Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-720(კ-21) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ. გ-ა, ი. ფ-ა, ლ. მ-ა, ირ. ფ-ა, ნ. ჭ-ა, ე. კ-ა, ლ. ყ-ი, რ. ნ-ა, რ. მ-ი, კ. ლ-ა, ქ. კ-ა, ი. კ-ა, ნ. ბ-ა, თ. ც-ა, ნ. ბ-ი, ნ. რ-ა, ს. კ-ა, მ. ქ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სს „ე...“.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 ივნისს მ. გ-ამ, ი. ფ-ამ, ლ. მ-ამ, ირ. ფ-ამ, ნ. ჭ-ამ, ე. კ-ამ, ლ. ყ-იმა, რ. ნ-ამ, რ. მ-იმა, კ. ლ-ამ, ქ. კ-ამ, ი. კ-ამ, ნ. ბ-ამ, თ. ც-ამ, ნ. ბ-იმა, ნ. რ-ამ, ს. კ-ამ და მ. ქ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში, 600 კვ.მ III სართულის და 200 კვ.მ სარდაფის სს „ე...ს“ საკუთრებად აღრიცხვის (ს.კ. ...) შესახებ 15.11.2000წ. №... რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში, 600 კვ.მ III სართულის და 200 კვ.მ სარდაფის სს „ე...ს“ საკუთრებად აღრიცხვის (ს.კ. ...) შესახებ 02.09.2003წ. №... განაცხადის რეგისტრაციის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში, 600 კვ.მ III სართულის 600 კვ.მ და 200 კვ.მ სარდაფის სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ სს „ე...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. გ-ას, ი. ფ-ას, ლ. მ-ას, ირ. ფ-ას, ნ. ჭ-ას, ე. კ-ას, ლ. ყ-ის, რ. ნ-ას, რ. მ-ის, კ. ლ-ას, ქ. კ-ას, ი. კ-ას, ნ. ბ-ას, თ. ც-ას, ნ. ბ-ის, ნ. რ-ას, ს. კ-ას და მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მ. გ-ას, ი. ფ-ას, ლ. მ-ას, ირ. ფ-ას, ნ. ჭ-ას, ე. კ-ას, ლ. ყ-ის, რ. ნ-ას, რ. მ-ის, კ. ლ-ას, ქ. კ-ას, ი. კ-ას, ნ. ბ-ას, თ. ც-ას, ნ. ბ-ის, ნ. რ-ას, ს. კ-ას, მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების პოზიციით, არც ერთი საბუთი სადავო ფართზე სს „ე...ს“ საკუთრების უფლებას არ ადასტურებს და არ წარმოადგენს სათანადო, კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. მოსარჩელეები არიან ფართის მართლზომიერი მფლობელები (მოსარგებლეები) ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“, „თ“, „პ“ ქვეპუნქტების, 12.1 მუხლის „გ“ ქევპუნქტის, 14.3 და 20.1 მუხლების საფუძველზე. აღნიშნულის თაობაზე არსებობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკა (მაგ: სუს-ის გადაწყვეტილებები: №3კ/868-01, 28/11/2001; №3კ/834-01, 28/11/2001; №ას-142-136-2012, 05.11.2012; ას-746-702-2012, 31/10/2012) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №18768/05, "Saghi№adze a№d others v.Georgia"). მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა მართლზომიერი მფლობელობა ფართზე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს უდავო ფაქტობრივი გარემოებად, დევნილთა პრეტენზიის უარსაყოფად მიუთითეს იმ გარემოებაზე, თითქოს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტის ტერმინს 1999 წლისთვის მოქმედი კანონმდებლობა (იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ) არ იცნობდა და იგი გაჩნდა 2001 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შემდგომ კი დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ობიექტების ცნებები. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არცერთი კანონი არ მიუთითებდა კერძო საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების მესაკუთრის სახელზე რეგისტრაციის დაუშვებლობაზე მასში დევნილთა განსახლების გამო.

კასატორთა მითითებით, დევნილები სადავო ფართში ცხოვრობენ უშუალოდ 1993 წლის სექტემბერში რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფხაზეთში განხორციელებული ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შედეგად. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე სპეციალური წერილობითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას დევნილად ცნობის, რეგისტრაციისა და სახელმწიფო შენობისათვის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის-კოლექტიური ცენტრის მინიჭების შესახებ. ექსტრემალური და საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ხდებოდა სპონტანურად, სახელმწიფო ორგანოთა ზეპირი თუ წერილობითი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის მიერ დევნილთა კოლექტიური ჩასახლებით და რეგისტრაციით დროებითი განსახლების ადგილის მიხედვით. ამ პრინციპს საერთაშორისო ლტოლვილთა (დევნილთა) სამართალში ეწოდება prima facie-ს პრინციპი, როდესაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო გადაადგილებულ პირებს სახელმწიფო უზრუნველყოფს ინდივიდუალურად ან კოლექტიურად დევნილად რეგისტრაციით, საცხოვრისითა და სხვა აუცილებელი სოციალური დახმარებით ზედმეტი ფორმალობების გარეშე, მინიმალური და მარტივი სამართლებრივი პროცედურებით, წერილობითი საბუთებით ან მათ გარეშე. ამ გარემოებაზე საგანგებოდ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

კასტორთა მითითებით, დევნილთა ბინადრობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 30 დეკემბრის №94 განკარგულება „საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთი რეგიონიდან კონფლიქტური სიტუაციებისა და სტიქიის შედეგად, აგრეთვე რესპუბლიკის ფარგლებს გარედან ლტოლვილთა სოციალური დაცვის და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“, საქართველოს 1992 წლის მოწვევის პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის შექმნის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 დეკემბრის №1124 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №535 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 2 ოქტომბრის განკარგულება „აფხაზეთიდან ლტოლვილთა და მებრძოლთა გამოყვანის და განთავსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის №900 დადგენილება „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სოციალური მოწყობის, სრულყოფისა და მათი მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 29 მარტის განკარგულება „აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა მშობლიურ ადგილებში დაბრუნების, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილება „აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“, 1996 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის №643 ბრძანებულება „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 5 იანვრის №5 ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 6 მაისის №2387 დადგენილება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დროებით საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №198 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციისა მონაცემების გადამოწმების, ახალი კომპიუტერიზებულ მონაცემთა ბაზის შექმნისა და დევნილთა ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 სექტემბრის №157 დადგენილება „ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა რეგისტრაციის და სოციალური საკითხების, სახელმწიფო ფულადი შემწეობის, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების გაცემის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №72 განკარგულება „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, 2014 წლის 6 თებერვლის საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ და სხვა. ამ დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო დევნილთა განსაკუთრებული და უპირველესი მოთხოვნილება - თავშესაფრის უფლება. ამასთან, დაკონკრეტებულ იქნა თუ რომელი ობიექტები გადაეცემოდა დევნილებს მართლზომიერ მფლობელობაში. ეს იყო სახელმწიფო საკუთრების შენობები.

კასატორთა მითითებით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ფართი დაუბრუნდება სახელმწიფოს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით (ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები) გადავა დევნილთა საკუთრებაში. კორპუსში 28 წლის წინ განსახლებული დევნილები ვერ იმტკიცებენ თავიანთ ბინებს საკუთრებაში, ვერ სარგებლობენ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით. სახელმწიფოს შესაძლებლობებიდან, მშენებლობის ტემპებიდან გამომდინარე, მათი უზრუნველყოფა უახლოეს 10-15 წელიწადში არ მოხდება. ისინი ვერ სარგებლობენ საყოფაცხოვრებო სერვისებით (მაგალითად, კორპუსში არ არის გაყვანილი ბუნებრივი აირი, რასაც სჭირდება მესაკუთრის თანხმობა. იმავე მიზეზებით არ ტარდება კორპუსის სარემონტო სამუშაოები სახელმწიფოსა თუ ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან). ამავე დროს, სს „ე...“ ფაქტობრივად არ არსებობს, არ ფუნქციონირებს. იურიდიულად ვერ დგინდება უფლებამოსილი პირები. დირექტორი გარდაცვლილია. სააპელაციო სასამართლომ საგანგებოდ მოიძია აქციონერთა სია და საწარმოს წილები, მაგრამ ასეთი დოკუმენტი ვერ იქნა მოპოვებული. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო დაზოგავს 1 მილიონ ლარზე მეტს, რომელიც უნდა გამოიყოს ამ დევნილი ოჯახების ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველსაყოფად.

კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ცალკე შუამდგომლობით მიმართეს სახელმწიფო ბაჟის დამატებით გადახდის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებისა და მოსარჩელეთათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან მოცემულ დავაზე სსკ-ის 40.2 მუხლით განსაზღვრული ბაჟის შეკრებითობის პრინციპი ვერ გავრცელდება, რადგან მოსარჩელე-დევნილები არიან თანამოსარჩელეები ერთიან მოთხოვნაზე. სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ მოთხოვნაზე.

კასატორებმა „ფიზიკურ პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნეს, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს. ასეთი საბუთი საქმეში წარმოდგენილი არ არის. კანონის არსიდან გამომდინარე, ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკერძოება (გასხვისება, პრივატიზაცია), რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს უძრავის ქონების სს „ე...ს“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გამსხვისებლის - სახელმწიფოს მიერ გასხვისების ნების დამადასტურებელი დოკუმენტით. ასეთი აქტი საქმეში წარმოდგენილი არ არის და ვერც მესამე პირებმა მიუთითეს მასზე. ასეთ საბუთს ვერ ჩაანაცვლებს გადახდის ქვითრები. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების („საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“) დებულებებს და აგრეთვე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საკუთრების ზოგად კონცეფციას მფლობელობასთან და კონკრეტულად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მფლობელობასთან და „გონივრულ მოლოდინთან“ მიმართებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 06 სექტემბრის განჩინებით მ. გ-ას, ი. ფ-ას, ლ. მ-ას, ირ. ფ-ას, ნ. ჭ-ას, ე. კ-ას, ლ. ყ-ის, რ. ნ-ას, რ. მ-ის, კ. ლ-ას, ქ. კ-ას, ი. კ-ას, ნ. ბ-ას, თ. ც-ას, ნ. ბ-ის, ნ. რ-ას, ს. კ-ას და მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას, ი. ფ-ას, ლ. მ-ას, ირ. ფ-ას, ნ. ჭ-ას, ე. კ-ას, ლ. ყ-ის, რ. ნ-ას, რ. მ-ის, კ. ლ-ას, ქ. კ-ას, ი. კ-ას, ნ. ბ-ას, თ. ც-ას, ნ. ბ-ის, ნ. რ-ას, ს. კ-ას და მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს სადავო ფართების სს „ე...ს“ საკუთრებად რეგისტრაცია წარმოადგენს. მოსარჩელეები არიან ხსენებულ ფართებში კომპაქტურად ჩასახლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობის მოტივით სს „ე...ს“ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას უკანონოდ მიიჩნევენ.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის 1992 წლის 10 სექტემბრის №147 ბრძანებით, სამშენებლო გაერთიანება ,,თ...ს“ დაევალა ტრესტ „ს...სთვის“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქალაქ თბილისში თანამშრომელთა განთავსებისთვის ...ის №56-ში მდებარე შენობის მე-3 სართული (600 კვ.მ) და სარდაფი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (მოსარჩელე ტრესტი „ს..., მოპასუხე სამშენებლო გაერთიანება ,,თ...ი“), ქ. თბილისში, ...ის №56-ში მდებარე შენობის მე-3 სართულის (600 კვ.მ) და სარდაფის (200 კვ.მ) მფლობელად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე - ტრესტი „ს...“. შესაბამისად, კანონიერად იქნა მიჩნეული აღნიშნული ფართის ტრესტის მიერ საკუთარ ბალანსზე აყვანა.

საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 3 ნოემბრის №26.06.258 დადგენილებით განხორციელდა ტრესტ ,,ს...ს“ აქციონირება და დამტკიცდა პრივატიზების გეგმა. ამავე დადგენილებით ტრესტ ,,ს...ს“ ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება ,,ე...“ და აღინიშნა, რომ ტრესტთან ერთად აქციონირდებოდა მისი ქვესაწარმოც. ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1994 წლის 15 დეკემბრის №727/4-03 დადგენილებით, საწარმოთა და სხვა სამეურნეო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშემწყობი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება ,,ე...“, რომელიც შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკური გაერთიანება „სა...ის“ ტრესტ „ს...ს“ ბაზაზე. ასევევ დადგენილია, რომ ერთი მხრივ, ქ. თბილისის მერიასა და მეორე მხრივ, ფირმა დ...ს, სს ,,საქ...ს“, სს ,,ე...ს“, სს ,,სამ...ს“ შორის 1997 წლის 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მითითებულმა საწარმოებმა იჯარით მიიღეს ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 22 დეკემბრის წერილით დადასტურებულია, რომ სს „ე...ს“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებული იყო და იმყოფებოდა კერძო მფლობელობაში. 1999 წლის 29 დეკემბერს შედგენილი მიწის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. ...) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სს ,,სა...სა“ და სახელმწიფოს საკუთრებად. 2000 წლის 15 ნოემბრის №... განაცხადის საფუძველზე შევიდა ცვლილება, კერძოდ, მესამე სართულის 600 კვ.მ და 200 კვ.მ სარდაფი დარეგისტრირდა სს ,,ე...ს“ საკუთრებად, ასევე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ მიეთითა სს ,,ე...“. აღნიშნულ ცვლილებას, გარდა სხვა დოკუმენტაციისა, საფუძვლად დაედო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000 წლის 29 სექტემბრის №24/2449 წერილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში არსებული ოთხსართულიანი შენობის მესამე სართულის არასაცხოვრებელი ფართის 600 კვ.მ და სარდაფის 200 კვ.მ ირიცხებოდა სს ,,ე...ს“ სახელზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 20 ივლისის №01-01/07/16046 წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში მდებარე სს ,,ე...ს“ შენობა წარმოადგენს დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს (ყოფ. ...ის ობიექტს) 1996 წლიდან. მოსარჩელეების ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში მდებარე სს ,,ე...ს“ ფართში დარეგისტრირება განხორციელებულია 1996 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში სხვადასხვა საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით, შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება სახელმწიფოს მიერ სრულდება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის გზით. ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ აღნიშნულ უძრავ შენობაში, არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ფართები ავტომატურად საკუთრებაში გადასცეს მათ.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სადავო უძრავი ქონების სს „ე...სათვის“ საკუთრებაში კანონშეუსაბამოდ აღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება. დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მითითება, რომ 1999 წელს საჯარო რეესტრის მიერ სადავო ქონების სს „ე...ს“ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვისათვის წარდგენილი არ იყო საკუთრების უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი. სასამართლოს მიერ მითითებული საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებს უძრავ ქონებაზე სს „ე...ს“ საკუთრების უფლებას. სს „ე...“ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად ჯერ კიდევ 1993 წელს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის 1992 წლის 10 სექტემბრის №147 ბრძანების კანონიერების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნა მიჩნეული, რაც ძალაშია, არ გაუქმებულა, მათ შორის, არც სახელმწიფოს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია უფლების დამდგენი დოკუმენტის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

კასატორები საკასაციო საჩივარში არ მიუთითებენ რაიმე რელევანტურ გარემოებას, რომელიც უძრავი ქონების სს „ე...ს“ სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის კანონიერებას გამორიცხავდა. გასაზიარებელია კასატორთა მითითება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებაზე და მთელ რიგ ნორმატიულ აქტებზე, რომლებითაც აღნიშნული უფლებაა განმტკიცებული, თუმცა წინამდებარე დავის საგანს კონკრეტული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის კანონიერება წარმოადგენს. შესაბამისად, კასატორებს სადავო რეგისტრაციის უკანონობა სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინათ. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 1994 წლისათვის, როდესაც განხორციელდა ტრესტ ,,ს...ს“ აქციონირება, სადავო უძრავი ქონება უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების ობიექტს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №56-ში მდებარე სს ,,ე...ს“ შენობა დევნილთა ...ის ობიექტად ფიქსირდება 1996 წლიდან. ამდენად, სადავო ტერიტორიის განკერძოება წინ უსწრებს მასში დევნილთა შესახლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორებს სადავოდ არ გაუხდიათ სს ,,ე...ს“ უფლების დამდგენი არცერთი დოკუმენტი. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, რეგისტრაციის - სახელმწიფოს მიერ სადავო ტერიტორიის სს ,,ე...სათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით განხორცილებეული მთელი რიგი ღონისძიებების თანმდევი შედეგის (საჯარო რეეტრში საკუთრებად რეგისტრაციის) ბათილად ცნობა მოსარჩელეთა სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა მასში მითითებული ყველა მოთხოვნის ნაწილში, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 16.08.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით მ. გ-ას მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ას, ი. ფ-ას, ლ. მ-ას, ირ. ფ-ას, ნ. ჭ-ას, ე. კ-ას, ლ. ყ-ის, რ. ნ-ას, რ. მ-ის, კ. ლ-ას, ქ. კ-ას, ი. კ-ას, ნ. ბ-ას, თ. ც-ას, ნ. ბ-ის, ნ. რ-ას, ს. კ-ას და მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება;

3. მ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე