ბს-1106(კ-22) 24 მაისი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 25.12.2020წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ.გ-ას მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით სამეწარმეო მიზნით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2018 წლის 13 აგვისტოდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 1431,25 ლარის, ხოლო 2020 წლის იანვრიდან ფართის გამოთავისუფლებამდე - თვეში 90 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.10.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავოა 2018 წლის 13 აგვისტოდან შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად გამოყენების საკითხი. სასამართლოს მოსაზრებით საქმეში არსებული და ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტოილუსტრაციებით არ დასტურდება ფოტოებზე აღბეჭდილი ფართებიდან რომელიმე მათგანის გ.გ-ას მიერ მფლობელობის ფაქტი. ხოლო რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.09.2018წ. წერილს, მასში მხოლოდ ის ინფორმაციაა მითითებული, რომ ქ. ზუგდიდში, ...ს ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებაში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს გ.გ-ა, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერვე გაცემული 08.09.2021წ. ცნობის მიხედვით 2018 წლის 13 აგვისტოდან გ.გ-ას შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. მართალია დადგენილია შპს „ ლ...-ს“ საქართველოს წარმომადგენლობისთვის გ.გ-ას მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, თუმცა ირკვევა, რომ მომსახურების გაწევა მოხდა შემკვეთის მისამართზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა არ ადასტურებს მითითებულ პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გ.გ-ას მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებას. მოსარჩელის მიერ აღნიშნულ პერიოდში გ.გ-ას მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით არა მხოლოდ სარგებლობა, არამედ სამეწარმეო მიზნით გამოყენების დადასტურება სააგენტოს მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობითა და ფოტომასალით დგინდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება. მოპასუხე თავადვე ადასტურებს ფართით სარგებლობას და შეკვეთების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს მოპასუხისათვის საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ გ.გ-ა არამართლზომიერად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდში, ... ...ს ქუჩაზე მდებარე 17,07 კვ.მ. ფართით და იყენებს მას სამეწარმეო მიზნით. კასატორის მოსაზრება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობებითა და ფოტომასალით დგინდება ი/მ გ.გ-ას მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, არ არის დასაბუთებული. მართალია სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.09.2018წ. ცნობის მიხედვით, ქ. ზუგდიდში, ... ...ს ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლეებს შორის დასახელებულია ი/მ გ.გ-ა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერვე 2021 წლის სექტემბერში გაცემული ცნობების მიხედვით გ.გ-ას სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება, გარდა შპს „ლ...-ს“ საქართველოს წარმომადგენლობისგან 2019 წელს მიღებული 306,12 ლარისა და 2020 წელს მიღებული 184,95 ლარისა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ შპს „ლ...-ს“ საქართველოს წარმომადგენლობისთვის გ.გ-ას მიერ მომსახურების გაწევა მოხდა შემკვეთის მისამართზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში და არა მოსარჩელის მიერ მითითებული ფართის გამოყენებით. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმ გარემოების სარწმუნო დასაბუთებას, რომ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოყენებით. რაც შეეხება საქმეში დაცულ, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ, ფოტოსურათებს, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მათი მეშვეობით არ ხდება კონკრეტულად გ.გ-ას სარგებლობაში არსებული ფართის იდენტიფიცირება და მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში ფართის სამეწარმეო მიზნით გამოყენების დადასტურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ორი კუმულატიური პირობის არსებობა: ერთი მხრივ უნდა დადასტურდეს პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობა, ხოლო მეორე მხრივ უნდა დადგინდეს ამ ფართის სამეწარმეო მიზნით გამოყენება. მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტის დადასტურება არ ქმნის ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარგებლისათვის სარგებლობის თანხის ანაზღაურების დაკისრების საკმარის პირობასს. სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული პერიოდიდან უძრავი ქონების სამეწარმეო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, ხოლო მოპასუხე უარყოფს 2018 წლის 13 აგვისტოდან ფართის სამეწარმეო მიზნით გამოყენებას. შესაბამისად, გამოირიცხება სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი