საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1452(კ-22) 1 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ.კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.კ-მა 2020 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, ამავე სამსახურის 2020 წლის 6 ივლისის SSVA 00011826 აქტის ბათილად ცნობისა და ვ.კ-ისათვის „ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ვ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის SSVA 00011826 გადაწყვეტილება ვ.კ-ისათვის „ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ვ.კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, არ შეიცავს სასამართლოს დასაბუთებას თუ რის საფუძველზე არ გაიზიარა კონკრეტული მტკიცებულებები ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებისა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიუხედავად, რატომ დაეყრდნო იგი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მხოლოდ მოსარჩელე ვ.კ-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას საბრძოლო მოკვლევის სახით. ამასთან სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები; კერძოდ გ.ჩ-ე წარმოადგენდა გენოციდის/ეთნიკური წმენდის მსხვერპლს და აღნიშნული საკუთრივ გამორიცხავდა მის ომში დაღუპულად კვალიფიკაციის საკითხს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხის რეგულირებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო 2020 წლის 15 ივლისის განჩინებაში (საქმე ბს-1257(კ-19)) მიუთითებს, რომ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად და შესაბამისი სოციალური გარანტიებით სარგებლობისთვის, პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა სწორედ ომში მონაწილეობის (საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან) დროს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც დგინდება მოსარჩელის ოჯახის წევრის გენოციდის შედეგად დაღუპვა, მისი გარდაცვალების მიზეზად იმავდროულად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ვერ დასახელდება.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს დავალება ახალი აქტის გამოცემის შესახებ და მის აღსასრულებლად ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონიერების პრინციპიდან, რამდენადაც დაუშვებელია კანონის იმპერატიული დანაწესის საწინააღმდეგოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებლის - ვ.კ-ის მიერ 2020 წლის 6 თებერვლის განცხადება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ წინაპირობებს; კერძოდ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების სამსახურმა 2020 წლის 6 ივლისის SSVA 00011826 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა საგნობრივი, სათანადო და რელევანტური გარემოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ გ.ჩ-ე წარმოადგენდა გენოციდის მსხვერპლს, არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და მისი დაღუპვა არ იყო დაკავშირებული მის საომარ მოქმედებებში მონაწილეობასთან. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არ ითვალისწინებს რაიმე სამართლებრივ წანამძღვრებს, რაც საშუალებას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს გენოციდის/ეთნიკური წმენდის მსხვერპლი მიეჩნია ომში დაღუპულად. ამდენად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 6 ივლისის SSVA 00011826 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, არ არსებობს მისი ბათილად მიჩნევის სზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიებს. ამასთან, იმავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილია, რომ ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე-6 მუხლის „ე.ზ“, „ე.თ“ და „ე.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს ვეტერანთა კატეგორიებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად და შესაბამისი სოციალური გარანტიებით სარგებლობისთვის, პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა სწორედ ომში მონაწილეობისას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ.კ-ი არის ომის ვეტერანი და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს მისი მეუღლის - გ.ჩ-ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობიდან გამომდინარე მისი დაღუპვის გამო. გ.ჩ-ე და ვ.კ-ი დაქორწინდნენ 1979 წლის 25 დეკემბერს. გარდაცვალების მოწმობის თანახმად, გ.ჩ-ე ... წლის ... ...ს გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, რაზეც გარდაცვალებათა შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნაკში 1993 წლის 11 აგვისტოს განხორციელებულია ჩანაწერი №44. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: ნამსხვრევით მიღებული ტრავმა, საარტილერიო დაბომბვისგან, აფხაზეთი, სოხუმის რაიონი, სოფელ .... გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი: ...ს ..., სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ. გაცემულია 1993 წლის 11 აგვისტოს.
გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ე.კ-ი ... წლის ... ...ს გარდაიცვალა 13 წლის ასაკში, რაზეც გარდაცვალებათა შესახებ აქტების რეგისტრაციის წიგნაკში 1993 წლის 11 აგვისტოს განხორციელებულია ჩანაწერი №45. გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: ნამსხვრევით მიღებული ტრავმა, საარტილერიო დაბომბვისგან, აფხაზეთი, სოხუმის რაიონი სოფელ .... გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი: ...ს ..., სოხუმის რაიონი, აფხაზეთის ასსრ. გაცემულია 1993 წლის 11 აგვისტოს.
2020 წლის 6 თებერვალს, ვ.კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა მისთვის ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება. 2020 წლის 06 ივლისის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის SSVA 00011826 გადაწყვეტილებით ვ.კ-ს უარი ეთქვა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე და განემარტა, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო იყო, რომ დაღუპული პირი ჩარიცხული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებულ შესაბამის უწყებაში, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში და დაღუპულიყო ბრძოლის ველზე, ან/და გარდაცვლილიყო საბრძოლო მოქმედებებში მიღებული ჭრილობების შედეგად, რა გარემოებებიც არ დასტურდებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 08 ოქტომბრის №MOD 3 19 01033002 წერილით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში, ინფორმაცია გ.ჩ-ის 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარდაცვალების მოწმობაში მითითებული ინფორმაციისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვ.კ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოიკვლია და მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული მონაცემები. გარდა ამისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინა მე-... ბატალიონის მეთაურის თადარიგის პოლკოვნიკის რ.ა-ას, იმავე ქვედანაყოფის რიგითის ვ.ფ-ს და კ.ლ-ს მიერ გაცემული საბრძოლო მოკვლევის შინაარსი, რომლითაც დასტურდება გ.ჩ-ის მიერ ... მსახურობის და მისი ... წლის ... ...ს დაღუპვის ფაქტი მოწინააღმდეგის მასირებული დაბომბვის დროს, სოფელ ...ში, ...ის ქუჩაზე ყუმბარის ნამსხვრევებისგან. ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტამდე უნდა გამოეკითხა ის პირები, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ გ.ჩ-ე-კ...თან, რათა უტყუარად დადგენილიყო ამ უკანასკნელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვის ფაქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ყოფილი მე-... ბატალიონის მეთაურის თადარიგის პოლკოვნიკის რ.ა-ას, ვ.ფ-სა და კ.ლ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადასტურებულია გ.ჩ-ე-კ...ის მათ ბატალიონში მოხალისედ ყოფნა 1993 წლის აპრილიდან, თუმცა შტატის არქონის გამო, ბატალიონის ბრძანებებში შეყვანის ნაცვლად, შეყვანილი იყო შიდა ბატალიონის სიაში და იღებდა ხელფასს. ამდენად, დადასტურებულია, რომ დასახელებული გარემოებების გამოკვლევა და საქმის მასალების სათანადოდ შეფასება ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა. ზემოაღნიშნული ფაქტების უტყუარად გამოკვლევის გარეშე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მოსარჩელის მეუღლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი და ვ.კ-ს მიანიჭოს „ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსი, შესაბამისად, საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ამ თვალსაზრისით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას.
ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა