Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1141(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მესამე პირი - სსიპ ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ 2020 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №... ა-ბ-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 5-ით (სზ-5) ცვლილების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის №20.426.533 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №... ა-ბ-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 5-ით (სზ-5) ცვლილების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქ.თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის N20.426.533 განკარგულება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორის კანონიერ უფლებას და ინტერესს. გასაჩივრებულ აქტში, ისევე როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაში, არ არის დასაბუთებული მ. გ-ას საკუთრების უფლების შეზღუდვა. გასაჩივრებული დოკუმენტები შეიცავს მხოლოდ მითითებას არგუმენტებზე, რაც რეალობას არ შეესაბამება და არ შეიცავს დასაბუთებას საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე, არ არის დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი, არ იკვეთება საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება.

კასატორის მითითებით, მ. გ-ას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა განაშენიანებულ ნაკვეთს, ხოლო 2019 წლამდე (ახალი გენგეგმის დამტკიცებამდე) არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებდა მშენებლობის განხორციელებასაც, თუმცა ახალი რეგულაციით მესაკუთრეს ზიანი მიადგა, ვინაიდან ახალი ზონირებით საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე აიკრძალა ყოველგვარი სახის მშენებლობის განხორციელება. მსგავს სიტუაციებში - მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება ითვალისწინებს სპეციალურ რეგულაციას (აქტის დანართი №6), რომლის მიხედვით, “ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი მესაკუთრის კანონიერი უფლება შესაძლებელია აღდგენილ იქნას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემით ან მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის გზით.“ კასატორი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ტერიტორია დაფარულია მხოლოდ მოუვლელობით გაველურებული კულტურული მცენარეებით და ეკალ-ბარდებით. ამასთან, არსებობს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედლები და შეუძლებელია, სათანადო შესწავლის შედეგად, მას სატყეო ზონა მინიჭებოდა.

მ. გ-ა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არის ზოგადი ხასიათის და არ ეფუძნება კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესწავლას. ამასთან, არ დგინდება განსახილველ მიწის ნაკვეთზე ტყის ზონისათვის დამახასიათებელი ნიშნები. პირიქით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ იგი შეიცავს მონაცემებს საცხოვრებელი ნაგებობისა და საცხოვრებლად ვარგისი ნაკვეთის ფუნქციური ზონის შესახებ, ასევე გასაჩივრებულ აქტში მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის ცვლილების არგუმენტად მოყვანილია ისეთი გარემოებები, რომელიც ეხება არა ტერიტორიის სივრცით კატეგორიასა და ფუნქციურ ზონას, არამედ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში შემავალ საკითხს (მაგ. საკითხი მიწის ნაკვეთის 20 გრადუსზე მეტი ოდენობით დახრასთან დაკავშირებით). გარდა ამისა, მოცემული არგუმენტი (მაღალი საშიშროების მქონე გეოდინამიკური საფრთხეების არეალი) ქარწყლდება იმითაც, რომ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ განთავსებულია სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებები, მათ შორის №... ბაგა-ბაღი, რომლის ღობემდე მანძილი მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან შეადგენს დაახლოებით 10 მეტრს, ხოლო უშუალოდ ბაღის შენობამდე დაახლოებით 45 მეტრს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრებიდან დაახლოებით 7 მეტრში მდებარეობს საწარმო ფართი შპს ,,ა...“. ამავე ორთოფოტოზე ჩანს, რომ მოსარჩელის ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა, გზის მეორე მხარეს არის კორპუსები და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება დაუსახლებელ თუ გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე.

კასატორის მითითებით, სტატუსი - „განაშენიანების კონტურს მიღმა“, თავისთავად არ ნიშნავს მშენებლობის განხორციელების ხელისშემშლელ გარემოებას და საკითხი განიხილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე, განსხვავებით სატყეო ზონისაგან, რომელიც სტატუსის დასაწყისშივე გამორიცხავს რაიმე სახის მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს უღრან ტყეში, როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე და სასამართლო წარმოაჩენს და არის განაშენიანებული ტერიტორიის მოსაზღვრე. ირგვლივ განლაგებულია არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, როგორიცაა ბაგა-ბაღი. კასატორი აღნიშნავს, რომ ნაკვეთზე ნანგრევების არსებობა არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის საპირწონე არგუმენტი, ვინაიდან მხარე სწორედ მშენებლობის განხორციელების შეუძლებლობას ხდის სადავოდ. საკუთრების უფლება კი საკუთარ თავში მოიცავს საკუთრების თავისუფალ ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას, რაც ნებისმიერ დროს აძლევს მესაკუთრეს მისი სურვილისამებრ გამოყენების შესაძლებლობას. მ. გ-ას მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის უძრავი ქონების რელიეფისა და გეოლოგიური მდგომარეობის ამსახველი რაიმე დოკუმენტაცია. ამასთან, სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მ. გ-ამ 2019 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს და მის საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №... ა-ბ-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სატყეო ზონის საცხოვრებელი ზონა 5-ით (სზ-5) ცვლილება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის №20.426.533 განკარგულებით მ. გ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა განაშენიანების კონტურს მიღმა. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. მოცემული შეზღუდვა ეყრდნობა ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და მისი კორექტირება შესაძლებელია მასშტაბით გათვალისწინებული ტექნიკური და გააზრებითი ცდომილების ხარისხის ფარგლებში, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. მოცემული საზღვრის კორექტირების მიღმა, ფუნდამენტური ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას კონცეპტუალურ დონეზე და შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტისა და მისი მიდგომების სისტემური რევიზიის პირობებში. ამასთან, საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ნაწილს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განაშენიანებული ტერიტორიების ათვისება დაიშვება მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მაღალი საშიშროების მქონე გეოდინამიკური საფრთხეების არეალში (ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილია (20%-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობის დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინრების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ-სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მუშავდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი კონკრეტული ტენდენციების გათვალისწინებით. სხვა მიზნებთან ერთად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ურბანული გარემოს პერმანენტული გაუარესების შეჩერებისა და თბილისის ისტორიულ-კულტურული, ლანდშაფტური, არქიტექტურულ-სივრცითი თავისებურების შენარჩუნებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებისათვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური განვითარებისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომ ზემოხსენებულ პროცესში - ტერიტორიის განვითარებისა და ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის საკითხში - ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ ფართო მიხედულების ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ურბანული განვითარების შეუქცევადობის გათვალისწინებით, კონკრეტული ტერიტორიებზე ფუნქციური ზონების ცვლილება გარდაუვალი პროცესია. ის გარემოება, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე 2014 წლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5), ავტომატურად არ გამორიცხავს ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას საკუთრების უფლების მნიშვნელობასა და მისი ხელშეუვალობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ მესაკუთრის ინტერესების დასაცავად კანონმდებელი ითვალისწინებს მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მესაკუთრეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საშუალებებს. კერძოდ, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №6 ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც უპირატესი საჯარო ინტერესის გამო, შეიძლება შეიზღუდოს კერძო ინტერესები. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება, მიღებული გადაწყვეტებით რიგ შემთხვევაში იზღუდება ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებები სამშენებლო პირობების გაუარესების თვალსაზრისით. საჯარო ინტერესის გამოკვეთილი უპირატესობა არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ზიანის ანაზღაურების საშუალებად უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ან/და ფულადი კომპენსაციის გაცემა. ამასთან, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №6 აგრეთვე ითვალისწინებს ზიანის ოდენობის დადგენის კონკრეტულ გზებს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან სადავო ტერიტორიას 2019 წელს დამტკიცებული გენერალური გეგმით მიენიჭა სატყეო ზონის კატეგორია, იგი ვეღარ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 13 აპრილის №20.426.533 განკარგულების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განკარგულება შეიცავს შესაბამის მითითებებს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც გამორიცხავს აღნიშნულ ნაკვეთზე სატყეო ზონის გაუქმებისა და საცხოვრებელი ზონის გავრცელების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო წესით შეისწავლა მ. გ-ას განცხადება და გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტო ადასტურებს, რომ სადავო ფართზე განთავსებულია ნანგრევები. ამასთან, ნაკვეთი მოქცეულია განაშენიანების კონტურს მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდებარედ არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, უძრავი ქონების რელიეფი და გეოლოგიური მდგომარეობა გამორიცხავს მომავალში მასზე მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მიწის ნაკვეთის მაღალი საშიშროების მქონე გეოდინამიკური საფრთხეების არეალში მდებარეობის შესახებ (ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილია (20%-ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობის დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინრების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით). რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხს, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტის სათანადო წესით დადასტურების შემთხვევაში, კანონმდებლობით გარანტირებულია მესაკუთრის უფლება ზიანის ანაზღაურების ან მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის მოთხოვნაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მ. გ-ას საკასაციო საჩივარზე 30.08.2022წ. №1661848030 საგადასახადო დავალებით თ. რ-იის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. თ. რ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. გ-ას საკასაციო საჩივარზე 30.08.2022წ. №1661848030 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა