საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-678(2კ-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კერძო აღმასრულებელი ვ.მ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - უ.გ-ე; მესამე პირები - გ.ს-ე, შპს „ ჯ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ.გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულების ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის - 6120 (ექვსი ათას ას ოცი) ლარის უ.გ-ისთვის სრულად დაბრუნების დავალება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: 2018 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:11:31).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ გ.ს-ე და შპს „ჯ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით უ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, უ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულება, ქ. ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე ( ...ის გვერდით), N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენად უ.გ-ის გამოცხადების ნაწილში, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა 6120 (ექვსი ათას ას ოცი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი გახდა უ.გ-ე, იგი ვერ სარგებლობს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ახდენს უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება მნიშვნელოვანი ადამინური ღირებულებაა, თუმცა იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი გარანტიებით, საჭიროა იგი წარმოადგენდეს ამ უფლების სუბიექტს. ძირითადი უფლებების დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი მათი ორმაგი ფუნქცია, ორმაგი დატვირთვაა, კერძოდ, ერთი მხრივ, ისინი წარმოადგენენ სუბიექტურ უფლებებს, ხოლო მეორე მხრივ, ქმნიან ღირებულებათა კონსტიტუციურ წესრიგს. ორივე ფუნქცია ავსებს ერთმანეთს და მთლიანობაში საკუთრების უფლების სრულყოფილ გამოხატულებას ადგენს.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მუხლი პირველ რიგში ემსახურება იმ მიზანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვანი შესრულების შედეგად არ გამოიწვიოს პირის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების არამარლთზომიერი შეზღუდვა.
პალატამ მიუთითა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალებს) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.
პალატამ მიიჩნია, რომ აღმასრულებელი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვალდებული იყო მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვებაზე სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, უძრავი ქონების სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზის საფუძველზე განესაზღვრა, მოახდენდა თუ არა აუქციონზე გასხვისებულ ქონებაზე წარმოშობილი საკუთრების უფლების სრულ რეალიზაციას უძრავი ქონების შემძენი, რაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, ქმნიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს იმ ნაწილში, რომლითაც მოვალე გ.ს-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ... (... ის გვერდით), საკადასტრო კოდი: ... შემძენი 2017 წლის 04 დეკემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა უ.გ-ე.
პალატამ ასევე მიუთითა, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც მოვალე გ.ს-ის (... ) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა უ.გ-ე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა უ.გ-ის მიერ უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი თანხის 6120 (ექვსი ათას ასოცი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და კერძო აღმასრულებელი ვ.მ-ს მიერ.
კასატორი - კერძო აღმასრულებელი ვ.მ-ი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ქონება აუქციონზე რეალიზებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელებული იქნა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, მოძიებული იქნა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მოვალის ქონების შესახებ. ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის პასუხის მიხედვით ირიცხებოდა მოვალის საკუთრებაში დაუზუსტებელი მახასიათებლებით უ.გ-ემ შეიძინა აუქციონზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. კასატორის მითითებით, ვინაიდან საჯარო რეესტრის პასუხის მიხედვით, მოვალის სახელზე ირიცხებოდა აღნიშნული უძრავი ქონება მოხდა მასზე ყადაღის რეგისტრაცია და აუქციონზე რეალიზაცია. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე მითითებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთი არის დაუზუსტებელი და მის გადაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრებოდა ქონების შემძენს.
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ/არ გამიჯნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი. ბუნდოვანია, აღსრულების ეროვნული ბიუროს რომელი ქმედება არის უკანონო, რომელმაც წარმოშვა ზიანის ანაზღაურების წინაპირობა. კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებზე, საქმეში დაცულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 მარტის N... წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ჭიათურა, ...ის ქუჩა (...ის გვერდით), ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 18 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 17 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ... ) რეგისტრირებულია გ.ს-ის საკუთრების უფლება, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, კასატორისთვის ბუნდობანია, რომელი მტიცებულების თანახმად მიიჩნია დადგენილ გარემოებად სააპელაციო სასამართლომ, რომ სადავო ქონება აუქციონის მიმდინარეობს დროს და განსახილველ დრომდე ირიცხება სს ...ის საკუთრებად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 მარტის N... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა მედიაციაზე. უ.გ-ეს სადავდო არ გაუხდია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ გარემოებებზე და არ შეაფასა აღნიშნული გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, დმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული კერძო აღმასრულებელი ვ.მ-ს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს შპს „ჯ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ვ.მ-ს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ნოტარიუს მიერ გაცემული 2016 წლის 19 ოქტომბრის N161207118 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეებს წარმოადგენდნენ შპს „ჯ...“ და გ.ს-ე (სოლიდარული თავდები), ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა - 17 574.21 ლარს.
დადგენილია აგრეთვე, რომ კერძო აღმასრულებელმა ვ.მ-მა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალეებს - შპს „ჯ...ს“ და გ.ს-ეს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 27 ოქტომბერს გაუგზავნა NA16112844-005/001 წინადადება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მათ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები; აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი აუქციონი. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ. ზემოაღნიშნული წინადადება მოვალე გ.ს-ეს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 03 ნოემბერს.
2017 წლის 22 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის ვ.მ-ს მიერ მოხდა მოვალე გ.ს-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ჭიათურა, ...ის ქ., ...ის გვერდით, მიწის ნაკვეთი - 18კვ.მ., შენობა-ნაგებობა - 17 კვ.მ. (...) (საკადასტრო კოდი: N... ) აღწერა-დაყადაღება. აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტს ხელს აწერს დამსწრე პირი - გ.მ-ე. ამასთან, განხორციელდა ხსენებული ქონების შეფასება, რამაც შეადგინა 12 000 ლარი.
2017 წლის 13 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა ვ.მ-მა N16112844-016/003 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოვალე გ.ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე *მდებარე: ქ. ჭიათურა, ...ის ქ., ...ის გვერდით, (საკადასტრო კოდი: N... ) აუქციონის დანიშვნის მოთხოვნით. საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №A16112844 საქმეზე აუქციონის დაწყების და დასრულების დროა - 15 ნოემბერი, 2017წ. – 24 ნოემბერი, 2017წ.; ლოტს მიენიჭა სტატუსი - არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 9000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 600 ლარი. აუქციონის პირობაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი არის დაუზუსტებელი და მის გადაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯი ეკისრება ქონების შემძენს.
2017 წლის 24 ნოემბერს აუქციონზე გატანილი ქონების შემძენი გახდა უ.გ-ე, რომელმაც ქონება შეიძინა 6120 ლარად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებობიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულებით მოვალე გ.ს-ის საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 04 დეკემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა უ.გ-ე.
2018 წლის 15 იანვარს უ.გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს NA16112844-019/001 განკარგულების და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ჭიათურაში, ... ის ქ-ზე, ...ის გვერდით მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: N... ).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ უ.გ-ის მიერ 2018 წლის 15 იანვარს წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 იანვრის ამონაწერით დასტურდება, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „...“ (...). „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულების სამართლებრივი საფუძველია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი, ხოლო ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მეორე მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. მითითებული კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან, მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას, ხოლო 75-ე მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადავო განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოქმედებები. ამასთანავე, შესაბამის უძრავ ქონებაზე მოვალის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ გარემოების დასადგენად, კერძო აღმასრულებელი დაეყრდნო ინფორმაციას, რომლის უტყუარობასა და სისწორეზეც პასუხისმგებელია ინფორმაციის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო - საჯარო რეესტრი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუქციონზე გასხვისებული და მოსარჩელის მიერ სადავო განკარგულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება, მოვალის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით. 2018 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, უ.გ-ემ საკუთრების უფლებით ვერ დაირეგისტრირა აუქციონზე შეძენილი ქონება, ვინაიდან სარეგისტრაციო უძრავ ნივთთან დაფიქსირდა N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზედდება. მოსარჩელის ინტერესია, მასზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის - 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც რეალურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი საკუთრების უფლება (სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, განკარგულებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება ვერ აღირიცხა).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთანავე, საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. აღნიშნული უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური. „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება). „.. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. დაუშვებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად..“(სუს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხის სწორად შეფასებისათვის, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქმესთან დაკავშირებულ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც გამოირიცხება აუქციონის ჩატარების შედეგად, მოსარჩელის სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, სადავო სააღსრულებო წარმოებისას კერძო აღმასრულებელი დაეყრდნო ინფორმაციას, რომლის უტყუარობასა და სისწორეზეც პასუხისმგებელია ინფორმაციის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების ვალდებულება, თუმცა უდავოა, რომ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მოსარჩელე ვერ ახდენს საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებას - საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი, განკარგულებაში მითითებული უძრავი ქონება ზედდებაშია საჯარო რეესტრში დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან. ამდენად, შესაბამისი, რეგისტრირებული მონაცემების ძალაში არსებობის პირობებში, სადავო განკარგულებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოსარჩელის უფლება - საკუთრებად დაირეგისტრიროს აუქციონზე შეძენილი ქონება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია, მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლად იქცეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით არსებობს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რომლებიც უკავშირდება სადავო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულების უკანონობას და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის 6120 (ექვსი ათას ას ოცი) ლარის მოსარჩელისთვის სრულად დაბრუნებას.
რაც შეეხება კასატორის - თბილისის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებას, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის დაინტერესებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით მიღებულ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (2018 წლის 30 მარტის N... გადაწყვეტილება): საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს არა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველის აღმოფხვრა (საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტის კანონშესაბამისად ჩათვლა, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის), არამედ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მასზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის - 2017 წლის 11 დეკემბრის NA16112844-019/001 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც რეალურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი საკუთრების უფლება (სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო, განკარგულებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება ვერ აღირიცხა). ამდენად, აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა დამოკიდებული არ არის საჯარო რეესტრის 2018 წლის 30 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის არსებობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 10 მაისს №30356 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ: 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ამასთანავე, კერძო აღმასრულებელ ვ.მ-ს (პ/ნ:...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 22 ივლის N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და კერძო აღმასრულებელი ვ.მ-ს საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ: 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 10 მაისს №30356 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კერძო აღმასრულებელ ვ.მ-ს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 22 ივლისს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე