ: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 4 სექტემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, ჩ. რ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩ. რ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, „ა...“, ა...ის გზატკეცილი №..., მე-... სართული, ბინა №..., ფართობი 45,60 კვ.მ, ს/კ ....
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ჩ. რ-ამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო მ. რ-ა და ნ. რ-ა საცხოვრებელი ფართით, მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად კი, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა. ხოლო ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა ჩ. რ-ას ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ურთიერთობის რეგულირების წესები მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც ცალსახად ადგენს მესამე პირის ინფორმირებისა და მისი წერილობითი თანხმობის გაცემის ვალდებულებას იმ ხელშეკრულების დადების დროს, რომლითაც იზღუდება ამ პირის უფლება ან, მას ეკისრება რაიმე ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ხსენებული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება (რომელსაც, თავის მხრივ, უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება). მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად პირის თანხმობა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ეს ხელშეკრულება პირს აკისრებს რაიმე ვალდებულების შესრულებას ან მის უფლებას ზღუდავს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულების ნ. რ-ას ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რამეთუ არ არსებობს მის დადებაზე მოსარჩელის წერილობითი თანხმობა. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით ნ. რ-ას, როგორც დევნილს, ისე აეკრძალა უფლება, მოითხოვოს სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე, უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მისთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, ნ. რ-ას არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც ცალსახად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულება ნ. რ-ას საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ნაწილში) ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე კასატორების პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება ხელშეკრულების დადების შესახებ ცნობილი იყო თუ არა მოსარჩელე ნ. რ-ასთვის. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემიათ მხარეებს. ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ ამონაწერში, მითითებულია მხოლოდ მესაკუთრე ჩ. რ-ა. დამატებით რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბინას სხვა მოსარგებლეები ჰყავს ან რომ ბინაზე რაიმე უფლება აქვს ნ. რ-ას რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდება. ამდენად, ვარაუდი, რომ ნ. რ-ას უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდება. ამგვარად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/03 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, ჩ. რ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ნ. რ-ას არ ჩაბარებია. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორებმა ვერ მიუთითეს მოსარჩელის მხრიდან სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაშვების საფუძვლებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე