Facebook Twitter

№ბს-372(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის MES 6 19 01340739 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ს...ის’’ მიერ ა. ბ-ას სახელზე გაცემული ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის MES 6 19 01340739 გადაწყვეტილება ა. ბ-ას №1306187 განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა დასაბუთებული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ბ-ას 2019 წლის 1 ოქტომბრის №1306187 განცხადებიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, შპს ,,ს...ის’’ მიერ 2010 წლის 26 თებერვალს ა. ბ-ას სახელზე გაცემული ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის, რომ დაწესებულება, რომელმაც გასცა ...ის ... დიპლომი, ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე ახორციელებდა საგანმანათლებლო მომსახურებას. ა. ბ-ას 2019 წლის 1 ოქტომბრის №1306187 განცხადება შეიცავდა ცნობებს, მხოლოდ ა. ბ-ასთან მიმართებით და არ უკავშირდებოდა დაწესებულების სამართლებრივ სტატუსს. განცხადებას თანდართული ჰქონდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 მაისის MES 2 19 00565836 ცნობა, რომლის მიხედვით, ა. ბ-ამ გაიარა 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შესაბამისი შეფასებები. პალატამ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მოცემული ცნობიდან არ დასტურდებოდა მოიპოვა თუ არა ა. ბ-ამ სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კასატორის განმარტებით, 2017 წლის 19 ოქტომბრის №1284874 გადაწყვეტილების გამოცემისას ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტარციული წარმოების შედეგად დადგინა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის №231 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად, შპს ,,პ...ს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს...’’. 2010 წლის 28 სექტემბრიდან შპს ,,ს...ს’’ ეწოდა შპს ,,სა...’’, 2010 წლის 15 ნოემბრიდან ეწოდა შპს ,,საბ...’’, ხოლო 2011 წლის 21 აპრილიდან - შპს ,,სა...’’. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სა...მ’’ (...) ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში. რაც შეეხება ,,საზ...’’ (საიდენტიფიკაციო კოდი ...), მან 2002 წლის 4 ივლისს, შპს გაზეთ „საქ...ზე“, ...ის სტატუსით, გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №020641060 (№01-17-08/2036) ლიცენზია. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი სუბიექტის სახელმწიფო სარეგისტრაციო მონაცემების გრაფაში მითითებულია კრწანისი - მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 თებერვლის დადგენილება, რომლითაც განხორციელდა შპს „საქ...“-ს (რეგისტრირებული თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 05/06/1995 წლის №4/4-15 დადგენილებით) სათანადო დოკუმენტებში ცვლილებების რეგისტრაცია (რეგისტრაციის №4/4-15; ს/კ ...). ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 6 სექტემბრის დადგენილებით განხორციელდა შპს „...ის“ რეგისტრაცია (რეგისტრაციის №06/4-1077; ს/კ ...). საქართველოს განათლების სამინისტროს 2003 წლის 19 მაისის სალიცენზიო კომისიის №01-17-08/2223 გადაწყვეტილებით, ...ი (ს/კ ...) ითვლება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 04 ივლისს გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №02641060 ლიცენზიის მფლობელად. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №1-19/60 გადაწყვეტილებით, ...ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 09 იანვრის №1-19/373 გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, ხოლო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2006 წლის 23 იანვრის №4-19/384 გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ უარი ეთქვა პრეტენზიის დაკმაყოფილებასა და ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. შესაბამისად, ა. ბ-ას სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე გაცემული ...ის ... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. 2017 წლის 19 ოქტომბრის №1284874 აქტის გამოცემის საფუძველი სწორედ ის იყო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება საქმიანობდა არაღიარებულ რეჟიმში, ხოლო ცენტრი მოცემულ ფაქტობრივი გარემოების არსებობის პირობებში, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს საქმეზე იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლად, რომელიც საფუძვლად დაედო 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 გადაწყვეტილებას, რადგან ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი (მტკიცებულებები) გარემოებები, რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რის გამოც არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსხვავებით სააპელაციო პალატისა, ყურადღება გაამახვილა და გამოიკვლია ის გარემოებაც, რომ ა. ბ-ამ გაიარა 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიიღო შესაბამისი შეფასებები, თუმცა ცნობაში არ არის მითითებული, აღნიშნული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მან მოიპოვა თუ არა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კასატორის განმარტებით, ...ის საფეხურის გავლის შესახებ ცნობა არ ყოფილა წარდგენილი 2019 წლის 1 ოქტომბრის MES 5 19 01306187 განცხადებასთან ერთად, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი შეფასების შესაძლებლობა არ ჰქონია. ა. ბ-ას მიერ ...ის საფეხურის გავლის შესახებ ცნობა წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლო წარმოების პროცესში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესიდან“ გამომდინარე ცენტრმა 2017 წლის 17 ოქტომბერს გასცა MES 3 17 012 68324 აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ა. ბ-ას სახელზე 2012 წელს „P...“-ს მიერ გაიცა HN 02887 დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის შესაბამისად, მას მიენიჭა ...ის ...ის აკადემიური ხარისხი, სპეციალობით - ...ა. ამასთან, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დროს ცენტრი არ შეისწავლის იმ გარემოებას, თუ რა იყო უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის საფუძველი, აღნიშნული ცდება ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებს. ამას გარდა, მოცემული აქტი ა. ბ-ას სახელზე უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე არის პირობითი აქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისად, მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას. შესაბამისად, ცენტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის MES 3 17 012 68324 აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული პირობითი აქტი, რომლის ფარგლებშიც ცენტრის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა შეესწავლა უცხო ქვეყანაში - რუსეთში, პირის ჩარიცხვის კანონიერება, აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული აქტის ფარგლებში არ შეფასებულა ჰქონდა თუ არა ა. ბ-ას ...ის ხარისხი, რადგანაც ამის ვალდებულება ცენტრს არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის №1340739 აქტი, რომელიც გამოცემული არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო პალატა მოცემული დავის ფარგლებში განმარტავს დიპლომის მიმართ პირის კანონიერი ნდობის არსებობის წინაპირობებს მაშინ, როცა ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის №1284874 აქტი ა. ბ-ას ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული, რადგან თავად ა. ბ-ამ გამოიხმო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი.

კასატორის განმარტებით, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ აქტს. გარდა ამისა, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. თუნდაც დავუშვათ, რომ დიპლომთან მიმართებითაც ტექნიკურად, ნორმის გრამატიკული წაკითხვის უგულებელყოფის ფონზე, შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. შესაბამისად, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა, რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციონირებას.

კასატორის განმარტებით, დადგინდა, რომ ა. ბ-ას სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე გაცემული ...ის ... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, ცენტრმა უარი თქვა დაედასტურებინა ...ის ... დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის №1284874 გადაწყვეტილება ა. ბ-ას სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე არის კანონიერ ძალაში შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის MES 6 19 01340739 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შპს ,,ს...ის’’ მიერ ა. ბ-ას სახელზე გაცემული ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2010 წლის 26 თებერვალს, ს...ის მიერ, ა. ბ-ას სახელზე გაიცა ... ...ის დიპლომი (სარეგისტრაციო №12) მასზედ, რომ ... ფაკულტეტის 2009 წლის 26 ივნისის №2/68 გადაწყვეტილებით ა. ბ-ას მიენიჭა ... ...ის აკადემიური ხარისხი ...ის სპეციალობით (ს.ფ. 67-68); ბ) 2017 წლის 20 სექტემბერს ა. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,ს...ის’’ მიერ მის სახელზე გაცემული ... ...ის დიპლომის (სარეგისტრაციო №12) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა (ს.ფ. 63-71); გ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 გადაწყვეტილებით ა. ბ-ას უარი ეთქვა ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე (ს.ფ. 81-85); დ) ა. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის - ა. ბ-ას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ა. ბ-ას სარჩელი, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დარჩა განუხილველი (ს.ფ. 87-88); ე) 2019 წლის 1 ოქტომბერს ა. ბ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისთვის წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 მაისის MES 2 19 00565836 ცნობა 2005 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შეფასების შესახებ და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 2016 წლის 19 მაისის №01-15/0415 ცნობა, მასზედ, რომ იგი მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ...ის ...ო პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე (ს.ფ. 89-101); ვ) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის MES 6 19 01340739 გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა. ბ-ას განცხადება დარჩა განუხილველი. მოპასუხის განმარტებით ა. ბ-ას 2019 წლის 1 ოქტომბრის განცხადება არ ცვლიდა 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს. არ იყო წარდგენილი იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე იმ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებები) არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (ს.ფ. 102-103).

ამდენად, დგინდება, რომ თავდაპირველად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 გადაწყვეტილებით ა. ბ-ას უარი ეთქვა ... ...ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ დასაბუთებით, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირდება იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიდან - დიპლომიდან.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 4 ოქტომბრის MES 6 19 01340739 გადაწყვეტილება, რომლითაც ცენტრმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა. ბ-ას MES 5 19 01306187 განცხადება დატოვა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაშვებულია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილს ან ახლად გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ.

პალატა განმარტავს, რომ 102-ე მუხლზე მითითებით არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია, განცხადება თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის თაობაზე.

იმ პირობებში, როდესაც განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 მაისის MES 2 19 00565836 ცნობა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 2016 წლის 19 მაისის №01-15/0415 ცნობა, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას წარდგენილი განცხადება, ახალი დოკუმენტების შეფასების გარეშე, დაეტოვებინა განუხილველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით დაწესებული შეზღუდვის გამოყენება და სადავო საკითხისადმი ფორმალური მიდგომა არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. მოცემულ შემთხვევაში არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც მოსარჩელე მიუთითებდა. ამასთან, გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული მოტივი, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ. მხოლოდ ფორმალური მითითება, რომ განცხადება არ ცვლიდა 2017 წლის 19 ოქტომბრის MES 1 17 01284874 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს და არ იყო წარდგენილი იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ შეცვლის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე იმ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებები) არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეაფასა წარდგენილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 25.03.2022წ. №02713 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2022წ. №02713 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე