Facebook Twitter

№ბს-344(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №01/103855/გ გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.ც-ი და ლე.ც-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №01/103855/გ გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინიტრის №18 ბრძანების 68-ე მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე ბრძანების 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო საქმის განხილვისას დაეყრდნო საქართველოს ცენტრალური არქივიდან წარმოდგენილ ინფორმაციას. სააგენტოს მიერ, ასევე, მოძიებულ იქნა სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ფონდში დაცული საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან დაარსებული რესპუბლიკური კომისიის სხდომის №17 ოქმი, რომელსაც ცაკისა და სახკომსაბჭოს 1927 წლის 7/3 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, დავალებული ჰქონდა განესაზღვრა ნაციონალიზაცია მუნიციპალიზაციაქმნილი შენობები. აღნიშნულ ოქმში მოხსენიებულია ლე.ც-ი. ამავე ფონდში დაცულია ...ის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მაზრაში არსებული მუნიციპალიზაციაქმნილი სახლების სია, სადაც მოხსენიებულია ...ში არსებული ლე.ც-ის (ასეა დოკუმენტში) სახელი (№10/44859). არქივიდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდში დაცულია 1925 წლის ლე.ც-ის განცხადება, მისთვის ...ში ჩამორთმეული უძრავი ქონების (სახლის) შესახებ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არის 72 წლის და ასევე, საქართველოს ცაკის საქმეთა მმართველის წერილი, რომლითაც ცაკის მდივნის ს.თ-ას დავალებით, ლე.ც-ს გამოეცხადა, რომ მისი შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლის დაბრუნების შესახებ უარყოფილია (№10/44862).

სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ნამდვილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია საქართველოში რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, უფლებამოსილების მქონე ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი შედგენის მომენტისთვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ...ის ...ის ეკლესიის 1860 წლის საეკლესიო ჩანაწერით დგინდება: ლ.ც-ი დაბადებულია ... წლის ... ...ს. ამავე ჩანაწერით ლ.ც-ის მშობლები არიან: მამა, ა.ც-ი და დედა, მ... რ...ის ასული. ...ის ...ის ეკლესიის 1879 წლის მეტრიკული წიგნში აღნიშნული ჯვრისწერის შესახებ ინფორმაცია კი ადასტურებს, რომ 19 წლის ლ.ც-მა და 15 წლის ბ.უ-მა ჯვარი დაიწერეს 1879 წლის 28 იანვარს, რაც ასევე, უთითებს ლ.ც-ის ... წელში დაბადებას. სახელი ლ... ასევე დაფიქსირებულია ლ.ც-ის შვილის - ზ.ც-ის დაბადების შესახებ ჩანაწერში, რაც მიუთითებს სააგენტოს მიერ ლ.ც-ის დაბადების აქტის ჩანაწერის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე. სააგენტოს მიერ მოძიებული მეტრიკული (საეკლესიო) ჩანაწერით ცალსახად დგინდება ლ... (ლე...) ც-ის პიროვნების შესახებ მონაცემები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ეროვნული არქივის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა იმ პერიოდის ამსახველი მეტრიკული (საეკლესიო) ჩანაწერების წიგნი.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ სხვა წესით შეძლო დოკუმენტის მოძიება, რაც გამოიხატება ლ... (ლე...) ც-ის მიმართ შედგენილ რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე შესრულებული ჩანაწერის აღმოჩენაში. საქმისწარმოების დროს გამოვლინდა, რომ რეალურად არსებობდა პირის მიმართ საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა ლ.ც-ის დაბადებას, მშობლების ვინაობას, დაბადების ადგილს, ამასთანავე, ლ.ც-ის ჯვრისწერის შესახებ მეტრიკული ჩანაწერი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლ.ც-ი დაიბადა ... წელს. სახელი - ლ..., მისი შვილის, ზ.ც-ის 1882 წლის მეტრიკული წიგნით, დაბადების შესახებ ჩანაწერშიც ფიქსირდება.

იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა მიიჩნევს რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე შესრულებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებს იგივე იურიდიული ძალის მატარებლად, როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ შესრულებულ ჩანაწერებს, სააგენტო ვერ გააგრძელებდა ადმინისტრაციულ წარმოებას ლ... (ლე...) ც-ის დაბადების შესახებ იურიდული ფაქტის დადგენის თაობაზე. შესაბამისად, სააგენტოს მიერ სწორად იქნა შეწყვეტილი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ წარმოება, ვინაიდან გამოვლინდა ლ.ც-ის დაბადების შესახებ მონაცემები, რადგან კანონმდებლობა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია, განსახილველ შემთხვევაში კი სახეზე იყო ლ... (ლე...) ც-ის დაბადების აქტს ჩანაწერი და ქორწინების აქტის ჩანაწერი (რელიგიური წეს-ჩვეულების საფუძველზე შესრულებული ჩანაწერები).

სააგენტო სადავოდ არ ხდიდა იმას, რომ ლ... და ლე.ც-ი წარმოდგენდა ერთსა და იმავე პიროვნებას, რაც, არც მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამხდარა სადავო, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, მხარეს არ აღუნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოძიებული ლ.../ლე.ც-ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ეკუთვნოდა სხვა ლ.ც-ს. სადავო გარემოებას წარმოადგენდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელი ლ...ის მაგივრად მითითებული ყოფილიყო სახელი - ლე..., ხოლო დაბადების თარიღად განსაზღვრულიყო ... წელი და არა ... წელი. ამდენად, მითითება, რომ თითქოს, ... წლის ...ის ...ის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას ლ.ც-ის და არა ლე.ც-ის დაბადების შესახებ, არ შეესაბამება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ განმარტებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 6 დეკემბერს მ.გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ლე.ც-ის დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა, შემდეგი მონაცემებით: სახელი - ლე...ი, გვარი - ც-ი, დაბადების თარიღი - ... წელი, დაბადების ადგილი - ...ის რაიონი, სოფელი ..., მამა - ა... ც-ი, გარდაცვალების თარიღი - ... წელი, გარდაცვალების ადგილი - ... (ტ.1, ს.ფ. 168-169); ბ) მ.გ-ის 2017 წლის 6 დეკემბრის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2018 წლის 12 იანვარს, №... წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ლე...ი ა...ს ძე ც-სა და ბ... მ...ის ასულის ქორწინების აქტის ჩანაწერის ქსეროასლის მოძიება და გადაგზავნა. საქართველოს ეროვნულ არქივს ასევე ეთხოვა, შეემოწმებინათ 1879-1882 წლების ...ის რ-ნ სოფ. ...ის ქორწინების აქტის ჩანაწერები (ტ.1, ს.ფ. 122); გ) 2018 წლის 12 იანვრის №... წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა, 2018 წლის 29 იანვარს, №11/19667 წერილით მიმართა ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და აცნობა, რომ ...ის ...ის ეკლესიის 1879 წლის მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ლ... ა...ის ძე (ასეა დოკუმენტში) ც-მა (19წ.) და ბ... (ასეა დოკუმენტში) მ...ის ასულმა უ-მა (15წ.) ჯვარი დაიწერეს 1879 წლის 28 იანვარს (ტ.1, ს.ფ. 123-124); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 იანვრის №50/13224, №50/13463, №50/13462 წერილებით საქართველოს ეროვნული არქივიდან ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ...ის ...ის, ...ის და ...ის ეკლესიების 1852-1863 წლების მეტრიკულ წიგნებში ლე... ა...ს ძე ც-ის დაბადების ჩანაწერის შესახებ. აღნიშნული წერილების პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 29 იანვარს №11/19230, №11/19675 და №11/19187 წერილებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ...ის ...ის, ...ის და ...ის ეკლესიების მითითებული წლების მეტრიკულ წიგნებში ლე... ა...ს ძე ც-ის დაბადების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. ასევე მიეთითა, რომ მათ შორის, 1854 და 1862 წლების მეტრიკული წიგნები საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში არ ინახება (ტ.1, ს.ფ. 125-126, 127-128); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მ.გ-ის განცხადება ლე.ც-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ვერ დგინდება ლე.ც-ის კანონიერი მონაცემები (სახელი, დაბადების ზუსტი თარიღი (წელი)), შესაბამისად, სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მ.გ-ს უარი უნდა ეთქვას ლე.ც-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე (ტ.1, ს.ფ. 170-172); ვ) 2018 წლის 27 თებერვალს, მ.გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლე.ც-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის №01/73170/გ გადაწყვეტილებით, მ.გ-ის 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტ.1, ს.ფ. 98-101, 108); ზ) მ.გ-ის 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 2 მარტს, №01/73305 წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ლე... (ლ...) ა...ს (ა...ოს) ძე ც-ის დაბადების შესახებ ...ის რაიონის ...ის ეკლესიების 1860-1862წწ. ჩანაწერებში დაცული მეტრიკული ჩანაწერის მოძიება და გადაგზავნა. ამასთან, ეთხოვა მოძიება განეხორციელებინათ ყველა შესაძლო მონაცემით. ასევე, ეთხოვათ ჩანაწერი მოეძებნათ მამის მონაცემებითაც - ა... (ა...ო) ც-ი და გაეგზავნათ ლე... ც-ის ყველა შესაძლო დედმამიშვილის დაბადების მეტრიკული ჩანაწერიც (ტ.1, ს.ფ. 177); თ) 2018 წლის 2 მარტის №01/73305 წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 16 მარტს, №11/42567 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ...ის ...ის ეკლესიის 1860 წლის მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ლ.ც-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. მშობლები: მამა - ა.ც-ი, დედა - მ... რ...ის ასული (ტ.1, ს.ფ. 178); ი) 2018 წლის 2 მარტს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, №01/73414 წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ა. ც-ის დაბადების შესახებ ...ის რაიონის ...ის ეკლესიის 1893 წლის ჩანაწერში დაცული ინფორმაციის მოძიება და გადაგზავნა. ამასთან,, დაეკონკრეტებინათ აქტში მითითებული ბავშვის მამის - ლე.ც-ის ასაკი ან დაბადების თარიღი (ტ.1, ს.ფ. 209); კ) 2018 წლის 2 მარტის №01/73414 წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 16 მარტს, №11/42569 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ...ის ...ის ეკლესიის 1893 წლის მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ა. ლე...ის ძე ც-ი (ა. ლე...ის ძე ც-ი - ასეა დოკუმენტში) დაიბადა ... წლის ... ...ს. მამა - ლე.ც-ი (ლე... ა...ის ძე ც-ი - ასეა დოკუმენტში), დედა - ბ... მ...ის ასული (ვ... მ...ის ასული - ასეა დოკუმენტში) (ტ.1, ს.ფ. 210-211); ლ) 2018 წლის 2 მარტს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №01/73413 წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ზ.ც-ის დაბადების შესახებ ...ის რაიონის ...ის ეკლესიის 1882 წლის ჩანაწერში დაცული ჩანაწერის მოძიება და გადაგზავნა (ტ.1, ს.ფ. 212); მ) 2018 წლის 2 მარტის №01/73413 წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 16 მარტს, №11/42570 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ...ის ...ის ეკლესიის 1882 წლის მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ზ... ლ...ის ძე ც-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. მამა - ლ.ც-ი, დედა - ბ... მ...ის ასული (ტ.1, ს.ფ. 213-214); ნ) 2018 წლის 2 მარტს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №01/73417 წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ლე.ც-ის 1925 წლის განცხადების მოძიება და გადაგზავნა, მისთვის ჩამორთმეული სახლის დაბრუნების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 188-192); ო) 2018 წლის 2 მარტის №01/73417 წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 21 მარტს, №10/44862 წერილით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და გადაუგზავნა საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში არსებულ საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ფონდში დაცული - სოფელ ...ში მცხოვრები ლე.ც-ის 1925 წლის განცხადება, მისთვის ...ში ჩამორთმეული უძრავი ქონების (სახლის) შესახებ, ასევე, საქართველოს ცაკის საქმეთა მმართველის წერილი ლე.ც-ის სახლის დაბრუნების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 193-197); პ) 2018 წლის 2 მარტს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №01/73415 წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და ითხოვა ლე.ც-ის სახელზე ქონების ჩამორთმევის შესახებ სხდომის ოქმისა (30.11.1927) და მასთან დაკავშირებით არქივში დაცული ყველა დოკუმენტაციის მოძიება და გადაგზავნა (ტ.1, ს.ფ. 202-204); ჟ) 2018 წლის 2 მარტის №01/73415 წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2018 წლის 21 მარტს, №10/44859 წერილით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში არსებულ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ფონდში დაცულია საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან დაარსებული რესპუბლიკანური კომისიის სხდომის №17 ოქმი, რომელსაც დავალებული ჰქონდა/თანახმად ცაკისა და სახკომსაბჭოს 1927 წლის 7/3 დადგენილების მე-5 მუხლისა/განესაზღვრა (ამ შემთხვევაში ...ის მაზრაში) ნაციონალიზაცია და მუნიციპალიზაცია ქმნილი შენობები. აღნიშნულ ოქმში მოხსენიებულია ლე.ც-ის სახლი. ამავე წერილში მიეთითა, რომ ფონდში ასევე დაცულია ...ის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მაზრაში არსებული მუნიციპალიზაციაქმნილი სახლების სია, სადაც მოხსენიებულია ...ში არსებული ლე... ა..ას ძე ც-ის (ტექსტში ასეა) სახლი (ტ.1, ს.ფ. 205-208);

განსახილველ შემთვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №01/103855/გ გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ-ის 2018 წლის 27 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის №... გადაწყვეტილება, ხოლო მ.გ-ის მოთხოვნაზე - დადგენილ იქნეს ლე.ც-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება (ტ.1, ს.ფ. 236-239). ასევე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.ც-ი და ლე.ც-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტი განიმარტება, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება (ა); სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს (ბ); სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია (გ).

დასახელებული კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია.

„სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში უკვე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოების დაწყების შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.გ-ის საჩივარზე, ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 06 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ლე.ც-ის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უკვე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილ იქნა იმ მოტივით, რომ წარმოების ეტაპზე სააგენტოს მიერ მოძიებული მასალებით დგინდებოდა საჩივრის ავტორის მიერ საჩივრით მოთხოვნილი ფაქტი, კერძოდ, ასეთ დოკუმენტად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნა 1860 წლის ...ის ...ის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი 1860 წლის 1 მაისს ლ.ც-ის დაბადების შესახებ.

საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა იმ მოტივით, რომ დადგენილიყო ლე.ც-ის დაბადების იურიდიული ფაქტი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ლე...ი, გვარი - ც-ი, დაბადების თარიღი - … წელი, დაბადების ადგილი - ...ის რაიონი, სოფელი ..., მამა - ა. ც-ი, გარდაცვალების თარიღი - 05.08.1932 წელი, გარდაცვალების ადგილი - .... აღნიშნული მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული 2018 წლის 28 მარტის №01/103855/გ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად უნდა შეესწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. აღნიშნულ პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს მ.გ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, რამდენად წარმოადგენდა 1860 წლის ...ის ...ის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, მართალია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ლ.ც-ი და ლე.ც-ი ერთი და იგივე პიროვნებაა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს, რამდენად ქმნის 1860 წლის ...ის ...ის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი, მ.გ-ის მიერ მოთხოვნილი მონაცემებით (სახელი: ლე...ი, გვარი: ც-ი), იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - მ.გ-ის განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილია, რომ სასამართლომ დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგინოს ცნობები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.გ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 22.03.22წ. №25257 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.22წ. №25257 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე